Homeბიბლიაახალი აღთქმა

მათეს 20

ახალი აღთქმა
მათეს სახარება
ვენახი და მუშაკები

201 ,,ვინაიდან ცათა სასუფეველი წააგავს ადამიანს — სახლის პატრონს, რომელიც დილაადრიან გავიდა თავის ვენახში მუშაკთა დასაქირავებლად. მუშაკებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და გაისტუმრა თავის ვენახში, მესამე საათი იქნებოდა, რომ გავიდა და დაინახა სხვები, ბაზარში უქმად მდგარნი. და უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში და, რაც გერგებათ, მოგცემთო. და ისინიც წავიდნენ. კიდევ გავიდა მეექვსე და მეცხრე საათზე, და ასევე მოიქცა. გავიდა მეთერთმეტე საათზე, ნახა სხვა უქმად მდგომნი და უთხრა მათ: ‘რატომ დგახართ აქ მთელ დღეს უქმად?’ უთხრეს მას: ‘იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა.’ უთხრა მათ: ‘წადით ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთ.’ რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა უთხრა თავის მოურავს: ‘დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე ქირა, უკანასკნელიდან პირველამდე.’ მივიდნენ მეთერთმეტე საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი. 10 პიველადმოსულებმა იფიქრეს, მეტს მივიღებთო, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს. 11 როცა მიიღეს, ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს, 12 ამბობდნენ : ‘ამ უკანასკნელმა მხოლოდ ერთი საათი წაიმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე დავითმინეთ.’ 13 მან კი მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: ‘მეგობარო, არ გჩაგრავ. განა დინარად არ მომირიგდი? 14 აიღე შენი გასამრჯელო და წადი. მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ. 15 არა მაქვს უფლება, რომ ჩემი კუთვნილი ჩემი ნებისამებრ განვაგო? იქნებ შენს თვალს შურს, კეთილი რომ ვარ?’ 16 ასე იქნებიან უკანასკნელი პირველნი და პირველნი — უკანასკნელნი, ვინაიდან წვეული ბევრია, რჩეული კი — ცოტა.“

იესო მესამედ ლაპარაკობს თავის სიკვდილსა და აღდგომაზე

17 იერუსალიმს რომ ადიოდა, იესომ თან გაიყოლა თორმეტნი განცალკევებით და უთხრა მათ გზაში: 18 ,,აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმს და კაცის ძე გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობართ, და სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას. 19 გადასცემენ მას წარმართებს, რომ შეაგინონ, გაშოლტონ და ჯვარს აცვან, და მესამე დღეს აღდგება.“

ზებედეს ძეთა დედის თხოვნა

20 მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ძეთა დედა, თავის ვაჟებთან ერთად, თაყვანსა სცემდა და რაღაცას ითხოვდა მისგან. 21 უთხრა მას: ,,რა გინდა?“ უთხრა მას: ,,თქვი, რომ ეს ჩემი ორი ძე დასხდნენ ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ შენს სასუფეველში.“ 22 მიუგო იესომ და უთხრა: ,,არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ იმ სასმისის შესმა, რომელსაც მე შევსვამ?“ უთხრეს მას: ,,შეგვიძლია.“ 23 და უთხრა მათ: ,,ჩემი სასმისს შესვამთ, მაგრამ ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ დაჯდომის ნებართვა ჩემგან არ არის, არამედ ვისთვისაც გამზადებულია მამაჩემის მიერ.“ 24 ეს რომ ათმა გაიგონა, გული მოუვიდათ ორ ძმაზე.  25 იესომ კი მოიხმო ისინი და უთხრა: ,,თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ მათზე და დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე, 26 მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ, ვისაც თქვენს შორის დიდობა სურს, თქვენი მსახური იყოს. 27 ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, თქვენი მონა იყოს. 28 ისევე, როგორც კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად.“

ორი ბრმის განკურნება

29 როცა ისინი იერიქოდან გამოდიოდნენ, დიდძალი ხალხი მისდევდა მას. 30 და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას და, როცა გაიგონეს, იესო აქეთ მოდისო, აყვირდნენ  და ამბობდნენ: ,,შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო!“ 31 ხალხი კი უწყრებოდა მათ და აჩუმებდა. ხოლო ისინი უფრო მეტად აყვირდნენ და ამბობდნენ: ,,შეგვიწყალე, უფალო დავითის ძეო!” 32 იესო შეჩერდა, დაუძახა მათ და უთხრა: ,,რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?” 33 უთხრეს მას: ,,თვალები რომ აგვიხილო, უფალო.“ 34 შეებრალა იესოს ისინი და შეეხო მათ თვალებს. მყისვე აეხილათ და გაჰყვნენ მას.

თავი მეცხრამეტე                                                                                                                        თავი ოცდამეერთე

Newer Post
Older Post

COMMENTS