ძველი აღთქმა
გამოსვლა
22 1 „თუ ვინმემ მოიპაროს ხარი ან კრავი და დაკლას ან გაყიდოს, ხუთი მსხვილფეხა საქონელი უნდა გადაიხადოს ხარის წილ, და ოთხი წვრილფეხა საქონელი კრავის წილ. 2 თუ სახლის გამოთხრაზე წაასწრებენ ქურდს და სცემენ ისე, რომ მოკვდება, მაშინ ეს სისხლი არ მოეკითხება. 3 მაგრამ თუ მზემ მოუსწრო მას, სისხლი მოეკითხება. გადახდით გადაიხადოს ქურდმა და, თუ არა აქვს გადასახდელი, გაყიდონ იგი ქურდობისთვის. 4 თუ მოპარული ცოცხლად აღმოაჩნდება ხელში, ხარი იქნება, სახედარი თუ ცხვარი, ერთიორად უნდა გადაიხადოს. 5 თუ ვინმემ წაახდინოს მდელო ან ვენახი და გაუშვას თავისი საქონელი, და მოაძოვოს სხვისი მდელო, თავის საუკეთესო მდელოთაგან და საუკეთესო ვენახებიდან უნდა უზღოს. 6 თუ ცეცხლი გამოვარდეს, ეკალს მოედოს და გადაწვას ზვინი ან თავთავი ან მდელო, უნდა გადაიხადოს ხანძრის გამჩაღებელმა. 7 თუ ვინმემ თავის მოყვასს ფული ან ჭურჭელი მიაბაროს და ეს მოპარულ იქნეს იმ კაცის სახლიდან, თუ აღმოჩნდება ქურდი, მან ერთიორად გადაიხადოს. 8 ხოლო თუ არ აღმოჩნდება ქურდი, ეახლოს სახლის პატრონი მსაჯულებს და დაიფიცოს, რომ არ წასცდენია ხელი თავისი მოყვასის ქონებაზე. 9 ბრალდების ყოველგვარი მიზეზის გამო: ხარისა და სახედრის შესახებ, კრავისა და სამოსლის შესახებ, ყოველგვარი დანაკარგის შესახებ, რომელზეც ვინმე იტყვის, ჩემი არისო, მსაჯულებამდე მივიდეს ორივეს საქმე. ვისაც მსაჯულები გაამტყუნებენ, ის გადაუხდის ერთიორად თავის მოყვასს. 10 თუ ვინმე მიაბარებს თავის მოყვასს სახედარს, ხარს ან კრავს და რაიმე საქონელს, და თუ ის მოკვდა ან დაშავდა, ან მოიტაცეს და მნახველი არავინ იქნა, 11 უფლის წინაშე ფიცი იყოს ორივეს შორის, რომ არ წასცდენია ხელი თავისი მოყვასის საკუთრებაზე. და მიიღოს ეს პატრონმა და იგი არ გადაიხდის. 12 ხოლო თუ მოპარავენ მას, გადაუხადოს მის პატრონს. 13 თუ მას მხეცი დაგლეჯით დაგლეჯს, წარმოადგინოს დაგლეჯილი დასამოწმებლად, და არ გადაიხდის. 14 და თუ ვინმემ ითხოვოს თავისი მოყვასისგან პირუტყვი და ის დაშავდეს ან მოკვდეს, და მისი პატრონი იქ არ იყოს, გადახდით გადაიხადოს, 15 მაგრამ თუ მისი პატრონი იქ იყო, არ გადაიხდის. თუ ქირის კაცია, ქირიდან გამოექვითება. 16 თუ ვინმემ შეაცდინოს ქალწული, რომელიც დანიშნული არაა, და დაწვეს მასთან, მაშინ ურვადით უნდა შეირთოს ცოლად. 17 თუ ქალიშვილის მამა უარზე დადგეს და მას არ მიათხოვოს, ვერცხლი მიუწონოს ამ კაცმა, როგორც ქალწულობის ურვადი. 18 ჯადოქარს ნუ აცოცხლებ. 19 ყველა, ვინც დაწვება პირუტყვთან, სიკვდილით მოკვდეს. 20 ვინც ერთი უფლის გარდა სხვა ღმერთებს შესწიროს მსხვერპლი, უნდა განადგურდეს. 21 ხიზანს ნუ დაჩაგრავ და ნუ შეავიწროვებ, რადგან ხიზნები იყავით თქვენც ეგვიპტის ქვეყანაში. 22 არ დაჩაგრო ქვრივი და ობოლი. 23 თუ ჩაგვრით დაჩაგრავ, შემომღაღადებენ ისინი და სმენით მოვისმენ მათ ღაღადისს, 24 და აინთება ჩემი რისხვა, და მოგკლავთ თქვენ მახვილით, და დაქვრივდებიან თქვენი ცოლები და დაობლდებიან თქვენი შვილები. 25 თუ ვერცხლს ასესხებ ვინმეს ჩემი ხალხიდან, შენთან მყოფ ღარიბ-ღატაკს, ნუ შეავიწროვებ მას და ნუ დააკისრებ ვახშის გადახდას. 26 თუ გირაოდ აიღებ შენი მოყვასის მოსასხამს, მზის ჩასვლამდე დაუბრუნე მას, 27 რადგან ის ერთადერთი საფარველია მისი. იგი მისი სხეულის მოსასხამია, რითი დაწვეს? და იქნება, როცა შემომღაღადებს, მე მოვისმენ, რადგან მოწყალე ვარ. 28 ღმერთს ნუ დაგმობ და შენი ხალხის მთავარს ნუ დასწყევლი. 29 შენი კალოს პირველნაყოფი და შენი საწნახლის პირველდაწურული არ დამიგვიანო. პირმშო შენს ძეთაგან მე მომეცი. 30 ეგევე გააკეთე შენს ხარზე და შენს ცხვარზე. შვიდი დღე იყოს თავის დედასთან, ხოლო მერვე დღეს მომეცი მე. 31 წმიდა ხალხი უნდა იყოთ ჩემთვის: ხორცი, მინდორში ნამხეცავი, არ ჭამოთ, ძაღლს მიუგდეთ.”