Homeბიბლიაახალი აღთქმა

მათეს 23

ახალი აღთქმა
მათეს სახარება
მწიგნობართა და ფარისეველთა მხილება

231 მაშინ იესო ელაპარაკა ხალხს და თავის მოწაფეებს. უთხრა: ,,მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი. ამიტომ ყველაფერი, რის დაცვასაც ისინი გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათ საქმეებს ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ისინი ამბობენ, და არკი ასრულებენ. კრავენ მძიმე ტვირთს და ძნელად საზიდს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს, თავად კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა. ყველანი თავიანთ საქმეებს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებენ, იფართოებენ თავიანთ ფილაკტერიონებს და იგრძელებენ სამოსის ფოჩებს; უყვართ სათავეში სხდომა ნადიმებზე და წინა ადგილებზე ჯდომა სინაგოგებში, და მისალმებანი მოედნებზე, რომ ადამიანებმა უძახონ მათ: ‘რაბი!’ თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი — ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზე, ვინაიდან ერთი მამა გყავთ — ზეციერი.  10 ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღვარი ერთი გყავთ თქვენ — ქრისტე. 11 უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს. 12 ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს — ამაღლდება.
    13 ,,ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ ცათა სასუფეველს კეტავთ ადამიანთა წინაშე, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ უშვებთ. 14 ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ. ამისათვის უფრო დიდ სასჯელს მიიღებთ.
   15 ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი ვინმე მიანც მოაქციოთ რჯულზე, და როცა მოაქცევთ, გეენას ძედ გახდით, საკუთარ თავზე ორჯერ მეტად.
   16 ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო, რომლებიც ამბობთ: ვინც ტაძარს დაიფიცებს, არაფერია, ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ის ვალდებულიაო. 17 უგუნურებო და ბრმებო! რა უფრო დიდია: ოქრო თუ ტაძარი, ოქროს რომ წმედს? 18 და: ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს, არაფერია, ხოლო ვინც დაიფიცებს ძღვენს, რომელიც მასზეა, ის ვალდებულიაო. 19 ბრმებო, რომელი უფრო დიდია: ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენს რომ განწმედს? 20 ვინაიდან ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მას და ყველაფერს, რაც მასზეა. 21 და ვინც ტაძარს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და მასში მყოფსაც. 22 და ვინც ცას იფიცებს, ის ფიცულობს ღვთის ტახტსაც და მასზე მჯდომსაც.    23  ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით პიტნის, კამისა და კლიავის მეათედს და მიტოვებული გაქვთ ის, რაც უფრო მთავარია რჯულში — განკითხვა, წაყალობა და სარწმუნეობა. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ. 24 ბრმა წინამძღოლებო, კოღოს მწურავებო და აქლემთა მყლაპავებო!    25 ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან კი ასუფთავებთ სასმისსა თუ ჯამს, მაგრამ შიგნით სავსეა მტაცებლობით და უსამართლობით. 26 ბრმა ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავე სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს.
   27 ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსეა მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურებით. 28 ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა წინაშე, შიგნით კი თვალთმაქცობით და ურჯულოებით ხარ აღვსილნი.
   29 ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნი, თვალთმაქცნო, რომ აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს. 30 ამბობთ: ჩვენი მამების დღეებში რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდითო მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში. 31 ამრიგად, საკუთარ თავს უმოწმებთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ. 32 ბარემ თქვენც ბოლომდე აავსეთ თვენი მამების საწყაო! 33 იქედნეთა ნაშობო გველებო, როგორ გაიქცევით გეენის სასჯელს? 34 ,,ამიტომ, აჰა, მე მოგივლენთ წინასწარმეტყველთ, ბრძენკაცებსა და მწიგნობრებს, და თქვენ მოკლავთ ზოგიერთ მათგანს და ჯვარს აცვამთ, ზოგს კი გაშოლტავთ თქვენს სინაგოგებში და განდევნით ქალაქიდან ქალაში. 35 გეწევათ მთელი ეს მართალი სისხლი, მიწაზე დათხეული, აბელის სიხლიდან მოყოლებული ზაქარია ბარაქიას ძის სისხლამდე, რომელიც ტაძარსა და სამსხვერპლოს შორის მოჰკალით. 36 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოეწევა ამ მოდგამს.

გოდება იერუსალიმზე

37 ,,იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან მოვლინებულთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველები იკრებს ფრთებქეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ. 38 აჰა, გრჩებათ აოხრებული თქვენი სახლი. 39 ვინაიდან გეუბნები თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!’“

თავი ოცდამეორე                                                                                                                        თავი ოცდამეოთხე

Newer Post
Older Post

COMMENTS