Homeბიბლიაახალი აღთქმა

მათეს 6

ახალი აღთქმა
მათეს სახარება
სწავლება ქველმოქმედებაზე

61 ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან. 2 ჰოდა, როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა აქოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. 3 შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა. 4 რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავს შენ ცხადად.

სწავლება ლოცვაზე


5
 როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა ხალხს თავი მოაჩვენონ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთ საზღაური. შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ. ხოლო ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს წარმართებივით, ვინაიდან მათ ჰგონიათ, რომ თავიანთ მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან. ნუ მიბაძავთ მათ, ვინაიდან თქვენმა მამამ იცის, რა გიჭირთ თქვენ, ვიდრე სთხოვდეთ. თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი. 10 მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. 11 პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. 12 და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა. 13 და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ. 14 ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა. 15 ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.

სწავლება მარხვაზე

16 ასევე როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი. ვინაიდან ისინი იმწუხრებენ სახეებს, რათა ადამიანებს მარხულად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. 17 ხოლო შენ, როცა მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი, 18 რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს.

საუნჯე ცაში


19 
ნუ დაიუნჯებთ მიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ. 20 დაიუნჯეთ ცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ. 21 ვინაიდან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება.

თვალი — სანთელი სხეულისა

22 
სხეულის სანთელი თვალია. ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება. 23 ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. თუკი ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა, სიბნელე რამდენად დიდი იქნება?

ორი ბატონის მსახური


24 
არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს, ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და სიმდიდრესაც.

ნუ ზრუნავთ


25 
ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისათვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სული საზრდოზე მეტი არ არის და სხეული — სამოსელზე? 26 შეხედეთ ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არ ხართ? 27 რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა  შემატოს? 28 სამოსელზე რაღას  ზრუნავთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. 29 მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომინიც კი, მთელს თავის დიდებაში, არ შემოსულა ისე, როგორც ერთი ამათგანი. 30 თუკი მინდვრის ბალახს, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო? 31 ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ, ან: რა ვსვათ? ან რით შევიმოსოთო? 32 ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ. ვინაიდან თქვენმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს. 33 თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ. 34 ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი საზრუნავი.

თავი მეხუთე                                                                                                                                      თავი მეშვიდე      

Newer Post
Older Post

COMMENTS