გამოსვლა 24

აპრილი 18, 2015

ძველი აღთქმა
გამოსვლა

24 1 და მოსეს უთხრა: „ამოდით უფალთან შენ და აარონი, ნადაბი და აბიჰუ, და ისრაელის სამოცდაათი უხუცესი, და თაყვანი მეცით შორიდან. 2 და მარტო მოსე მიეახლოს უფალს და ისინი არ მიეახლონ, და ხალხი არ ამოყვეს მას.” 3 და მივიდა მოსე და მოუთხრო ხალხს ყოველი სიტყვა უფლისა და ყოველი მისი რჯულდება. და მიუგო მთელმა ხალხმა ერთხმად: „ყოველ სიტყვას, რომელიც წარმოთქვა უფალმა, შევასრულებთ.” 4 და დაწერა მოსემ ყოველი სიტყვა უფლისა, და ადგა დილაადრიანად, და ააშენა სამსხვერპლო მთის ძირას და თორმეტი სვეტი ისრაელის თორმეტი ტომის რიცხვისამებრ. 5 და წარავლინა მოსემ ჭაბუკი ისრაელის ძენი და აღუვლინეს სრულადდასაწველნი, და დაკლეს მოზვრები სამშვიდობო მსხვერპლად უფლისათვის. 6 აიღო მოსემ ნახევარი სისხლი და ჩაასხა თასებში, და ნახევრით აპკურა სამსხვერპლოს. 7 და აიღო აღთქმის წიგნი, და წაიკითხა ხალხის გასაგონად, და მათ თქვეს: „ყოველივეს, რაც უფალმა თქვა, გავაკეთებთ და ვიქნებით მორჩილნი.” 8 და აიღო მოსემ სისხლი და აპკურა ხალხს და თქვა: „აჰა, სისხლი აღთქმისა, რომელიც დაგიდოთ უფალმა თქვენ, ყველა ამ სიტყვისამებრ.” 9 და ავიდნენ მოსე და აარონი, ნადაბი და, აბიჰუ, და ისრაელის სამოცდაათი უხუცესი. 10 და მათ იხილეს ღმერთი ისრაელისა; და იყო მის ფეხთა ქვეშ რაღაც მსგავსი საფირონის ქვაფენილისა და ზეცასავით სუფთა. 11 ისრაელის ძეთაგან რჩეულებზე არ გაუწვდია ხელი: მათ იხილეს ღმერთი და ჭამეს და სვეს. 12 და უთხრა უფალმა მოსეს: „ამოდი ჩემთან მთაზე და იყავი იქ. და მოგცემ შენ ქვის დაფებს, და რჯულსა და მცნებას, მათ დასამოძღვრად რომ დავწერე.” 13 და ადგნენ მოსე და იესო, მსახური მისი, და წავიდა მოსე ღვთის მთაზე. 14 და უთხრა უხუცესებს: დაგველოდეთ ჩვენ აქ, ვიდრე დავბრუნდებით თქვენთან. და აჰა, აარონი და ხური თქვენთან არიან. ვისაც საქმე ექნება, მივიდეს მათთან.” 15 და ავიდა მოსე მთაზე და დაფარა მთა ღრუბელმა. 16 და დაივანა უფლის დიდებამ სინაის მთაზე და ფარავდა ღრუბელი მას ექვს დღეს. და მოუხმო მან მოსეს მეშვიდე დღეს შუაგულ ღრუბლიდან. 17 და სახე უფლის დიდებისა ისრაელიანთა თვალში იყო, როგორც ცეცხლი მოგიზგიზე მთის მწვერვალზე. 18 და შევიდა მოსე შუაგულ ღრუბელში, და ავიდა მთაზე. და იყო მოსე მთაზე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე.

თავი ოცდამესამე                                                                                                                            თავი ოცდამეხუთე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close