Homeბიბლიაახალი აღთქმა

მათეს 11

ახალი აღთქმა  
მათეს სახარება

111 როცა დაამთავრა იესომ თავისი თორმეტი მოწაფეების დარიგება, წავიდა იქიდან მათ ქალაქებში სამოძღვრად და საქადაგებლად.

იოანე ნათლისმცემლის მაცნეები

2 ხოლო იოანემ საპყრობილეში გაიგო ქრისტეს საქმენი და თავისი მოწაფეები გაუგზავნა, 3 რომ ეთქვათ მისთვის: ,,შენა ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას უნდა ველოდოთ?“ 4 მიუგო იესომ და უთხრა მათ: „წადით მოახსენეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ: 5 ბრმები ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ. 6 ნეტარია ვინც არ შეცდება ჩემში.“ 7 როცა ისინი მიდიოდნენ, იესომ დაუწყო ლაპარაკი ხალხს იოანეზე: ,,რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა? 8 აბა, რისთვის გახვედით, ფაფუკად შემოსილი კაცის სანახავად? ფაფუკად შემოსილები მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან. 9 აბა, რისთვის გახვედით? წინასწარმეტყველის სანახავად? აბა, გეტყვით თქვენ: წინასწარმეტყველზე მეტისაც. 10 ვინაიდან ეს ის არის ვისზედაც დაწერილია: ‘აჰა, მე ვგზავნი შენს წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე.’ 11 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია. 12 იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება და ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას. 13 ვინაიდან ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ. 14 თუ მიღება გსურთ, ის არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს. 15 ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!    16 მაგრამ ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? იგი წააგავს ბავშვებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და გასძახიან თავიანთ ამხანაგებს 17 და ეუბნებიან: ‘სალამურს გიკრავდით და არ ცეკვავდით, გიგოდებდით  და არ იგლოვეთ.’ 18 მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო. 19 მოვიდა კაცის ძე, ჭამს და სვამს, და ამბობენ: ‘აჰა, კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარი.’ სიბრძნე კი საქმეებით მართლდება.“

ვაი მოუნანიებელ ქალაქებს

 

20 მაშინ იწყო იესომ იმ ქალაქების ყვედრება, სადაც ყველაზე მეტად გამოვლინდა მისი ძალნი, იმის გამო, რომ არ მოინანიეს. 21 ,,ვაი შენ,  ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდავ! ვინაიდან ტვიროსსა და ციდონში რომ მომხდარიყო ძალნი, რომლებიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინათ ძაძებში და ნაცარში მოინანიებდნენ. 22 მაგრამ გეუბნებით თქვენ: ტვიროსსა და ციდონს უფრო გაუადვილდებათ განკითხვის დღეს, ვიდრე თქვენ. 23 შენ კი, კაპერნაუმო, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები. ვინაიდან სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალნი, შენში რომ მოხდა, იგი ამ დღემდე იდგებოდა. 24 ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე შენ.“

მოდით ჩემთან და მე მოგასვენებთ

25 მაშინ თქვა იესომ: ,,გადიდებ, შენ მამაო, უფალო ცისა და მიწისაო, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და განუცხადე ჩვილებს. 26 აჰა, მამაო! ვინაიდან ასეთი იყო შენი ნება. 27 ყოველივე ჩემი მამის მიერ გადმომეცა მე და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ გამოეცხადოს. 28 მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. 29 იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30 ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი  — მსუბუქი.“

თავი მეათე                                                                                                                                     თავი მეთორმეტე

Newer Post
Older Post

COMMENTS