HomeUncategorized

გამოსვლა 30

ძველი აღთქმა
გამოსვლა
30 1 და გააკეთე სამსხვერპლო საკმევლის საკმევად. აკაციის ხეებისგან გააკეთე იგი. 2 იყოს მისი სიგრძე წყრთა და წყრთა – მისი სიგანე. ოთხკუთხედი იყოს და ორი წყრთა სიმაღლით. მისგანვე იყოს მისი რქები. 3 და მოავარაყე იგი წმიდა ოქროთი, მისი სახურავი და მისი კედლები ირგვლივ, და მისი რქები. და გაუკეთე მას ოქროს გვირგვინი ირგვლივ. 4 ორი ოქროს რგოლი გაუკეთე გვირგვინის ქვემოთ, მის ორთავე გვერდზე. და იქნება ისინი კეტების გასაყრელად, რათა ატარონ იგი მისი მეშვეობით. 5 და გააკეთე კეტები აკაციის ხეებისაგან და მოავარაყე ისინი ოქროთი. 6 და მოათავსე ფარდის წინ, რომელიც მოწმობის კიდობანზეა, თავსარქვლის პირისპირ, რომელიც მოწმობაზეა, სადაც მე გამოგეცხადები შენ. 7 და მოაკმევს მასზე აარონი კეთილსურნელების საკმეველს. დილდილობით, კანდელთა დამზადების ჟამს აკმიოს იგი. 8 და რაჟამს აანთებს აარონი კანდელებს მწუხრის ჟამს, აკმიოს იგი. ეს მუდმივი საკმეველია უფლის წინაშე თქვენს თაობებში. 9 არ მიიტანოთ მასზე რაიმე სხვა საკმეველი, არც სრულადდასაწველი და არც ძღვენი, და საღვრელს ნუ დაღვრით მასზე. 10 და შეასრულებს გამოსყიდვას აარონი მის რქებზე წელიწადში ერთხელ. ცოდვის გამოსასყიდი სისხლით წელიწადში ერთხელ გამოისყიდის მასზე თქვენს თაობებში. წმიდათა წმიდაა იგი უფლისათვის.” 11 და უთხრა უფალმა მოსეს: 12 „როცა ჩაატარებ ისრაელის ძეთა საყოველთაო აღრიცხვას მათ დასათვლელად, მაშინ მისცეს თითოეულმა გამოსასყიდი თავისი სულისა უფალს მათი აღრიცხვისას, და არ გაჩნდება მათში ჭირი მათი აღრიცხვისას. 13 ყველამ, ვინც გაივლის აღრიცხვას, გაიღოს ნახევარი შეკელი საწმიდარის შეკელისა, რომელიც იწონის ოც გერას: ნახევარშეკელი შესაწირავია უფლისა. 14 ყველამ ვინც გაივლის აღრიცხვას, ოცი წლიდან და ზემოთ, მისცეს შესაწირავი უფალს. 15 მდიდარმა არ გადაამეტოს და ღარიბმა არ დააკლოს ნახევარ შეკელს: უნდა მისცეს შესაწირავი უფალს, თქვენს სულთა გამოსასყიდად. 16 და აიღე გამოსასყიდი ვერცხლი ისრაელის ძეთაგან, და მიეცი ის საკრებულო კარვის სამსახურისათვის. და ეს იქნება ისრაელის ძეთათვის სამახსოვროდ უფლის წინაშე თქვენს სულთა გამოსასყიდად”. 17 და უთხრა უფალმა მოსეს: 18 „გააკეთე სპილენძის საბანელი და მისი სპილენძის კვარცხლბეკი. და დადგი იგი საკრებულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის, და ჩაასხი შიგ წყალი. 19 და აარონმა და მისმა ძეებმა დაიბანონ მასში ხელები და ფეხები. 20 საკრებულო კარავში შესვლისას დაიბანონ წყლით, რათა არ დაიხოცონ, ანდა, როცა მივლენ სამსხვერპლოსთან მსახურებისთვის, უფლის საცეცხლო შესაწირავის საკმევად. 21 და დაიბანონ ხელები და ფეხები, რათა არ დაიხოცონ. და იყოს მათთვის საუკუნო წესად, მისთვის და მისი შთამომავლობისთვის მათ თაობებში”. 22 და უთხრა უფალმა მოსეს: 23 „აიღე შენთვის საუკეთესო სურნელებანი: სუფთა მური ხუთასი შეკელი და სურნელოვანი დარიჩინი მისი ნახევარი – ორას ორმოცდაათი, და სურნელოვანი ლერწამი – ორას ორმოცდაათი. 24 კასია საწმიდრის ხუთასი შეკელისა და ერთი ჰინი ზეთი ზეთისხილისა. 25 და გააკეთე მისგან წმიდა ზეთი, ნელსაცხებელი, მენელსაცხებლის ხელოვნებით შეზავებული. წმიდა ზეთი იქნება იგი. 26 და სცხე იგი საკრებულო კარავს და მოწმობის კიდობანს, 27 და ტაბლას და ყოველ მის ჭურჭელს, და სასანთლეს და ყოველ მის ჭურჭელს, და საკმევლის სამსხვერპლოს, 28 და სრულადდასაწველთა სამსხვერპლოს და ყოველ მის ჭურჭელს, და საბანელს და მის კვარცხლბეკს. 29 და განწმიდე ისინი და ყველა გახდება წმიდათა წმიდა. ვინც მას ხელს შეახებს, განიწმიდება. 30 და სცხე აარონსა და მის ძეებს, და განწმიდე ისინი, რათა მღვდლობა გამიწიონ. 31 ისრაელის ძეთ კი უთხარი, რომ ეს იქნება ჩემთვის წმიდა საცხებელი ზეთი თქვენს თაობებში. 32 ადამიანის სხეულს არ მოეცხოს, და მის მსგავს ნაზავს ნუ გააკეთებთ. წმიდაა იგი, სიწმიდე იყოს თქვენთვის. 33 ვინც შეაზავოს მისი მსგავსი და ვინც სცხოს იგი უცხოს, მოიკვეთოს თვისი ერისაგან”. 34 და უთხრა უფალმა მოსეს: „აიღე შენთვის სურნელებანი: შტახსი, ონიქსი, ხელბანა. სურნელებანი და წმიდა გუნდრუკი უნდა თანასწორად იყოს. 35 და გააკეთე მათგან საკმევლის ნაზავი, ნელსაცხებელი მენელსაცხებლის ხელოვნებით ქმნილი, მარილნარევი, სუფთა, წმიდა. 36 და დანაყე წვრილად, და დადე მოწმობის წინ საკრებულო კარავში, სადაც გამოგეცხადები შენ. წმიდათა წმიდა იყოს ეს თქვენთვის. 37 საკმეველს, რომელსაც შენ გააკეთებ ამ ნაზავით, ნუ გაიკეთებთ თქვენთვის. წმიდად გქონდეს იგი შენთან უფლისათვის. 38 ვინც გააკეთებს მის მსგავსს საყნოსავად, მოიკვეთოს თვისი ერიდან”.
თავი ოცდამეცხრე                                                                                                                    თავი ოცდამეთერთმეტე

COMMENTS