Homeბიბლიაახალი აღთქმა

მათეს 14

ახალი აღთქმა
მათეს სახარება
იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა

141 იმ დროს ესმა ჰეროდეს – ტეტრარქს – იესოს ამბავი. და უთხრა თავის მსახურებს: ,,ეს იოანე ნათლისმცემელია, მკვდრეთით აღდგა და ამიტომ სასწაულნი მოქმედებენ მასში.“ ვინაიდან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, შებორკა და საპყრობილეში ჩასვა თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას, გამო. ვინაიდან იოანე ეუბნებოდა მას: შენთვის ნებადართული არ არის მისი ყოლა. და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. ჰეროდეს დაბადების დღეს ჰეროდიას ასულმა იცეკვა შეკრებილთა წინაშე და აამა ჰეროდეს. ამიტომ ფიცით შეჰპირდა მას, მიეცა, რაც არ უნდა ეთხოვა. ხოლო მან, თავისი დედისაგან დარიგებულმა, უთხრა: ,,მომეცი აქ ლანგრით იოანე ნათლისმცემლის თავი.“ და შეწუხდა მეფე, მაგრამ, ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო, ბრძანა მიცემა. 10 და წარგზავნა და იოანესათვის თავი მოაკვეთინა საპყრობილეში. 11 და მოიტანეს მისი თავი ლანგრით და მისცეს ქალიშვილს, მან კი თავის დედას მიართვა. 12 და მოვიდნენ მისი მოწაფეები, წაიღეს მისი ნეშტი და დამარხეს.  და მივიდნენ და აუწყეს იესოს.

ხუთი ათასი კაცის გაძღობა

13 ეს რომ იესომ მოისმინა, წავიდა იქიდან  ნავით და ერთ უდაბურ ადგილას განმარტოვდა. და ეს რომ ხალხმა გაიგო, ფეხით გაედევნა მას ქალაქებიდან. 14 გამოვიდა და, უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულები. 15 როცა მოსაღამოვდა, მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: ,,აქ უდაბნო ადგილია, ჟამიც გვიანია. გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ სოფლებში და საჭმელი იყიდონ თავისთვის.“ 16 იესომ კი უთხრა მათ: ,,არ არის საჭირო მათი წასვლა. თქვენ მიეცით საჭმელი.“ 17 მათ უთხრეს: ,,ჩვენ აქ მხოლოდ ხუთი პური და ორი თევზი გვაქვს.“ 18 მან უთხრა: ,,აქ მომიტანეთ.“ 19 და უბრძანა ხალხს, ბალახზე დამსხდარიყვნენ. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დაამტვრია და დაურიგა პურები მოწაფეებს, მოწაფეებმა კი — ხალხს. 20 ყველამ ჭამა და გაძღა. ხოლო დარჩენილი ნატეხებისგან აკრიფეს თორმეტი სავსე გოდორი. 21 მჭამელი კი ხუთი ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა.

ფეხით სიარული წყალზე

22 და მაშინვე აიძულა იესომ თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ვიდრე ის ხალხს გაუშვებდა. 23 როცა გაუშვა ხალხი, მთაზე ავიდა, რათა განმარტოებით ელოცა. მოსაღამოვდა და იგი მარტო იყო იქ. 24 ნავი უკვე მრავალ სტადიონზე წასულიყო ხმელეთიდან და ტალღები ეხეთქებოდნენ მას, რადგან პირქარი იყო. 25 ღამის მეოთხე გუშაგობისას მივიდა მათთან იესო პირდაპირ ზღვაზე სვლით. 26 მოწაფეებმა ზღვაზე მავალი რომ დაინახეს, შეძრწუნდნენ და თქვეს: ეს მოჩვენებააო, და შიშისაგან შეჰყვირეს. 27 მაგრამ იესომ მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: ,,გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“ 28 მიუგო მას პეტრემ და უთხრა: ,,უფალო, თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალდაწყალ.“ 29 უთხრა: ,,მოდი!“ პეტრე გადმოვიდა ნავიდან და წყალდაწყალ წავიდა, რათა იესოსთან მისულიყო. 30 მაგრამ, ქარი რომ დაინახა, შეეშინდა, ჩაძირვა დაიწყო და იყვირა: ,,უფალო, მიხსენი მე!“ 31 იესომ იმ წამსვე გაუწოდა ხელი, ამოიყვანა და უთხრა: ,,რატომ დაეჭვდი, მცირედ მორწმუნევ?“ 32 როცა ისინი ნავში ავიდნენ, ქარი ჩადგა. 33 ნავში მყოფებმა თაყვანი სცეს მას და უთხრეს: ,,ჭეშმარიტად ღვთის ძე ხარ შენ.“

კურნებანი გენესარეთის მხარეში

34 გაღმა გავიდნენ და მივიდნენ გენესარეთის ქვეყანაში. 35 იმ ადგილის ხალხმა იცნო იგი, წარგზავნეს მთელ იმ მხარეს და მოჰყავდათ მასთან ყველა ავადმყოფი. 36 და ევედრებოდნენ მას, რომ მისი სამოსის კალთას მაინც შეხებოდნენ. და ვინც შეეხო, განიკურნა.

თავი მეცამეტე                                                                                                                            თავი მეთხუთმეტე

Newer Post
Older Post

COMMENTS