Homeბიბლიაახალი აღთქმა

მათეს 16

ახალი აღთქმა
მათეს სახარება
ნიშნების მოთხოვნა

161 მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ნიშანი ციდან. მან მიუგო და უთხრა მათ: ,,საღამოხანს თქვენ ამბობთ: ხვალ მოწმენდილი იქნება, ვინაიდან ცა წითელიაო; 3 დილით კი — დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულიაო. ცის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, დროის ნიშანთა კი — არა? ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იოანას ნიშნისა.“ და მიატოვა ისინი და წავიდა.

ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარი

გაღმა გადასვლისას მის მოწაფეებს პურის წაღება დაავიწყდათ. და იესომ უთხრა მათ: ,,იხილეთ, მოერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს.“ ისინი კი გულში ფიქრობდნენ და ამბოდნენ: პური არ წამოგვიღიაო. 8 იცოდა ეს იესომ და უთხრა მათ: ,,რას ფიქრობთ გულში, მცირედ მორწმუნენო, პური რომ არ წამოგიღიათ? ნუთუ კიდევ ვერ გაგიგიათ და აღარ გახსოვთ იმ ხუთი ათასის ხუთი პური და რამდენი გოდორი აიღეთ? 10 აღარც ოთხი ათასის შვიდი პური და რამდენი კალათა აიღეთ? 11 რატომ ვერ გაგიგიათ, რომ პურის გამო არ მითქვამს, ერიდეთმეთქი ფარისეველთა და სადუკელთა საფუარს?“ 12 მაშინ მიხვდნენ, რომ იგი ეუბნებოდა, მორიდებოდნენ არა პურის საფაურს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას.

პეტრეს მიერ იესოს აღიარება


13 
ფილიპეს კესარიის მხარეს რომ მიდიოდნენ, იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს: ,,რას ამბობს ხალხი, ვინ არისო კაცის ძე?“ 14 მათ უთხრეს: ,,ზოგი ამბობს იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგი — ელიაო და ზოგი — იერემია ან ერთი წინასწარმეტყველთაგანიო.“ 15 უთხრა მათ: ,,თქვენ კი რას იტყვით: ვინა ვარ მე?“ 16 სიმონ-პეტრემ უთხრა მას პასუხად: ,,შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა.“ 17 მიუგო იესომ და უთხრა მას: ,,ნეტარ ხარ შენ, სიმონ იოანას ძევ, ვინაიდან შენ ეს გამოგიცხადა არა ხორცმა და სისხლმა, არამედ მამაჩემმა, რომელიც ცაშია. 18 მეც გეუბნები შენ: შენა ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი. 19 მოგცემ შენ ცათა სამეფოს გასაღებებს და, რასაც შეჰკრავ მიწაზე, ზეცაშიც შეკრული იქნება, და რასაც გახსნი მიწაზე, გახსნილი იქნება ცაშიც.“  20 მაშინ უბრძანა მოწაფეებს, არავისათვის გაემხილათ, რომ ის ქრისტეა.

იესო  – თავის სიკვდილსა და აღდგომაზე

21 მას შემდე დაიწყო იესომ გამხელა თავისი მოწაფეებისათვის, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს და ტანჯულიყო მღვდელმთავარებისა და მწიგნობრებისაგან, მოკლულიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო. 22 პეტრემ გაიხმო იგი და შეეპასუხა: ,,შეიწყალე თავი, უფალო, ნუმც ყოფილა ეგრე!“ 23 ის კი მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: ,,მომცილდი, სატანავ! ჩემი საცდური ხარ, ვინაიდან ღმერთისაზე კი არ ლაპარაკობ, არამედ კაცისაზე.“ 24 მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ,,ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე. 25 ვინაიდან ვისაც სურს თავისი სული გადაარჩინოს, ის დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის მოიპოვებს მას. 26 რა სარგებლობა ექნება ადამიანს, თუ მთელს ქვეყანას შეიძენს, თავის სულს კი დაღუპავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ? 27 ვინაიდან მოვა კაცის ძე თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულ კაცს მისი ნამოქმედარის მიხედვით. 28 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს თავისი სუფევით მომავალს.“

თავი მეთხუთმეტე                                                                                                                       თავი მეჩვიდმეტე 

Newer Post
Older Post

COMMENTS