Homeბიბლიაახალი აღთქმა

მათეს 26

ახალი აღთქმა
მათეს სახარება
შეთქმულება იესოს მოსაკლავად

261 ყველა ეს სიტყვა რომ დაასრულა, იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: 2 ,,თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი დადგება და კაცის ძე მიეცემა ჯვარზე საცმელად.“ მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის ეზოში. მოითათბირეს, მზაკვრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ. მაგრამ ამბოდნენ: დღესასწაულზე არა, ხალხში შფოთი არ ატყდესო.

იესოს ცხება ბეთანიაში

როცა იესო ბეთანიაში იყო, სიმონ კეთროვნის სახლში, მივიდა მასთან ერთი დედაკაცი, მოიტანა ძვირფასი ნელსაცხებელი ალებასტრონის ჭურჭლით და ინახად მჯდომს თავზე დაასხა. მოწაფეებმა რომ დაინახეს, გაბრაზდნენ და თქვეს: ასე ფუჭად რატომ დახარჯაო?  ვინაიდან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა კარგ ფასად და ღარიბებისათვის დარიგება. 10 ხოლო იესო მიუხვდა და უთხრა მათ: ,,რატომ აწბილებთ ამ დედაკაცს, მან ხომ კეთილი საქმე გამიკეთა? 11 ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთანა გყავთ, მე კი მუდამ არ გეყოლებით. 12 ეს ნელსაცხებელი რომ დაასხა ჩემს სხეულს, მე მომამზადა დასამარხად. 13 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ ამ სახარებას მთელ ქვეყნიერებაზე, იტყვიან, რაც ამან გააკეთა, მისსავე მოსაგონებლად.“

გარიგება იესოს გაცემაზე

14 მაშინ ერთი იმ თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, წავიდა მღვდელმთავრებთან. 15 და უთხრა: ,,რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი?“ და მიუწონეს მას ოცდაათი ვერცხლი. 16 მას აქეთ ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ გაეცა იგი.

პასექის დაყენება მოწაფეებთან ერთად

17 უფუარობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს მას: ,,სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?“ 18 მან უთხრა: ,,წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობს-თქო მოძღვარი: ჩემი ჟამი მოახლოებულია, შენთან დავიყენებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად.“ 19 მოწაფეებმაც ისე გააკეთეს, როგორც იესომ უბრძანა, და მოამზადეს პასექი. 20 რომ მოსაღამოვდა, დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად. 21 და როცა ჭამდნენ, თქვა: ,,ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს.“ 22 ისინი ძალიან შეწუხდნენ და ყველამ სათითაოდ დაუწყო კითხვა: ,,მე ხომ არა, უფალო?“ 23 მან მიუგო და უთხრა: ,,ვინც ჩემთან ერთად ხელს ჩამოაწობს ჯამში, ის გამცემს. 24 კაცის ძე კი მიდის, როგორც დაწერილია მასზე. მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა, უჯობდა იმ კაცს, არ დაბადებულიყო.“ 25 მიუგო იუდამ, მისმა გამცემმა, და უთხრა: ,,ნუთუ მე ვარ, რაბი?“ ,,შენ თქვი!“ — უთხრა მას.


ზიარების დაწესება

26 
როცა ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა და გატეხა, მისცა მოწაფეებს და თქვა: ,,აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია.“ 27 აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: ,,ყველამ შესვით აქედან, 28 ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად. 29 მე გეუბნებით: ამიერიდან აღარ შევსვამ ამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სასუფეველში.“ 30 იგალობეს და გასწიეს ზეთისხილის მთისაკენ.

გაფრთხილება პეტრეს უარყოფაზე

31 მაშინ უთხრა მათ იესომ: ,,თქვენ ყველანი ცდუნდებით ამაღამ ჩემს გამო, ვინაიდან დაწერილია: ‘დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან სამწყსოს ცხვრები’ 32 ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ გაგიძღვებით წინ გალილეისაკენ.“ 33 მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ,,ყველანი რომ ცდუნდენ შენს გამო, მე არასოდეს ვცდუნდები.“ 34 უთხრა მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ,,ამაღამ, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე.“ 35 უთხრა მას პეტრემ: ,,მოვკვდები შენთან ერთად და არა უარგყობ.“ ასევე ამბობდა ყველა მოწაფე.

ლოცვა გეთსემანიაში

36 მაშინ იესო მივიდა მათთან იმ ადგილზე, რომელსაც გეთსიმანია ჰქვია, და უთხრა მოწაფეებს: ,,აქ ისხედით, ვიდრე იქ წავიდოდე და ვილოცებდე.“ 37 თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორივე ძე, და იწყო წუხილი და ურვა. 38 მაშინ უთხრა მათ: ,,დამწუხრებულია ჩემი სული სასიკვდილოდ. იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად.“ 39 და ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: ,,მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ.“ 40 მივიდა მოწაფეებთან და ჰპოვა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს: ,,ნუთუ ვერ შესძელით, ერთ საათს გეფხიზლათ ჩემთან ერთად? 41 იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხორცი კი უძლური.“ 42 მეორედაც წავიდა, ლოცულობდა და ამბობდა: ,,მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია ამარიდოს ეს სასმისი, რომ არ შევსვა იგი, იყოს ნება შენი.“ 43 კვლავ მივიდა და ისევ მძინარენი ჰპოვა ისინი, ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ. 44 მიატოვა ისინი, კვლავ წავიდა და მესამედ ილოცა, კვლავ იგივე სიტყვები წარმოთქვა. 45 მაშინ მივიდა მოწაფეებთან და უთხრა მათ: ,,თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? აჰა, მოახლოვდა ჟამი და კაცის ძე მიეცემა ცოდვილებს ხელში. 46 ადექით, წავედით, აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი.“

იესოს გაცემა და შეპყრობა

47 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად დიდძალი ხალხი მახვილებით და კეტებით— მღვდელმთავართაგან და ხალხის უხუცესთაგან. 48 ხოლო მისმა გამცემმა მისცა მათ ნიშანი და უთხრა: ,,ვისაც მე ვეამბორები, ის არის და შეიპყარით!“ 49 მყისვე მივიდა იესოსთან და უთხრა: ,,გიხაროდეს, რაბი!“ და ეამბორა. 50 ხოლო იესომ უთხრა მას: ,,რისთვის მოსულხარ, მეგობარო?“ მაშინ მივიდნენ, ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს. 51 და აჰა, ერთ-ერთმა იესოსთან მყოფმა ხელი მიჰყო, იშიშვლა  მახვილი, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა. 52 მაშინ იესომ უთხრა მას: ,,თავის ადგილას ჩააბრუნე მახვილი, ვინაიდან ყველა მახვილის ამღები, მახვილითვე დაიღუპება. 53 იქნებ გგონია, არ შემეძლოს შევევედრო მამაჩემს, რომ ახლავე წარმომიდგინოს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და მეტიც? 54 აბა, როგორ აღსრულდება წერილი, ეს რომ არ მოხდეს?“ 55 იმ ჟამს უთხრა იესომ ხალხს: ,,თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობლად. ყოველ დღე ტაძარში ვიჯექი და ვასწავლიდი, და არ შეგიპყრივართ მე. 56 მაგრამ ყოველივე ეს მოხდა იმიტომ, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველთა წერილები.“ მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა იგი და გაიქცა.

იესო სინედრიონის წინაშე

57 იესოს შემპყრობლებმა კი წაიყვანეს იგი მღვდელმთავარ კაიფასთან, სადაც თავი მოეყარათ მწიგნობრებსა და უხუცესებს. 58 ხოლო პეტრე მოშორებით მიჰყვებოდა მას მღვდელმთავრის ეზომდე. შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ენახა აღსასრული. 59 მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ ცრუმოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა სიკვდილით დაესაჯათ იგი, 60 და ვერ პოულობდნენ, თუმცა ბევრი ცრუმოწმე მოდიოდა. ბოლოს მოვიდნენ ორნი 61 და თქვენ: ,,ეს ამბობდა: შემიძლია ღვთის ტაძარი დავანგრიო და სამ დღეში ავაშენოო.“ 62 მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: ,,არაფერს უპასუხებ, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ?“ 63 იესო დუმდა. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა მას: ,,ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი, შენა ხარ ქრისტე, ძე ღვთისა?“ 64 უთხრა მას იესომ: ,,შენ თქვი. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს.“ 65 მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა: ,,მან ჰგმო. რაღად გვინდა მოწმენი? აჰა, ახლა გაიგონეთ გმობა. 66 რას ფიქრობთ?“ ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: ,,სიკვდილის ღირსია.“ 67 მაშინ დაუწყეს ფურთხება სახეში ცემა, ზოგიერთნი სილას აწნავდნენ 68 და ეუბნებოდნენ: ,,გვიწინასწარმეტყველე, ქრისტე, ვინ დაგარტყა?“

პეტრემ უარყო

69 პეტრე კი იჯდა გარეთ, ეზოში. მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა: ,,შენც იესო გალილეველთან იყავი.“ 70 მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: ,,არ ვიცი, რას ლაპარაკობ.“  71 როცა კარიბჭიდან გამოდიოდა, სხვამ დაინახა და უთხრა იქ მყოფთ: ,,ესეც იესო ნაზარეველთან იყო.“ 72 მან კვლავ უარყო ფიცით: არ ვიცნობო ამ კაცს. 73 ცოტა ხნის შემდეგ მიუახლოვდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს: ,,ნამდვილად შენც მათგანი ხარ, ვინაიდან შენი კილო გამხილებს შენ.“ 74 მაშინ იწყო წყევლა და ფიცილი: არ ვიცნობო ამ კაცს. და მყისვე იყივლა მამალმა. 75 და გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. და გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.

თავი ოცდამეხუთე                                                                                                                    თავი ოცდამეშვიდე

Newer Post
Older Post

COMMENTS