HomeUncategorized

გამოსვლა 13

ძველი აღთქმა
გამოსვლა

131 და უთხრა უფალმა მოსეს: 2 „შემომწირე ყოველი პირმშო, ყოველი საშოს გამღები ისრაელის ძეთაგან, ადამიანთაგან ვიდრე პირუტყვამდე ჩემია იგი” 3 და უთხრა მოსემ ხალხს: „გახსოვდეთ ის დღე, როცა გამოხვედით ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან, რადგან ძლიერი ხელით გამოგიყვანათ თქვენ უფალმა იქედან. და არ ჭამოთ საფუარიანი. 4 დღეს გამოდიხართ თქვენ, აბიბის თვეში. 5 და იქნება, როცა შეგიყვანს შენ უფალი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ხიველთა და იებუსეველთა ქვეყანაში, რომელთა გამოც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს, რომ მოგცემდა ქვეყანას, სადაც მოედინება რძე და თაფლი, შეასრულე ეს სამსახური ამ თვეში. 6 შვიდი დღე ჭამე ხმიადი და მეშვიდე დღეს უფლის დღესასწაულია. 7 ხმიადი ჭამეთ შვიდი დღე და ნუ გამოჩნდება შენთან საფუარიანი, და ნუ გამოჩნდება შენთან საფუარი მთელ შენს მიწა-წყალზე. 8 და იმ დღეს ასე უთხარი შენს შვილს: ეს იმისთვის, რაც გამიკეთა უფალმა ეგვიპტიდან ჩემი გამოსვლისას. 9 და გქონდეს ნიშნად ხელზე და თვალებს შორის სამახსოვროდ, რათა უფლის რჯული იყოს შენს ბაგეზე, რადგან ძლიერი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან. 10 და დაიცავი ეს წესი თავის დროზე, წლიდან წლამდე. 11 და იქნება, როცა შეგიყვანს უფალი ქანაანის ქვეყანაში, როგორც შემოგფიცათ შენ და შენს მამებს, და მოგცემს მას შენ, – 12 გამოყავი ყოველი საშოს გამღები უფლისათვის და ყოველი პირუტყვის პირველმონაგებიდან, რომელიც შენ გეყოლება, მამალი, უფლისაა. 13 და ყოველი პირველმოგებული სახედარი გამოისყიდე კრავით. და თუ არ გამოისყიდი, ქედი გადაუმტვრიე. და ყოველი პირმშო ადამიანისა, შენს ძეთაგან, გამოისყიდე. 14 და როცა შეგეკითხება მერე შენი შვილი და გეტყვის: ‘რა არის ეს?’, მაშინ უთხარი მას: ‘ძლიერი ხელით გამოგვიყვანა ჩვენ უფალმა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან. 15 და იყო, როცა ფარაონი გვაბრკოლებდა გამოსვლისგან, მოკლა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ადამიანის პირმშოდან პირუტყვის პირმშომდე. ამიტომ ვწირავ უფალს ყოველ პირველმოგებულ მამალს, ხოლო ყოველ ჩემს პირმშოს გამოვისყიდი.’ 16 და გქონდეს ნიშნად ხელზე და მონახაზად შენს თვალთა შორის, რადგან ძლიერი ხელით გამოგვიყვანა ჩვენ უფალმა ეგვიპტიდან.” 17 და როცა გაუშვა ფარაონმა ხალხი, ღმერთმა არ წაიყვანა ისინი ფილისტიმელების ქვეყნის გზით, რადგან ახლოს იყო იგი, რადგან თქვა ღმერთმა: „რათა არ გადაიფიქროს ხალხმა ბრძოლის დანახვაზე და არ დაბრუნდეს ეგვიპტეში.” 18 და შემოატარა ღმერთმა ხალხი უდაბნოს გზით მეწამული ზღვისაკენ. შეიარაღებულნი გამოვიდნენ ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან. 19 და თან წამოიღო მოსემ იოსების ძვლები, რადგან იოსებს ფიცით დაფიცებული ჰყავდა ისრაელის ძენი: „როცა მოხედვით მოგხედავთ ღმერთი, თან წაიღეთ ჩემი ძვლები აქედან.” 20 და აიყარნენ სუქოთიდან და დაიბანაკეს ყეთამში, უდაბნოს პირას. 21 და უფალი უძღოდა მათ წინ დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად, ღამით კი ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად, რათა ევლოთ დღითა და ღამით. 22 არ მოშორებია ხალხს ღრუბლის სვეტი დღისით და ცეცხლის სვეტი ღამით.

თავი მეთორმეტე                                                                                                                            თავი მეთოთხმეტე

COMMENTS