Homeბიბლიაახალი აღთქმა

მათეს 17

ახალი აღთქმა
მათეს სახარება
ფერიცვალება

171 ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით. 2 და ფერი იცვალა მათ წინაშე: გაბრწყინდა მისი სახე მზესავით, ხოლო მისი სამოსელი გასპეტაკდა როგორც ნათელი. და  აჰა, გამოეცხადდნენ მათ მოსე და ელია, მასთან მოსაუბრენი. და უთხრა პეტრემ იესოს: ,,უფალო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. თუ გნებავს, გავაკეთებ აქ სამ კარავს: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას.“ ის ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი, და აჰა, ამბობს ხმა ღრუბლიდან: ,,ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე. მას უსმინეთ!“ ეს რომ ესმათ მოწაფეებს, პირქვე დაემხნენ და ძალიან შეეშინდათ. იესო მიუახლოვდა, და შეეხო მათ და უთხრა: ,,წამოდექით და ნუ გეშინიათ.“ 8 თვალი რომ გაახილეს, ვეღარავინ დაინახეს, გარდა იესოსი.
   9 და როცა მთიდან ჩამოდიოდნენ, იესომ უბრძანა მათ და უთხრა: ,,არავის არაფერი მოუყვეთ ამ ხილვაზე, ვიდრე ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგება.“ 10 ჰკითხეს მას მოწაფეებმა: ,,რატომ ამბობენ მწიგნობრები, პირველად ელია უნდა მოვიდესო?“ 11 ხოლო მან მიუგო და უთხრა: ,,ელია ნამდვილად მოვა და ყოველივეს მოაწესრიგებს. 12 თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ. კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა. 13 მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ ის იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდათ.

მთვარეულის განკურნება

14 და როცა ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა და მუხლი მოიდრიკა მის წინაშე. 15 და უთხრა: ,,უფალო, შეიწყალე ჩემი ძე, მთვარეულია და ძლიერ იტანჯება, ვინაიდან წარამარა ცეცხლში და წარამარა კიდევ წყალში ვარდება.“ 16 მივუყვანე იგი შენს მოწაფეებს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება. 17 მიუგო იესომ და უთხრა: ,,ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ იგი!“ 18 შერისხა იგი იესომ მოყვანისთანავე და ეშმაკი გამოვიდა მისგან. იმ საათშივე განიკურნა ყმაწვილი. 19 მაშინ განმარტოებით მიუახლოვდნენ მოწაფეები იესოს და უთხრეს: ,,ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განდევნა?“ 20 მან უთხრა მათ: ,,თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი. 21 ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება.“

იესო კვლავ ლაპარაკობს თავის სიკვდილსა და აღდგომაზე

22 გალილეაში ყოფნისას უთხრა მათ იესომ: ,,კაცის ძე გადაცემული იქნება ადამიანთა ხელში, 23 მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება.“ ისინი მეტისმეტად შეწუხდნენ.

ტაძრის ხარკისათვის

24 კაპერნაუმში მისვლისას მივიდნენ პეტრესთან დიდრაქმის ამკრებნი და უთხრეს: ,,თქვენი მოძღვარი რომ არ გადაიხდის დიდრაქმას?“ 25 მან უთხრა: კიო. როცა ის სახლში შევიდა, იესომ დაასწრო და უთხრა: ,,რას ფიქრობ, სიმონ, მიწიერი მეფენი ვისგან იღებენ ხარკს ან ბაჟს — თავიანთ ძეთაგან, თუ უცხოთაგან?“ 26 როცა თქვა: ,,უცხოთაგან,“ იესომ უთხრა მას: ,,აბა, ძენი თავისუფლები ყოფილან. 27 მაგრამ, რომ არ დავაბრკოლოთ ისინი, წადი ზღვაზე,  ისროლე ანკესი და პირველი თევზი, რომელიც მოხვდეს, ამოიყვანე, გაუღე პირი და შიგ იპოვი სტატირს. წამოიღე იგი, და მიეცი ჩემთვის და შენთვის.“

თავი მეთექვსმეტე                                                                                                                       თავი მეთვრამეტე

Newer Post
Older Post

COMMENTS