გამოსვლა 8

By
აპრილი 9, 2015
ძველი აღთქმა
გამოსვლა

81 და უთხრა უფალმა მოსეს: „მიდი ფარაონთან და უთხარი მას: ასე ამბობს-თქო უფალი: გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახურონ! 2 და თუ უარს იტყვი გაშვებაზე, მაშინ მე მოვწყლავ მთელ შენს მიწა-წყალს ბაყაყებით. 3 და გაივსება მდინარე ბაყაყებით, და ამოვლენ და შემოვლენ შენს სახლში და შენს საწოლ ოთახში, და შენს სარეცელზე, შენს მსახურთა და შენი ხალხის სახლებში, შენს თონეებში და შენს ვარცლებში. 4 შენზე, შენს ხალხზე და ყოველ შენს მსახურზე ამოვლენ ბაყაყები.” 5 და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი აარონს: ‘გაიწოდე ხელი შენი კვერთხით მდინარეებზე, ნაკადულებზე და ტბებზე, და ამოიყვანე ბაყაყები ეგვიპტის ქვეყანაზე’.” 6 და გაიწოდა აარონმა ხელი ეგვიპტის წყლებზე, და ამოვიდა ბაყაყი და დაფარა ეგვიპტის ქვეყანა. 7 და გააკეთეს იგივე გრძნეულებმა თავიანთი ჯადოქრობით. და ამოიყვანეს ბაყაყები ეგვიპტის ქვეყანაზე. 8 და დაუძახა ფარაონმა მოსეს და აარონს, და უთხრა: „შეევედრეთ უფალს, რათა მოგვაშოროს ბაყაყები მე და ჩემს ხალხს, და გავუშვებ ამ ხალხს, რომ შესწირონ მსხვერპლი უფალს.” 9 და უთხრა მოსემ ფარაონს: „მიბრძანე, როდის ვილოცო შენთვის, შენს მსახურთათვის და შენი ხალხისთვის ბაყაყების მოსპობაზე შენთან და შენი სახლებიდან. მხოლოდ მდინარეში დარჩებიან.” 10 და თქვა: „ხვალ.” და თქვა: „იყოს შენი სიტყვისამებრ, რათა გაიგო, რომ არ არსებობს მსგავსი ჩვენი უფალი ღმერთისა. 11 და მოგშორდებიან ბაყაყები შენ და შენს სახლებს, შენს მსახურთ და შენს ხალხს. მხოლოდ მდინარეში დარჩებიან.” 12 და გამოვიდნენ მოსე და აარონი ფარაონისგან. და შეჰღაღადა მოსემ უფალს ბაყაყთა გამო, რომელნიც მოუვლინა ფარაონს. 13 და გააკეთა უფალმა მოსეს სიტყვისამებრ. და დაიხოცნენ ბაყაყები სახლებში, ეზოებსა და მინდვრებში. 14 და მოაგროვეს ისინი გროვებად და აყროლდა ქვეყანა. 15 და იხილა ფარაონმა, რომ მოხდა შემსუბუქება, და გაიმძვინვარა გული და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს. 16 და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი აარონს: ‘გაიწოდე შენი კვერთხი და დაჰკარი მიწის მტვერს, და გადაიქცევა მკბენარად ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.” 17 ასეც გააკეთეს: და გაიწოდა აარონმა ხელი თავისი კვერთხით, და დაჰკრა მიწის მტვერს, და მოედო მკბენარი ადამიანსა და პირუტყვს. მიწის მთელი მტვერი გადაიქცა მკბენრად ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე. 18 და იგივე გააკეთეს გრძნეულებმა თავიანთი ჯადოქრობით, რათა გამოეყვანათ მკბენარი, მაგრამ ვერ შეძლეს. და ეხვია მკბენარი ადამიანსა და პირუტყვს. 19 და უთხრეს გრძნეულებმა ფარაონს: „ღვთის თითია ეს.” და გამძვინვარდა გული ფარაონისა, და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს. 20 და უთხრა უფალმა მოსეს: „ადექი დილაადრიან და წარსდექი ფარაონის წინაშე. და როცა გამოვა წყალთან, უთხარი მას: ასე თქვა-თქო უფალმა: გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახურონ. 21 თუ არ გაგიშვია ჩემი ხალხი, მოვავლენ შენზე და შენს ხალხზე, და შენს სახლებზე ბუზანკალს, და აივსება ეგვიპტელთა სახლები ბუზანკალით, და თვით მიწაც, სადაც ისინი არიან. 22 და გამოვარჩევ იმ დღეს გოშენის ქვეყანას, სადაც დგას ჩემი ხალხი, რომ არ იყოს იქ ბუზანკალი, რათა იცოდე, რომ მე, უფალი, ქვეყნის შუაგულში ვარ. 23 და გავარჩევ ერთმანეთისგან ჩემს ხალხს და შენს ხალხს. ეს ნიშანი ხვალე მოხდება.” 24 და გააკეთა უფალმა, როგორც თქვა, და შეესია დიდძალი ბუზანკალი ფარაონის სახლს და მის მსახურთა სახლს, და ეგვიპტის მთელ ქვეყანას. მოისრა ქვეყანა ბუზანკალისაგან. 25 და მოუხმო ფარაონმა მოსეს და აარონს, და უთხრა: „წადით, შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს ამ ქვეყანაში.” 26 და თქვა მოსემ: „არ ეგების ამის გაკეთება, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის, მსხვერპლს რომ ვწირავთ მათ თვალწინ. განა არ ჩაგვქოლავენ? 27 სამი დღის სავალზე წავალთ უდაბნოში და შევწირავთ მსხვერპლს უფალს, ჩვენს ღმერთს, როგორც ის გვიბრძანებს.” 28 და თქვა ფარაონმა: „გაგიშვებთ და შესწირეთ მსხვერპლი უფალს, თქვენს ღმერთს უდაბნოში. ოღონდ შორს ნუ წახვალთ. შეევედრეთ ჩემთვის!” 29 და თქვა მოსემ: „აჰა, მე გავდივარ შენგან და შევევედრები უფალს, რათა განშორდეს ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებს და მის ხალხს ხვალ. ოღონდ ნუღარ მოიტყუება ფარაონი და გაუშვას ხალხი უფლისათვის მსხვერპლის შესაწირად. 30 და გამოვიდა მოსე ფარაონისგან, და შეევედრა უფალს. 31 და გააკეთა უფალმა მოსეს სიტყვისამებრ, და განაშორა ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურთ და მის ხალხს, და არ დარჩენილა არც ერთი. 32 გაიმძვინვარა ფარაონმა თავისი გული ამჯერადაც და არ გაუშვა ხალხი.

თავი მეშვიდე                                                                                                                                            თავი მეცხრე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close