მართალი ბიბლიური ციტატები

იგავნი 20:7
მართალი თავის უბიწობით დადის, ნეტარნი არიან მისი ძენი მის შემდეგ.

ფსალმუნები 36:21
ბოროტი სესხულობს და არ იხდის, მართალი კი მოწყალეა და გასცემს.

იგავნი 10:11
მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეულთა პირს კი ძალადობა დაფარავს.

იგავნი 12:5
მართალთა ფიქრები სამართლისკენაა, ბოროტეულთა ზრახვები კი ვერაგობისკენ.

იგავნი 13:5
მართალს სძულს სიყალბე, უკეთური კი სამარცხვინოდ და უღირსად იქცევა.+

იგავნი 15:28
დაფიქრდება მართლის გული სანამ უპასუხებს, ბოროტთა პირი კი სიავეს აფრქვევს.

იგავნი 21:25-26
ზარმაცს საკუთარი სიხარბე კლავს, რადგან მისი ხელები უარს ამბობენ მუშაობაზე;  მთელ დღეს ხარბად სწადია რაღაც, მართალი კი გასცემს და არ ზოგავს.

იგავნი 29:7
იცის მართალმა ღარიბთა უფლებები, უკეთურს კი არც უნდა რომ იცოდეს.

მათეს 25:31-40
ხოლო, როცა თავისი დიდებით მოვა ძე კაცისა და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე.  შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს ერთიმეორისგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისგან.  დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, თხებს კი – თავის მარცხნივ.  მაშინ ეტყვის მეფე მარჯვნივ მდგომთ: მოდით, მამაჩემის მიერ კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სამეფო. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და მიმიღეთ;  შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მიპატრონეთ; საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ.  მაშინ ეტყვიან მას მართლები პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით?  როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ?  როდის გიხილეთ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ?  მეფე მიუგებს მათ პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ.

ფსალმუნები 145:8
უფალი თვალს უხელს ბრმებს, უფალი წამოაყენებს წელში მოხრილებს, მართალნი უყვარს უფალს.

დაბადება 18:20-32
და თქვა უფალმა: „რაკი ფრიად გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე და მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები,” ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია; თვითონ შევიტყობ”.  გაემართნენ ეს კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს. აბრაჰამი კი ჯერ კიდევ უფლის წინაშე იდგა.  მიეახლა აბრაჰამი და უთხრა: „ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად?  ეგებ ორმოცდაათი მართალი აღმოჩნდეს მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ დაინდობ მაგ ადგილს, იქ არსებული ორმოცდაათი მართალის გამო?  შორს შენგან ასეთი საქმე – რომ მართალი უკეთურთან ერთად დაღუპო და უკეთურივით იყოს მართალი! შორს შენგან – რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა, სამართლიანად არ განსაჯოს!”  უთხრა უფალმა: „თუ ვპოვებ სოდომში ორმოცდაათ მართალს მთელ ქალაქში, მაშინ შევიწყალებ მაგ ადგილს”. მიუგო აბრაჰამმა: „გავკადნიერდი, რომ ვლაპარაკობ ჩემს მეუფესთან მე, მტვერი და ნაცარი.  იქნებ ორმოცდაათ მართალს მხოლოდ ხუთი დააკლდეს, ნუთუ ამის გამო დაღუპავ მთელ ქალაქს?” უპასუხა: „არ დავღუპავ, თუ ვპოვებ ორმოცდახუთს!”  განაგრძო აბრაჰამმა საუბარი და თქვა: „იქნებ ორმოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: „არც ორმოცისთვის ჩავიდენ ამას”.  კვლავ თქვა აბრაჰამმა: „ნუ განრისხდები მეუფეო, მაგრამ იქნებ ოცდაათი აღმოჩნდეს?” უპასუხა: „არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვებ ოცდაათს”.  კვლავ უთხრა: „გავკადნიერდი, რომ ჩემს მეუფეს ველაპარაკები: იქნებ ოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: „ოცისთვისაც არ დავღუპავ”.  თქვა აბრაჰამმა: „ნუ განმირისხდება უფალი და ერთხელაც ვიტყვი: ათი კაცი რომ აღმოჩნდეს?” უთხრა: „არც ათისთვის დავღუპავ”.  და წავიდა უფალი, როგორც კი აბრაჰამთან საუბარი დაასრულა; და დაბრუნდა აბრაჰამიც თავის ადგილზე.

იგავნი 18:10
უფლის სახელი მყარი კოშკია; მასში შერბის მართალი და დაცულია.

ფსალმუნები 54:22
მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის განგამტკიცებს, არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას.

იგავნი 10:29
უფლის გზა სიმაგრეა უბიწოთათვის, სიავის ჩამდენთათვის კი განადგურება.

იგავნი 11:8
მართალი თავს დააღწევს განსაცდელს, მის ნაცვლად ბოროტს ეწევა იგი.

იგავნი 12:21
არავითარი ზიანი არ შეემთხვევა მართალს, ბოროტეულნი კი უბედურებით არიან სავსენი.

იგავნი 10:3
არ დაამშევს მართალ კაცს უფალი, უკეთურთა გულისწადილს კი ხელს კრავს.

ფსალმუნები 36:25
ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული და მისი შთამომავლობა პურზე ხელგაწვდილი.

იგავნი 12:25
დარდიანი გული თრგუნავს კაცს, კეთილი სიტყვა კი ახარებს.

ფსალმუნები 5:12
რადგან შენ აკურთხებ მართალს, უფალო, და ისე მოსავ შენი წყალობით, როგორც ჯავშნით.

იგავნი 3:33
უფლის წყევლაა ბოროტეულის სახლზე, მართალთა სამკვიდრებელს კი აკურთხებს.

1 პეტრეს 3:12
რადგან უფლის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი – მათი ვედრების მიმართ; ხოლო მისი სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა.

ფსალმუნები 33:17
მოუხმობენ მართალნი და ისმენს უფალი – ყველა გასაჭირისგან იხსნის მათ.

იგავნი 15:29
შორსაა უკეთურთაგან უფალი, მართალთა ლოცვას კი ისმენს.

რომაელთა 1:17
ვინაიდან, მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: „მართალი იცოცხლებს რწმენით”.

გალატელთა 3:11
ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, რადგან მართალი იცოცხლებს რწმენით.

იგავნი 12:3
კაცი ბოროტებით ვერ დაფუძნდება, მართალთა ფესვი კი არ შეირყევა.

იგავნი 10:30
საუკუნოდ არ შეირყევა მართალი, ბოროტეული კი ვერ დამკვიდრდება ქვეყანაზე.

იგავნი 11:28
თავის სიმდიდრეზე დაიმედებული დაეცემა, მართალი კი მწვანე ფოთოლივით გაიშლება.

იგავნი 12:7
დაემხობიან ბოროტეულნი და აღარ იქნებიან, მართალთა სახლი კი იდგება.

იგავნი 28:1
ბოროტი მაშინაც გარბის, როცა არავინ მისდევს, მართალი კი ლომივით გაბედულია.

ეზეკიელი 18:24
ხოლო, თუ მართალი შეაქცევს ზურგს თავის სიმართლეს და ჩაიდენს ყველა იმ უმართლობას, რასაც ბოროტი სჩადის, განა იცოცხლებს? აღარ გაუხსენებენ მთელ მის სიმართლეს, თავის დანაშაულში, რითაც მუხთლობდა და ცოდვაში, რასაც სცოდავდა – მოკვდება!

მეორე რჯული 16:19
არ გაამრუდოთ სამართალი, მიკერძოებით ნუ განსჯით და ქრთამი არ აიღოთ, რადგან ქრთამი თვალებს უბრმავებს ბრძენთ და აუკუღმართებს მართალთა სიტყვებს.

ეზეკიელი 3:20
ხოლო როცა მართალი თავისი სიმართლისგან მიიქცევა და ურჯულოებას ჩაიდენს, დაბრკოლებას დავუდებ წინ და მოკვდება, რადგან არ გააფრთხილე. თავის ცოდვაში მოკვდება ის და მართალ საქმეებს, მან რომ მოიმოქმედა, აღარ გაიხსენებენ; მის სისხლს კი შენგან მოვიკითხავ.

ეზეკიელი 3:12-13
ამის შემდეგ სულმა ამიყვანა და მომესმა ჩემს უკან ძლიერი გრუხუნის ხმა: „კურთხეულ იყოს უფლის დიდება მისი სამყოფელიდან”.  ეს იყო არსებების ფრთების ხმა, ერთმანეთს რომ ეხებოდნენ, მათ გვერდით ხმა ბორბლებისა და ძლიერი გრუხუნის ხმა.

გოდება 4:11-13
გადმოაფრქვია უფალმა თავისი გულისწყრომა, გადმოიღვარა მისი მძვინვარების ცეცხლი, ააგიზგიზა სიონი და შთანთქა მისი საფუძვლები.  არც კი ეჯერათ ქვეყნის მეფეებსა და ქვეყნიერების მცხოვრებთ, რომ შემჭირვებელი და მტერი შევიდოდა იერუსალიმის კარიბჭეებში.  მის წინასწარმეტყველთა ცოდვებისა და მის მღვდელთა ურჯულოების გამო მოხდა ეს, მის წიაღში რომ ღვრიდნენ მართალთა სისხლს.

ამოსი 2:6-7
ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ისრაელს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო – ვინაიდან მართალს ვერცხლზე ყიდიან და წყვილ ფეხსაცმელზე – ღარიბს.  თავზე მიწის მტვერს აყრიან უმწეოთ და გზას უმრუდებენ ჩაგრულთ; მამა-შვილი ერთ ქალთან შედის, რათა შებღალონ ჩემი წმიდა სახელი!

ამოსი 5:12
რადგან ვიცი, რომ უამრავია თქვენი დანაშაული და დიდია თქვენი ცოდვა: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და ღარიბ-ღატაკს უკან აბრუნებთ კარიბჭიდან.

მათეს 5:45
რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც.

ფსალმუნები 57:10-11
გაიხარებს მართალი, როცა იხილავს შურისგებას; ფეხებს დაიბანს ბოროტის სისხლში.  და იტყვის კაცი: – ნამდვილად აქვს საზღაური მართალს! მართლაც არის ღმერთი, რომელიც განსჯის ქვეყნიერებას.

ფსალმუნები 91:12-15
მართალი კი ფინიკივით გაიფურჩქნება, ლიბანის კედარივით წამოიმართება.  უფლის სახლში დარგულნი, ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან;  სიბერეშიც გამოიღებენ წვნიანსა და ხასხასა ნაყოფს.  რათა გაცხადდეს, რომ მართალია უფალი – კლდე ჩემი; და არ არის მასში უსამართლობა.

იგავნი 13:21-22
ცოდვილთ ბოროტება დასდევს, მართალთ კი სიკეთე მიეზღვებათ.  კეთილი კაცი შვილიშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს, ცოდვილის ქონება კი მართლისთვის ინახება.

ესაია 3:10
უთხარით მართალს, რომ ნეტარია, რადგან თავის შრომის ნაყოფს შეჭამს.

იგავნი 14:32
უკეთური თავისი ბოროტების გამო დაემხობა, მართალი კი სიკვდილშიც თავშესაფარს ჰპოვებს.