ძველი აღთქმა
გამოსვლა
171 და აიყარა ისრაელის ძეთა მთელი თემი სინის უდაბნოდან სამგზავროდ, უფლის ბრძანებისამებრ, და დაიბანაკეს რეფიდიმში. და არ აღმოჩნდა სასმელი წყალი ხალხისათვის. 2 და წაეჩხუბა ხალხი მოსეს, და უთხრეს: „მოგვეცით ჩვენ წყალი, რომ დავლიოთ.” და უთხრა მათ მოსემ: „რას მეჩხუბებით? რად ცდით უფალს?” 3 და სწყუროდა იქ ხალხს წყალი, და დრტვინავდა ხალხი მოსეზე და ამბობდა: „რისთვის გამოგვიყვანე ჩვენ ეგვიპტიდან? ჩვენი, ჩვენი შვილებისა და ჩვენი ჯოგის წყურვილით დასახოცად?” 4 და შეღაღადა მოსემ უფალს ასე: „რა ვუყო ამ ხალხს? ცოტაც, და ჩამქოლავენ.” 5 და უთხრა უფალმა მოსეს: „ჩაიარე ხალხის წინ, წაიყვანე ისრაელის უხუცესნი და შენი კვერთხი, რომელიც დაჰკარი მდინარეს, აიღე ხელში, და წადი. 6 და მე ვიდგები შენს წინ იქ, ხორების კლდეზე. და შენ დაჰკარი კლდეს და გადმოვა მისგან წყალი, და დალევს ხალხი.” და მოსემ გააკეთა ეს ისრაელის უხუცესთა თვალწინ. 7 და უწოდა სახელად იმ ადგილს მასა და მერიბა, ისრაელის ძეთა ჩხუბის გამო და უფლის გამოცდის გამო, როცა თქვეს: „არის ჩვენს შორის უფალი თუ არ არის?” 8 და მოვიდა ყამალეკი, და შეებრძოლა ისრაელს რეფიდიმში. 9 და უთხრა მოსემ იესოს: „გამოგვირჩიე კაცები და გადი, შეებრძოლე ყამალეკს. ხვალ მე გადმოვდგები ბორცვის თავზე და ღვთის კვერთხი მეჭირება ხელში.” 10 და გააკეთა იესომ, როგორც მოსემ უთხრა მას, რომ შებრძოლებოდა ყამალეკს. მოსე, აარონი და ხური ავიდნენ ბორცვის თავზე. 11 და იყო, როცა მაღლა აღაპყრობდა მოსე ხელს, სძლევდა ისრაელი. და როცა დაბლა დაუშვებდა ხელს, სძლევდა ყამალეკი. 12 და დაუმძიმდა მოსეს ხელები. და აიღეს ლოდი და შეუდგეს ქვეშ, და ჩამოჯდა მასზე. ხოლო აარონმა და ხურმა შეაშველეს მას ხელები, ერთმა ერთი მხრიდან და მეორემ მეორე მხრიდან. და იყო მისი ხელები უდრეკი მზის ჩასვლამდე. 13 და დაამარცხა იესომ ყამალეკი და მისი ხალხი მახვილის პირით. 14 და უთხრა უფალმა მოსეს: „ჩაწერე ეს სამახსოვროდ წიგნში და ჩაასმინე იესოს, რომ მოსპობით მოვსპობ ყამალეკის სახსენებელს ცისქვეშეთიდან.” 15 და ააშენა მოსემ სამსხვერპლო, და უწოდა მას სახელად: „უფალი ბაირაღია ჩემი.” 16 და თქვა მან: „რადგან ხელი უფლის ტახტზეა. ომი აქვს უფალს ყამალეკთან თაობიდან თაობამდე.”