ახალი აღთქმა
მათეს სახარება
იგავი მთესველზე
131 იმ დღეს გამოვიდა იესო სახლიდან და დაჯდა ზღვის პირას. 2 დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან, ისე რომ იგი შევიდა და ჩაჯდა ნავში, ხოლო მთელი ხალხი ნაპირზე იდგა. 3 ბევრს ასწავლიდა მათ იგავებით და ეუბნებოდა: ,,აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად. 4 თესვისას ზოგი მარცვალი გზისპირას ჩავარდა, მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს იგი. 5 ზოგი კლდოვანზე დაცვივდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგს სიღრმე არ ჰქონდა. 6 ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა. 7 ზოგი ეკლებში ჩაცვივდა. გაიზარდა ეკლები და გააჩანაგა ისინი. 8 ზოგი კი კარგ მიწაზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი. 9 ვისაც ყური აქვს, ისმინოს!“
იგავების მიზანი
10 მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს მას: ,,რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?“ 11 მან პასუხად უთხრა მათ: ,,იმიტომ, რომ თქვენ მოცემული გაქვთ ცოდნა ცათა სასუფევლის საიდუმლოებათა, მათ კი არა აქვთ ეს მიცემული. 12 ვინაიდან, ვისაც აქვს, მას მიეცემა და ექნება უხვად, და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს. 13 იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ ისინი უყურებენ და ვერ ხედავენ, უსმენენ და არ ესმით და ვერ ხვდებიან. 14 სრულდება მათზე ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობს: ‘სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ მიხვდებით, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ დაინახავთ. 15 რადგან დაეხშო ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები, რომ თვალით არ დაინახონ და ყურით არ მოისმინონ. გულით არ გაიგონონ და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.’ 16 ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და თქვენი ყურები, რომ ისმენენ. 17 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდა ეხილა ის, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილეს, და ესმინათ, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს.
მთესველის იგავის ახსნა
18 ხოლო თქვენ მოისმინეთ მთესველის იგავი. 19 ყველას, ვისაც ესმის სიტყვა სასუფეველზე და ვერ ხვდება, მიუვა ბოროტი და მოსტაცებს მის გულში ჩათესილს: აი, რას ნიშნავს გზისპირას დათესილი. 20 ხოლო კლდოვანზე დათესილი ის არის, ვინც სიტყვას მოისმენს და მაშინვე სიხარულით მიიღებს მას, 21 მაგრამ ფესვები არა აქვს თავისში და ხანმოკლეა. რაჟამს დადგება გასაჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მაშინვე ცდუნდება. 22 ხოლო ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აჩანაგებენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქმნა. 23 ხოლო, კარგ მიწაზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება, და სწორედ ის არის ნაყოფიერი. და ზოგი ასს გამოიღებს, ზოგი სამოცს და ზოგიც ოცდაათს.“
იგავი ღვარძლზე
24 სხვა იგავი მიაწოდა მათ და უთხრა: ,,ცათა სასუფეველი ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში. 25 როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში ღვარძლი ჩათესა და წავიდა. 26 ხოლო როცა ჯეჯილი ამოვიდა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი. 27 მივიდნენ მონები და უთხრეს სახლის პატრონს: ‘ბატონო! განა შენ კარგი თესლი არ დათესე შენს ყანაში? საიდანღა აქვს მას ღვარძლი?’ 28 მან კი უთხრა მათ: ‘მტერმა კაცმა გააკეთა ეს.’ ხოლო მონებმა უთხრეს მას: ‘გინდა, წავალთ და გავმარგლავთ?’ 29 მან თქვა :’არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ გაგლიჯოთ. 30 დააცადეთ, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკალთ: ჯერ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი. ხორბალი კი ჩემს ბეღელში შეაგროვეთ.’“
იგავი მდოგვის მარცვალსა და საფუარზე
31 სხვა იგავი მიაწოდა მათ და უთხრა: ,,ცათა სასუფეველი წააგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბოსტანში. 32 იგი ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა იზრდება, ყოველ მწვანილეულზე დიდია და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინდებიან ცის ფრინველები და მის ტოტებზე პოულობენ თავშესაფარს.“
33 მერე სხვა იგავი უთხრა მათ: ,,ცათა სასუფეველი წააგავს საფუარს, რომელიც დედაკაცმა აიღო და დაფარა სამ წყვა ფქვილში, ვიდრე მთლიანად არ გაფუვდა.“
იგავების გამოყენება
34 ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა იესო ხალხს და იგავის გარეშე არაფერს ეუბნებოდა. 35 რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: ,,იგავებით გავხსნი ჩემს პირს. ვიტყვი, რაც დასაბამიდან დაფარულია.“
ღვარძლის იგავის ახსნა
36 მაშინ გაუშვა იესომ ის ხალხი და შინ შევიდა. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: ,,გაგვიმარტე ყანის ღვარძლის იგავი.“ 37 მან მიუგო და უთხრა : ,,კეთილი თესლის მთესველი კაცის ძეა. 38 საყანე კი სოფელია. კეთილი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი — ბოროტის ძენი. 39 ხოლო მტერი, რომელმაც ის დათესა, არის ეშმაკი. მკა კი არის სოფლის აღსასრული, ხოლო მომკალნი ანგელოზები არიან. 40 ამიტომ, როგორც ღვარძლს აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, ასევე იქნება სოფლის დასასრულს. 41 ვინაიდან მოავლენს კაცის ძე თავის ანგელოზებს და მოაგროვებენ მისი სამეფოდან ყოველ საცდურსა და ურჯულოების მოქმედს, 42 და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა. 43 მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სასუფეველში. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!
სამი იგავი
44 ცათა სასუფეველი წააგავს განძს, მინდორში დაფარულს, რომელსაც წააწყდება კაცი და ჩამალავს, სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაცა აბადია, და ყიდულობს იმ მინდორს. 45 კიდევ: ცათა სასუფეველი წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძებს. 46. როცა წააწყდება ერთ ძვირფას მარგალიტს, წავა, გაყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და იმას შეიძენს.
47 კიდევ: ცათა სასუფეველი წააგავს ბადეს, რომელსაც ზღვაში მოისვრიან და ყოველნაირი სახის თევზს იჭერენ. 48 როცა ივსება, გამოაქვთ ნაპირზე, მერე დასხდებიან, კარგებს ჭურჭლებში მოათავსებენ, ხოლო ცუდებს გარეთ გადაყრიან. 49 ასევე იქნება სოფლის აღსასრულის დროს: გამოვლენ ანგელოზები და განაცალკავებენ ბოროტებს მართლებისაგან. 50 და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.
ძველი და ახალი განძი
51 თუ გაიგეთ ყოველივე ეს?“ — დიახო, — მიუგეს მას. 52 მან კი უთხრა მათ: ,,ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველი და ახალი.“
იესოს უარყოფა ნაზარეთში
53 იგავები რომ დაასრულა იესომ, იქაურობას გაეცალა. 54 მივიდა თავის სამშობლოში და ასწავლიდა მათ თავიანთ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ,,საიდან აქვს მას ეს სიბრძნე და სასწაულები? 55 განა ეს ხუროს ძე არ არის? დედამისს განა მარიამი არ ჰქვია? მის ძმებს კი — იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა? 56 განა მისი დები ყველანი ჩვენს შორის არ არიან? საიდან აქვს ამას ყოველივე ეს?“ 57 და შებრკოლდნენ მის გამო. იესომ კი უთხრა მათ: ,,წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატიოდ, გარდა თავისი სამშობლოსი და საკუთარი სახლისა.“ 58 და არ მოუხდენია იქ ბევრი სასწაული მათი ურწმუნოების გამო.
COMMENTS