Homeბიბლიაახალი აღთქმა

მათეს 9

ახალი აღთქმა
მათეს სახარება
დამბლადაცემულის განკურნება

91 და დაჯდა ნავში, გაღმა გავიდა და მივიდა თავის ქალაქში. 2 აჰა, მიუყვანეს მას ლოგინზე მწოლიარე დავრდომილი. როცა იესომ იხილა მათი რწმენა, უთხრა დავრდომილს: ,,გამაგრდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები.“ 3 აჰა, ზოგიერთმა მწიგნობარმა თავისთვის თქვა: ,,ღმერთს გმობს ეს კაცი.“ 4 იესომ დაინახა მათი ზრახვები და უთხრა: ,,რატომ ფიქრობთ თქვენს გულში ბოროტს? 5 რისი თქმა უფრო ადვილია: შენი ცოდვები მოგეტევა, თუ იმის თქმა: ადექი და გაიარე? 6 ხოლო რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს მიწაზე ცოდვების მიტევების ხელმწიფება აქვს, — ასე უთხრა დავრდომილს: ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში.“ 7 ისიც წამოდგა და წავიდა თავის სახლში. 8 ამის შემყურე ხალხს უკვირდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ხელმწიფება მისცა ადამიანებს.


მათეს მოხმობა

9 იქაურობას რომ გაშორდა, იესომ დაინახა კაცი, რომელიც საბაჟოსთან იჯდა, სახელად მათე, და უთხრა მას: ,,გამომყევი.“ ისიც წამოდგა და გაჰყვა მას. 10 მოხდა ისე, რომ როცა ის სუფრასთან იჯდა სახლში, მრავალი მებაჟე და ცოდვილი მოვიდა და ჩამოჯდა იესოსა და მისი მოწაფეების გვერდით. 11 ეს რომ ფარისევლებმა დაინახეს უთხრეს მის მოწაფეებს: ,,რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“ 12 ხოლო მან გაიგონა ეს და უთხრა მათ: ,,მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ. 13 წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მსურს და არა მსხვერპლი;’ მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი.“

კითხვები მარხვაზე

14 მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: ,,რატომ არის, რომ ჩვენ და ფარისევლები ვმარხულობთ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?“ 15 უთხრა მათ იესომ: ,,განა შეუძლიათ იგლოვონ მექორწილეებმა, ვიდრე ნეფე მათთან არის? მაგრამ დადგება დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ. 16 არავინ დააკერებს ძველ ტანისამოსს ახალთახალ ქსოვილის საკერებელს, ვინაიდან ახლად დაკერებული მოეხევა სამოსელს და უარესად გამოიხევა. 17 არც ახალ ღვინოს ჩაასხამენ ძველ ტიკებში, თორემ ტიკები დასკდება, ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც მოისპობა. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე გადარჩება.

მთავრის ასული და სისხლმდინარე ქალი

18 როცა მათ ამას ელაპარაკებოდა, მივიდა მასთან ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: ,,ჩემი ქალიშვილი ესესაა მოკვდა, მაგრამ მოდი, შენი ხელი დაადე მას და გაცოცხლდება.“ 19 წამოდგა იესო, გაჰყვა მას და მასთან ერთად მისი მოწაფეებიც. 20 აჰა, ერთი ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს იტანჯებოდა სისხლისდენით, უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსლის კალთას. 21 ვინაიდან თავისთვის ამბობდა: მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო. 22 ხოლო იესომ მიბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: ,,გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა.“ და ქალი იმავე ჟამს განიკურნა. 23 მივიდა იესო მთავრის სახლში, დაინახა იქ მესტვირეები და შეჩოჩქოლებული ხალხი. 24 უთხრა მათ: ,,წადით აქედან, რადგან გოგონა არ მომკვდარა, არამედ სძინავს.“ და სასაცილოდ აიგდეს იგი. 25 როცა ხალხი გაიყვანეს, ის შევიდა, ხელი მოჰკიდა ხელზე და წამოდგა გოგონა. 26 და მთელ იმ მხარეს მოედო ეს ამბავი.

ორი ბრმის განკურნება

27 როცა იესო იქიდან მიდიოდა, ორი ბრმა აიდევნა. ყვიროდნენ და ამბობდნენ: ,,შეგვიწყალე, დავითის ძეო!“ 28 სახლში შესულს, მიადგნენ ბრმები და უთხრა მათ იესომ: ,,გწამთ, რომ მე შემიძლია ამის გაკეთება?“ უთხრეს მას: ,,კი, უფალო!“ 29 მაშინ შეეხო მათს თვალებს და უთხრა: ,,თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ!“ 30 და აეხილათ მათ თვალები. იესომ კი მკაცრად გააფრთხილა ისინი და უთხრა: ,,იცოდეთ, არავინ გაიგოს.“ 31 მათ კი, როცა გავიდნენ, მთელ იმ ქვეყანას მოსდეს მისი ამბავი.

ყრუ-მუნჯის განკურნება

32 ისინი რომ გავიდნენ, მოუყვანეს მას ეშმაკეულნი მუნჯი კაცი. 33 როცა ეშმაკი განიდევნა, მუნჯმა ენა ამოიდგა. გაკვირვებული ხალხი  ამბობდა: ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარაო ისრაელში. 34 ფარისევლები კი ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრით დევნის ეშმაკებსო.

სამკალი ბევრია

35 დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას, კურნავდა ყოველგვარ სენს და ყოველგვარ უძლურებას. 36 ხალხის ბრბო რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი. 37 მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა: ,,სამკალი ბევრია, მუშაკნი კი — ცოტა. 38 ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში.“

თავი მერვე                                                                                                                                               თავი მეათე  

Newer Post
Older Post

COMMENTS