Homeმათეს სახარება

მათეს 21

ახალი აღთქმა
მათეს სახარება
ზეიმით შესვლა იერუსალიმში

211 როცა იერუსალიმს მიუახლოვდნენ და ბეთბაგეში მივიდნენ, ზეთისხილის მთასთან, იესომ გაგზავნა ორი მოწაფე. 2 უთხრა მათ: ,,წადით სოფელში, რომელიც თქვენს წინაა, და მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს და მასთან ერთად ჩოჩორს. აუშვით და მომიყვანეთ. 3 და თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით: უფალს სჭირდება—თქო და მაშინვე გამოგატანთ მათ.“ ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: ,,უთხარით სიონის ასულს: ‘აჰა, შენი მეფე შენთან მოდის, მშვიდი და მჯდარი ვირზე და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე.’“ მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც იესომ უბრძანა. მოჰგვარეს მას ვირი და ჩოჩორი, დაუფინეს ზედ თავიანთი სამოსლები და დაჯდა მათზე. დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე. სხვები კი ხეებიდან რტოებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ. ხოლო ხალხი, წინ რომ უძღვოდა და უკან მისდევდა, შესძახოდა: ,,ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა მაღალთა შინა!“ 10 როცა ის შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა და ამბობდნენ: ეს ვინ არისო? 11 ხალხი კი ამბობდა: ,,ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან.“

ტაძრის განწმედა

12 შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო, გადააყირავა მეკერმეთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები. 13 უთხრა მათ: ,,დაწერილია: ‘ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება,’ თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად გიქცევიათ იგი!“
14 მივიდნენ მასთან ტაძარში ბრმები და კოჭლები და მან განკურნა ისინი. 15 როცა დაინახეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა სასწაული, რომელიც მან მოახდინა, ბავშვები, რომელნიც ტაძარში იძახდნენ და ამბობდნენ: ოსანა დავითის ძესო, გული მოუვიდათ. 16 და უთხრეს მას: ,,თუ გესმის, რას ამბობენ ისინი?“ იესომ უთხრა მათ: ,,დიახ! ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ: ‘ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაიმკვიდრე დიდება.’“ 17 და დატოვა ისინი, გავიდა ქალაქიდან ბეთანიაში და ღამე იქ გაათია.

ლეღვის ხის დაწყევლა

18 განთიადისას, ქალაქში რომ ბრუნდებოდა, მოშივდა. 19 გზაზე ერთი ლეღვის ხე დაინახა, მივიდა ახლოს და ვერაფერი იპოვა ზედ, გარდა ფოთლებისა, და უთხრა მას: ,,ნუღარასდროს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე.“ და მყისვე გახმა ლეღვი. 20 დაინახეს ეს მოწაფეებმა, გაუკვირდათ და თქვეს: ,,რა უცბად გახმა ეს ლეღვი!“ 21 მიუგო იესომ და უთხრა მათ: ,,ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ:  თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, მარტო იმას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს დაემართა, არამედ იმ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ასე მოხდება.

რომელი ხელმწიფებით?

22 ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ.“ 23 როცა ტაძარში შევიდა და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას: ,,რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას, ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“ 24 მიუგო იესომ და უთხრა მათ: ,,მეც გკითხავთ თქვენ ერთ სიტყვას და თუ მიპასუხებთ, მაშინ მეც გეტყვით თქვენ რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. 25 საიდან იყო იოანეს ნათლისცემა: ზეციდან თუ კაცთაგან?“ ხოლო ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: ,,თუ ვიტყვით: ზეციდანო, გვეტყვის, აბა, რატომ არ ერწმუნეთო მას? 26 თუ ვეტყვით: კაცთაგანო, ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე.“ 27 მიუგეს იესოს და უთხრეს: არ ვიცითო. მანაც უთხრა მათ: ,,არც მე გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
იგავი ორ ძეზე

28 ,,აბა, რა გგონიათ თქვენ? ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. მივიდა პირველთან და უთხრა: ‘შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში.’ 29 მიუგო და უთხრა: ‘არ მინდა,’ ბოლოს კი ინანა და წავიდა. 30 მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა, მან კი პასუხად უთხრა: ‘წავალ, ბატონო.’ მაგრამ არ წავიდა. 31 ამ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება?“ უთხრეს: ,,პირველმა.“ უთხრა მათ იესომ: ,,ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავები თქვენზე წინ შევლენ ღვთის სასუფეველში. 32 ვინაიდან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას, ხოლო მებაჟეები და მეძავები ერწმუნენ. თქვენ კი იხილეთ ეს და მიანც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ იგი.

იგავი ვენახზე და მიწისმუშაკებზე

33 ,,მოისმინეთ სხვა იგავი: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ვაზი ჩაყარა, გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო, მიწისმუშაკთ ჩააბარა და წავიდა. 34 რთველი რომ მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზავნა მიწისმუშაკთ მისი ნაყოფის მისაღებად. 35 მიწისმუშაკებმა შეიპყრეს მისი მონები. ზოგსა სცემეს, ზოგნი დახოცეს, ზოგნი ჩაქოლეს. 36 კიდევ გაუგზავნა სხვა მონები, უწინდელზე მეტი, იმათაც ასევე მოექცნენ. 37 ბოლოს თავის ძე გაგზავნა მათთან და თქვა: ჩემი ძისა მოერიდებათო. 38 მაგრამ მიწისმუშაკებმა ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: ‘ეს მემკვიდრეა, მოდი, მოვკლათ იგი და დავისაკუთროთ მისი სამკვიდრებელი!’ 39 და შეიპყრეს იგი, გაიყვანეს ვენახს იქით და მოკლეს. 40 აბა, როცა ვენახის პატრონი მოვა, რას უზამს ამ მიწისმუშაკთ?“ 41 უთხრეს მას: ,,ამ ბოროტეულთ ბოროტად დახოცავს და ვენახს გადასცემს სხვა მიწისმუშაკთ, რომლებიც ნაყოფს თავის დროზე მისცემენ.“ 42 უთხრა მათ იესომ: ,,ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ წერილებში: ‘ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისაგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში’ 43 ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღვთის სასუფეველი და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს თავის ნაყოფს. 44 ის, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაილეწება, ხოლო ვისაც დაეცემა, გასრესს.“
   45 მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა იგავი რომ მოისმინეს, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა. 46 ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.
თავი მეოცე                                                                                                                                     თავი ოცდამეორე      
Newer Post
Older Post

COMMENTS