ძველი აღთქმა
გამოსვლა
181 და გაიგო ითრომ, მიდიანის მღვდელმა, მოსეს სიმამრმა, ყოველი, რაც გაუკეთა ღმერთმა მოსესა და ისრაელს, თავის ხალხს, როცა გამოიყვანა უფალმა ისრაელი ეგვიპტიდან. 2 და წამოიყვანა ითრომ, მოსეს სიმამრმა, ციფორა, მოსეს ცოლი, რომელიც გაბრუნებული ჰყავდა მას მანამდე, 3 და ციფორას ორი ძე, რომელთაგან ერთის სახელი იყო გერშომი, რადგან თქვა: „ხიზანი ვიყავი მე უცხო ქვეყანაში.” 4 და სახელი მეორისა იყო ელიეზერი, რადგან „ღმერთი მამაჩემისა შემეწია და დამიხსნა მე ფარაონის მახვილისგან.” 5 და მივიდნენ ითრო, სიმამრი მოსესი, და მისი ძენი, და მისი ცოლი მოსესთან უდაბნოში, სადაც ის დაბანაკდა ღვთის მთასთან. 6 და შეატყობინა მოსეს: „მე ვარ შენი სიმამრი ითრო, მოვდივარ შენთან, და შენი ცოლი და მისი ორი ძე მასთან ერთად არიან.” 7 და გავიდა მოსე თავისი სიმამრის შესახვედრად, და თაყვანისცა და ეამბორა მას, და მოიკითხეს ურთიერთი და შევიდნენ კარავში. 8 და მოუთხრო მოსემ თავის სიმამრს ყველაფერი, რაც გაუკეთა უფალმა ფარაონსა და ეგვიპტელებს ისრაელის გამო, და ყველა იმ გასაჭირზე, რაც მათ გზაზე შეემთხვათ, და როგორ იხსნა უფალმა ისინი. 9 და გაიხარა ითრომ იმ სიკეთისათვის, რაც უყო უფალმა ისრაელს, როცა იხსნა ეგვიპტელთა ხელიდან. 10 და თქვა ითრომ: „კურთხეულია უფალი, რომელმაც გიხსნათ თქვენ ეგვიპტელთა ხელიდან და ფარაონის ხელიდან, და, რომ იხსნა ეს ხალხი ეგვიპტელთა ხელიდან. 11 ახლა კი გავიგე, რომ დიდია უფალი ყველა ღმერთზე. ეს გამოჩნდა, როცა ისინი კადნიერად ქედმაღლობდნენ მათზე. 12 და აიღო ითრომ, მოსეს სიმამრმა, სრულადდასაწველი და საკლავები ღვთისათვის, და მივიდნენ აარონი და ისრაელის ყველა უხუცესი პურის საჭმელად მოსეს სიმამრთან ღვთის წინაშე. 13 მეორე დღეს კი დაჯდა მოსე ხალხის განსასჯელად. და იდგა ხალხი მოსეს წინაშე დილიდან საღამომდე. 14 და დაინახა მოსეს სიმამრმა ყველაფერი, რასაც აკეთებდა ის ხალხისთვის და უთხრა: „ამას რას უკეთებ ხალხს? რად ზიხარ შენ მარტო, მთელი ხალხი კი დგას შენთან დილიდან საღამომდე?” 15 და უთხრა მოსემ თავის სიმამრს: „ხალხი ჩემთან მოდის ღვთისთვის მსჯავრის საკითხავად. 16 და როცა მათ რამე საქმე აქვთ, მოდიან ჩემთან, და მეც განვსჯი დავას კაცსა და მის ახლობელს შორის, და ვაუწყებ მათ ღვთის წესსა და მის რჯულს.” 17 და უთხრა მოსეს მისმა სიმამრმა: „არ არის კარგი, რასაც შენ აკეთებ. 18 დაუძლურდებით შენცა და ეს ხალხიც, რომელიც შენთან არის, რადგან მძიმეა შენთვის ეს საქმე, ვერ შეძლებ მარტო შენ ამის კეთებას. 19 ახლა ისმინე ჩემი ხმა: გირჩევ, და ღმერთი იყოს შენთან. იყავი ხალხის შუამავალი ღვთის წინაშე და წარუდგინე ღმერთს საქმეები. 20 და განუმარტე მათ წესები და რჯული, მიუთითე მათ გზა, რომლითაც უნდა იარონ, და საქმეები, რომელნიც უნდა აკეთონ. 21 და ამოარჩიე მთელი ხალხიდან უნარიანი კაცები, ღვთისმოშიშნი, პატიოსანი კაცები, ანგარების მოძულენი, და დაუნიშნე ისინი მათ ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად. 22 და განსაჯონ ხალხი ყოველ დროს. და იქნება, ყოველ დიდ საქმეს შენთან მოიტანენ, ყოველ მცირე საქმეს კი თავად განსჯიან. შენც შეგიმსუბუქდება და მათაც შენთან ერთად იტვირთონ. 23 და თუ ასე გააკეთებ და ღმერთიც გიბრძანებს, მაშინ შენც გაუძლებ, და მთელი ეს ხალხიც თავის ადგილზე მივა მშვიდობით.” 24 და ისმინა მოსემ თავისი სიმამრის ხმა და გააკეთა ყოველივე, რაც მან უთხრა. 25 და ამოარჩია მოსემ უნარიანი კაცები მთელი ისრაელიდან და დაუნიშნა ისინი მეთაურებად ხალხს: ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად. 26 და განსჯიდნენ ხალხს ყოველ დროს. დიდი საქმე მიჰქონდათ მოსესთან, ხოლო ყოველ მცირე საქმეს თავად განსჯიდნენ. 27 და გაისტუმრა მოსემ თვისი სიმამრი, და წავიდა ის თავის ქვეყანაში.