Homeბიბლიაახალი აღთქმა

მათეს 22

ახალი აღთქმა
მათეს სახარება
იგავი საქორწილო ნადიმზე

221 და მიუგო იესომ ისევ იგავით და უთხრა მათ: ,,ცათა სასუფეველი ჰგავს მეფეკაცს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გადაუხადა. 3 გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ მათ არ ისურვეს მოსვლა. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და უთხრა: ‘უთხარით მოწვეულებს: აჰა, მოვამზადე ჩემი სერობა, ჩემი ხარება და ნასუქალი პირუტყვი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში!’ მაგრამ მათ ყური არ უგდეს და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგი თავის სავაჭრო საქმეზე. სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს. ეს რომ მეფემ გაიგო, განრისხდა, გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცის მკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა. მაშინ უთხრა მან თავის მონებს: ‘ეს ქორწილი მზად არის, მაგრამ მოწვეულები არ იყვნენ ღირსნი. ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა, ვინც შემოგხვდეთ, მოიწვიეთ ქორწილში.’ 10 და გავიდნენ მონები გზებზე და შეკრიბეს ყველა, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტი თუ კეთილი, და საქორწილო დარბაზი აივსო სტუმრებით. 11 როცა მეფე შევიდა სტუმრების სანახავად და დაინახა იქ კაცი, რომელსაც საქორწილოს სამოსელი არ ეცვა, 12 უთხრა მას: ‘მეგობარო, აქ როგორ შემოხვედი, საქორწილო სამოსელი რომ არ გაცვია?“ ის კი დუმდა. 13 მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: ‘გაუკარით მაგას ხელფეხი და გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა.’ 14 ვინაიდან წვეული ბევრია, რჩეული კი ცოტა.“

კეისრისა კეისარს

15 მაშინ ფარისევლები წავიდნენ და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ იგი სიტყვაში. 16 და მიუგზავნეს მას თავის მოწაფეები და ჰეროდიანებთან ერთად და უთხრეს: ,,მოძღვარო, ვიცით რომ ჭეშმარიტი ხარ, ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას და არავის ერიდები, რადგან არ უყურებ კაცთა გარეგნობას. 17 ჰოდა, გვითხარი ჩვენ: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?“ 18 იესომ იცოდა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: ,,რატომ მცდით, თვალთმაქცნო? 19 მიჩვენეთ სახარკო მონეტა.“ და მიუტანეს მას დინარი. 20 უთხრა მათ: ,,ვისია ეს სახე და წარწერა?“ 21 უთხრეს მას: ,,კეისრისა!“ მაშინ უთხრა მათ: ,,მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა — ღმერთსა!“ 22 ეს რომ გაიგონეს, გაუკვირდათ, მიატოვეს იგი და წავიდნენ.

კითხვა აღდგომის შესახებ

23 იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, აღდგომა არ არსებობსო, და ჰკითხეს მას: 24 ,,მოძღვარო, მოსემ თქვა: თუ ვინმე უშვილოდ მოკვდეს, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოსო თესლი თავის ძმას. 25 ჩვენთან შვიდი ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა. შთამომავალი არ ჰყავდა და თავისი ცოლი ძმას დაუტოვა. 26 ასევე მეორემაც, მესამემაც, მეშვიდემდე. 27 ყველას შემდეგ ქალიც მოკვდა. 28 ჰოდა, აღდგომას იმ შვიდიდან ვისი ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა.“ 29 მიუგო იესომ და უთხრა მათ: ,,ცდებით, ვინაიდან არც წერილები იცით და არც ღვთის ძალა. 30 ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში. 31 ხოლო მკვდართა აღდგომაზე ნუთუ არ წაგიკითხავთ ღვთისაგან თქვენთვის თქმული: 32 ‘მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა?’ ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა.“ 33 ესმოდა ეს ხალხს და უკვირდა მისი მოძღვრება.

უდიდესი მცნება

34 როცა ფარისევლებმა გაიგეს, სადუკეველები გააჩუმაო, ერთად შეიკრიბნენ. 35 ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, გამოსაცდელად ჰკითხა მას: 36 ,,მოძღვარო, რომელი მცნებაა დიდი რჯულში?“ 37 მან უთხრა მას: ,,’შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.’ 38 ეს არის პირველი და დიდი მცნება. 39 და მეორე ამის მსგავსი: ‘შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.’ 40 ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.“

კითხვა დავითის ძეზე

41 როცა ფარისევლები შეიკრიბნენ, იესომ ჰკითხა მათ: 42 ,,რას ფიქრობთ თქვენ ქრისტეზე? ვისი ძეა იგი?“ მათ უთხრეს: ,,დავითისა.“ 43 უთხრა მათ: ,,აბა როგორღა უწოდებს დავითი სულში მას უფალს, როცა ამბობს: 44 ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა კვარცხლბეკად’? 45 თუ დავითი უფალს უწოდებს მას, მისი ძე როგორღაა?“ 46 ვერავინ შეძლო მისთვის სიტყვის მიგება. იმ დღიდან მოკიდებული კითხვას ვეღარავინ უბედავდა.

თავი ოცდამეერთე                                                                                                                        თავი ოცდამესამე

Newer Post
Older Post

COMMENTS