Homeბიბლიაახალი აღთქმა

მათეს 5

ახალი აღთქმა
მათეს სახარება
მთაზე ქადაგება

51 დაინახა ხალხი და ავიდა მთაზე. როცა დაჯდა, მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები. 2 მან გახსნა ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა:

ნეტარებანი


3
 ,,ნეტარ არიან ღარიბნი სულით, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან. ნეტარ არიან თვინიერნი ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას. ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან, ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქნებიან. 8 ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ღვთის შვილებად იწოდებიან, 10 ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა. 11 ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირ ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო. 12 იხარეთ და იმხიარულეთ,  ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, ასევე დევნიდნენ წინასწარმეტველთ, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.

მარილი და ნათელი


13 
თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი განქარდა, რიღათი დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთაგან გასათელად. 14 თქვენ სოფლის ნათელი ხართ. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება. 15 სანთელს რომ აანთებენ, ჭურჭელქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, რომ ყველას გაუნათოს სახლში. 16 ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.

სწავლება რჯულზე


17
 არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. 18 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა ანდა არც ერთ წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება. 19 ამრიგად, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგან უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში, ხოლო ვინც ასრულებს და ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სასუფეველში. 20 ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.

სწავლება მრისხანებაზე


21 
თქვენ გსმენიათ, უთქვამთ ძველებისთვის: ‘არა კლა! ვინც მოკლავს სასჯელის თანამდები იქნება. 22 მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის: რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება. ხოლო რომელიც ეტყვის: სულელო, ცეცხლის გეენას თანამდები იქნება. 23 ამიტომ, თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს მიმართ, 24 მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, მერე მოდი და შესწირე შენი ძღვენი. 25 შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად გზას ადგახარ, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში. 26 ჭეშმარიტად გეუბნები შენ: იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი.

სწავლება მრუშობაზე


27 
გსმენიათ, რომ თქმულა: ‘არ იმრუშო’ 28 მე კი გეუბნებით თქვენ, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში. 29 თუ გაცდუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე , ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს. 30 თუ შენი მარჯვენა გაცდუნებს, მოიკვეთე იგი და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს.

სწავლება გაყრილობაზე


31 
ასევე ნათქვამია: ‘ვინც თავის ცოლს გაუშვებს, მისცეს მას გაყრილობის მოწმობა.’ 32 მე კი გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, იგი მას მრუშად აქცევს. ვინც გაშვებულს შეირთავს მრუშობს.

სწავლება ფიცილზე


33
 კიდევ გსმენიათ, რომ უთქვამთ ძველებისთვის: ‘არ დაიფიცო ტყუილად, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე.’ 34 მე კი გეუბნებით თქვენ: სულ არ დაიფიცოთ არც ცა, რადგან ღვთის ტახტია იგი. 35 არც ქვეყანა რადგან მის ფეხთა კვარცხლბეკია იგი, არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი. 36 არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება არ შეგიძლია. 37 არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ‘ჰო’ ჰო! ‘არა’ არა! რაც ამაზე მეტია, ის ბოროტისაგანაა.

სწავლება სამაგიეროს გადახდაზე

38 თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: ‘თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ.’ 39 მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს, არამედ, თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე. 40 ვინც მოისურვებს შენს განკითხვას და შენი მოსასხამის წაღებას, სამოსელიც თან გაატანე მას. 41 ვინც ერთ ათას ნაბიჯზე წაყოლა გაიძულოს, ორზე გაჰყევი. 42 ვინც გთხოვოს, მიეცი. ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.

სწავლება მტრების სიყვარულზე


43  
თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: ‘შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი.’ 44 მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ  და გდევნით. 45 რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს. 46 ვინაიდან, თუ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან? 47 თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან? 48 მაშ, იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი.

თავი მეოთხე                                                                                                                                         თავი მეექვსე     

Newer Post
Older Post

COMMENTS