HomeUncategorized

გამოსვლა 21

ძველი აღთქმა
გამოსვლა

211 და აჰა, კანონები, რომლებსაც წარუდგენ მათ: 2 თუ ებრაელ მსახურს იყიდი, ექვსი წელი გემსახუროს და მეშვიდე წელს გათავისუფლდეს უსასყიდლოდ. 3 თუ იგი მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს; თუ ცოლიანია, წავიდეს მასთან ერთად მისი ცოლიც. 4 თუ მისი ბატონი შერთავს მას ცოლს, რომელიც მას ვაჟებს ან ასულებს გაუჩენს, მაშინ ცოლი და ბავშვები მისი ბატონისაა, და თავად წავიდეს მარტო. 5 ხოლო თუ მსახური იტყვის: ‘მიყვარს ჩემი ბატონი, ჩემი ცოლი და ჩემი შვილები, არ მინდა თავისუფლება,’ 6 მაშინ მიიყვანოს იგი მისმა ბატონმა მსაჯულთა წინაშე და მიაყენოს იგი კარის წირთხლთან და გაუხვრიტოს მისმა ბატონმა ყური სადგისით, და მისი მსახური იქნება საუკუნოდ. 7 და თუ გაყიდის კაცი თავის ასულს მხევლად, იგი ისე ვერ გავა, როგორც მონა გადის. 8 და თუ იგი თვალში არ მოუვიდა მის ბატონს, და არ ირთავს, მისცეს მას გამოსყიდვის ნება. უფლება არა აქვს მას უცხო ხალხს მიჰყიდოს, რადგან თავად უღალატა მას. 9 ხოლო თუ დანიშნავს მას თავის ვაჟზე, მაშინ როგორც ასულს, ისე მოექცეს. 10 თუ თვითონ სხვას შეირთავს, მაშინ მას საზრდო, სამოსელი და თანაცხოვრება არ მოაკლოს. 11 თუ ამ სამ რამეს არ გაუკეთებს, წავა იგი გამოუსყიდველად, ვერცხლის გარეშე. 12 თუ ვინმე კაცს დაჰკრავს და კაცი მოკვდება, თავადაც სიკვდილით უნდა მოკვდეს. 13 ხოლო თუ მას ბოროტი განზრახვა არ ჰქონია, არამედ ღმერთმა ჩააგდო მის ხელში, მაშინ დაგინიშნავ ადგილს, სადაც უნდა გადაიხვეწოს. 14 და თუ ვინმე ბოროტი განზრახვით მოკლავს თავის მოყვასს მზაკვრულად, მაშინ ჩემი სამსხვერპლოდანაც კი აიყვანეთ იგი მოსაკვდინებლად. 15 ვინც თავის მამას ან თავის დედას გაარტყამს, სიკვდილით უნდა მოკვდეს. 16 ვინც მოიპარავს ადამიანს და გაყიდის მას, ან აღმოაჩნდება მის ხელში, სიკვდილით უნდა მოკვდეს. 17 თავისი მამისა და თავისი დედის ავად მაგინებელი სიკვდილით უნდა მოკვდეს. 18 თუ კაცები ერთმანეთს წაეჩხუბებიან და ერთი მეორეს ქვას ან მუშტს დაჰკრავს, და თუ კაცი არ მოკვდება და ლოგინად ჩავარდება, 19 თუ ადგება იგი და ივლის გარეთ ყავარჯნით, მაშინ მცემელი უდანაშაულოა, მხოლოდ მისი მოცდენისათვის უნდა გადაუხადოს და სავსებით განკურნოს იგი. 20 და თუ გალახოს კაცმა თავისი მსახური ან თავისი მხევალი ჯოხით და მოკვდეს იგი მისი ხელით, მაშინ შური იძიე მისგან. 21 მაგრამ თუ მან ერთი ან ორი დღე იცოცხლა, მაშინ მასზე შური აღარ იძიოთ, რადგან იგი მისი ვერცხლია. 22 თუ კაცები ჩხუბის დროს ორსულ ქალს დაჰკრავენ და ქალი ნაადრევად იმშობიარებს, მაგრამ უბედურება არ მოუვა, მაშინ ის უნდა დაჯარიმდეს, რასაც მას დააკისრებს იმ ქალის ქმარი, და გადაიხადოს მსაჯულთა თანდასწრებით. 23 ხოლო თუ უბედურება დატრიალდა, მაშინ მიეცი: სიცოცხლე სიცოცხლის წილ, 24 თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ. 25 დაწვა დაწვის წილ, წყლული წყლულის წილ, ჭრილობა ჭრილობის წილ. 26 და თუ კაცმა თვალში ჩაარტყას თავის მსახურს ან თავის მხევალს და დაუზიანოს იგი, უნდა გაათავისუფლოს იგი მისი თვალის წილ. 27 და თუ კბილს ჩაუმტვრევს თავის მსახურს ან თავის მხევალს, გაათავისუფლოს იგი მისი კბილის წილ. 28 და თუ ხარმა ურქინოს კაცს ან დედაკაცს და მოკლას იგი, ჩაქოლვით ჩაიქოლოს ხარი და არ იჭამოს მისი ხორცი. ხოლო პატრონი ხარისა უდანაშაულოა. 29 მაგრამ თუ ხარი მორქენალი იყო გუშინ და გუშინწინ, მისი პატრონი კი გაფრთხილებული იყო, მაგრამ არ დაამწყვდია იგი და მოკლა ამ ხარმა კაცი ან დედაკაცი, მაშინ ხარი ჩაიქოლოს და მისი პატრონიც მოკვდეს. 30 თუ გამოსასყიდი დაეკისრება მას, გაიღოს საურავი თავისი სიცოცხლისათვის, როგორც დაეკისრება. 31 თუ ვაჟს ურქინოს ან ასულს ურქინოს, იმავე კანონით მოექეცით მას. 32 თუ მსახურს ურქინოს ხარმა, ან მხევალს, ოცდაათი ვერცხლი მისცეს მის ბატონს, ხარი კი ჩაიქოლოს. 33 და თუ ვინმე კაცმა ორმოს თავი გადახადოს, ან ამოთხაროს კაცმა ორმო და არ დახუროს, და შიგ ხარი ან სახედარი ჩავარდეს, 34 ორმოს პატრონმა ვერცხლით აუნაზღაუროს პატრონს, მკვდარი კი მისი იყოს. 35 და თუ ვინმეს ხარი მისი მოყვასის ხარს ურქენს და მოკლავს, გაყიდონ ცოცხალი ხარი და ვერცხლი შუაზე გაიყონ, და მოკლულიც გაიყონ. 36 ხოლო თუ ცნობილი იყო, რომ ხარი მორქენალი იყო გუშინ და გუშინწინ, და არ დაამწყვდია მისმა პატრონმა, გადახდით გადაიხდის ხარის წილ, მოკლული კი მისი იყოს.”

თავი მეოცე                                                                                                                                      თავი ოცდამეორე

COMMENTS