HomeUncategorized

გამოსვლა 12

ძველი აღთქმა
გამოსვლა

121 და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ეგვიპტის ქვეყანაში: 2 „ეს თვე იყოს თქვენთვის თვეების დასაბამი. პირველი იყოს ის თქვენთვის წელიწადის თვეებში. 3 უთხარით ისრაელის მთელ თემს ასე: ‘ამ თვის მეათე დღეს აიყვანოს თითოეულმა თითო კრავი საგვარეულოზე, თითო კრავი სახლზე. 4 და თუ სახლი მცირეა კრავის შესაჭმელად, მაშინ მან და მისი კარის მეზობელმა სულადობისამებრ აიყვანონ. ვინ რამდენს შეჭამს, იმის მიხედვით ივარაუდეთ კრავზე. 5 ცხოველი საღი, მამალი, ერთწლიანი იყოს. ცხვართაგან ან თხათაგან აიყვანთ მას. 6 და შენახული გყავდეთ ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე, და დაკლას იგი ისრაელის თემის მთელმა კრებულმა მწუხრის ჟამს. 7 და აიღონ მისი სისხლი და წააცხონ იმ სახლის კარის ორივე წირთხლსა და ზედა ძელს, სადაც ჭამენ მას. 8 და ჭამონ ხორცი იმ ღამეს, ცეცხლზე შემწვარი. ხმიადებით და მწარე მწვანილით ჭამონ იგი. 9 არ ჭამოთ მისგან უმი ან წყალში მოხარშული, არამედ ცეცხლზე შემწვარი, თავფეხიანად და შიგნეულიანად. 10 და ნუ მოირჩენთ მისგან დილამდე. და თუ მორჩა მისგან დილამდე, ცეცხლში დაწვით. 11 და ასე ჭამეთ იგი: წელი შემორტყმული გქონდეთ სარტყლით, ფეხსაცმელი ფეხთ გეცვათ და კვერთხი ხელში გეჭიროთ, და ჭამეთ იგი ჩქარა. ეს პასექია უფლისთვის. 12 და მე ჩავივლი ეგვიპტის ქვეყანაზე ამ ღამეს და მოვაკვდინებ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში, ადამიანიდან პირუტყვამდე, და ეგვიპტის ყოველ ღმერთს განვიკითხავ. მე ვარ უფალი. 13 და იყოს ის სისხლი თქვენთვის ნიშნად სახლებზე, სადაც თქვენ იმყოფებით. დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით და არ იქნება თქვენში დამღუპველი სენი, როცა გავწყვეტ ეგვიპტის ქვეყანას. 14 იყოს ეს დღე თქვენთვის სამახსოვროდ და იდღესასწაულეთ იგი, როგორც დღესასწაული თქვენი უფლისა თქვენს თაობებში. საუკუნო წესად იდღესასწაულეთ იგი. 15 შვიდი დღე ხმიადი ჭამეთ. პირველი დღიდანვე მოიცილეთ საფუარი სახლებიდან, რადგან ვინც შეჭამს საფუარს, პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე, მოიკვეთება ის სული ისრაელიდან. 16 პირველ დღეს წმიდა კრებაა და მეშვიდე დღესაც წმიდა კრება გექნებათ. არავითარი საქმე არ გააკეთოთ იმ დღეებში. რაც ეჭმევა ყოველ სულიერს, მარტო ის გაკეთდეს. 17 და დაიცავით უფუარობა, რადგან ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან. და დაიცავით ეს დღე თქვენს თაობებში საუკუნო წესად. 18 პირველი თვის მეთოთხმეტე დღის საღამოდან ჭამეთ ხმიადი იმავე თვის ოცდამეერთე დღის საღამომდე. 19 შვიდი დღე საფუარი არ იპოვებოდეს თქვენს სახლებში, რადგან ვინც საფუარიანს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელის თემიდან – ხიზანი იქნება ის თუ ქვეყნის მკვიდრი. 20 საფუარიანი არაფერი ჭამოთ. ყოველ თქვენს საცხოვრებელში ხმიადი ჭამეთ.” 21 და მოუხმო მოსემ ისრაელის ყოველ უხუცესს და უთხრა მათ: „გაიყვანეთ წვრილფეხა საქონელი თქვენ თქვენი საგვარეულოებისათვის და დაკალით პასექი. 22 და აიღეთ უსუპის კონა და ამოაწეთ სისხლში, რომელიც ჯამშია, და წააცხეთ კარის ზედა ძელსა და ორივე წირთხლს სისხლი, რომელიც ჯამშია. არავინ არ გამოხვიდეთ თქვენი სახლის კარიდან დილამდე. 23 და ჩაივლის უფალი ეგვიპტის შესამუსრად და იხილავს სისხლს კარის ზედა ძელზე და ორივე წირთხლზე და გვერდს აუვლის უფალი თქვენს კარს და არ შემოუშვებს დამღუპველს თქვენს სახლებში შესამუსრავად. 24 და წესად დაიცავით ეს შენთვის და შენს შვილთათვის უკუნისამდე. 25 და როცა მიხვალთ ქვეყანაში, რომელსაც მოგცემთ თქვენ უფალი, როგორც მან ილაპარაკა, დაიცავით თქვენ ეს მსახურება. 26 და იქნება, რომ გეტყვიან თქვენი შვილები: ‘ეს რა მსახურება გაქვთ?’ 27 და ეტყვით თქვენ: ‘ეს არის პასექის მსხვერპლი უფლისათვის, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელის ძეთა სახლებს ეგვიპტეში, როცა შემუსრა მან ეგვიპტე და ჩვენი სახლები კი გადაარჩინა.’” და მუხლი მოიყარა ხალხმა და თაყვანი სცა. 28 და წავიდნენ და გააკეთეს ისრაელის ძეთ. როგორც უფალმა უბრძანა მოსეს და აარონს, ისე გააკეთეს. 29 და იყო, შუაღამით შემუსრა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაზე, თავის ტახტზე მჯდომი ფარაონის პირმშოდან პირმშომდე იმ ტყვისა, საპყრობილეში რომ იჯდა, და ყოველი პირუტყვის პირველმოგებული. 30 და ადგა ფარაონი ღამით, თვითონ და ყველა მისი მსახური, და ყველა ეგვიპტელი, და იყო დიდი გოდება ეგვიპტეში, რადგან არ იყო სახლი, სადაც მკვდარი არ ყოფილიყო. 31 და მოიხმო მოსე და აარონი ღამით, და უთხრა მათ: „ადექით, გადით ჩემი ხალხისგან, თქვენ და ისრაელის ძენი. წადით, ემსახურეთ უფალს, როგორც თქვით. 32 თქვენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი წაასხით, როგორც თქვით, და წადით. და მაკურთხეთ მე.” 33 და აიძულებდნენ ეგვიპტელნი ხალხს, რომ სწრაფად გასულიყვნენ ქვეყნიდან. რადგან ამბობდნენ ისინი: „ყველანი დავიხოცებით.” 34 და წაიღო ხალხმა თავისი ცომი ვიდრე გაფუვდებოდა, და თავიანთ სამოსელში გამოკრული ვარცლები ზურგზე ეკიდათ. 35 და გააკეთეს ისრაელის ძეთ მოსეს სიტყვისამებრ, და ითხოვეს ეგვიპტელთაგან ჭურჭელი ვერცხლისა და ჭურჭელი ოქროსი, და სამოსელი. 36 წყალობა მისცა უფალმა ხალხს ეგვიპტელთა თვალში და ისინიც ათხოვებდნენ. ასე გაძარცვეს ეგვიპტე. 37 და აიყარნენ ისრაელის ძენი რაყმესესიდან სუქოთისკენ, ექვსასი ათასამდე ქვეითი მამაკაცი, გარდა ბავშვებისა. 38 და აგრეთვე მათთან ერთად გამოვიდა უცხოტომელთა წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, ძალზე დიდი ჯოგი. 39 და გამოაცხვეს მათ ცომი, რომელიც გამოიტანეს ეგვიპტიდან ხმიადის კვერებად, რადგან ვერ გაფუვდა, რაკი გამოდევნეს ეგვიპტიდან და ვერ შეძლეს დაყოვნება და ვერც საგზალი ვერ გაიმზადეს. 40 ისრაელის ძეთა ეგვიპტეში ყოფნის ხანი ოთხასოცდაათი წელია. 41 და იყო, ოთხასოცდაათი წლის დასასრულს, სწორედ იმ დღეს გამოვიდა უფლის მთელი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან. 42 მღვიძარების ღამე იყო ეს უფლისათვის ეგვიპტიდან მათ გამოსაყვანად. სწორედ ეს ღამეა უფლისათვის მღვიძარებისა ყველა ისრაელის ძისთვის მათ თაობებში. 43 და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: „აჰა, წესი პასექისა: არც ერთმა უცხოტომელმა არ უნდა ჭამოს იგი. 44 და ყოველმა მსახურმა, ფულით ნაყიდმა, მაშინ ჭამოს იგი, თუ წინადაუცვეთ. 45 ხიზანმა და მოჯამაგირემ არ უნდა ჭამოს იგი. 46 ერთ სახლში უნდა შეიჭამოს. არ გაიტანოთ ეს ხორცი სახლიდან გარეთ და ძვალი მისი არ დაამტვრიოთ. 47 ისრაელის მთელმა თემმა გააკეთოს ეს. 48 და თუ ვინმე უცხო შემოგეხიზნოს და უფლის პასექის გამზადება მოინდომოს, წინადაიცვითოს მასთან ყოველმა მამროვანმა და მაშინ შეუდგეს მის შესრულებას, და იქნება ქვეყნის მკვიდრივით. და არც ერთმა წინადაუცვეთელმა არ ჭამოს იგი. 49 ერთი რჯული ჰქონდეს მკვიდრსა და ხიზანს, თქვენში რომ დასახლდა.” 50 და გააკეთეს ყოველივე ისრაელის ძეთ, როგორც უფალმა უბრძანა მოსეს და აარონს, ისე გააკეთეს. 51 და იყო, სწორედ ამ დროს გამოიყვანა უფალმა ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან ლაშქრებად.

თავი მეთერთმეტე                                                                                                                                   თავი მეცამეტე

COMMENTS