Homeბიბლიაახალი აღთქმა

1 პეტრეს 3

ახალი აღთქმა
პეტრე მოციქულის პირველი წერილი
ცოლები და ქმრები

31 ასევე ცოლები დაემორჩილონ თავიანთ ქმრებს, რათა ისინი, ვინც არ ერწმუნებიან სიტყვას, სიტყვის გარეშე გახდნენ მოგებულნი თავიანთი ცოლების საქციელით, 2 როცა დაინახავენ თქვენს უბიწო ქცევას მოშიშობით. თქვენი მშვენება ნუ იქნება გარეგნობა: თქმის ნაწნავები, ოქროს სამკაულები და ჩაცმულობა, არამედ გულის დაფარული კაცი უხრწნელ მყუდროებაში და სულის სიმშვიდეში, რაც ძვირფასია ღვთის წინაშე. ღვთის მოსავი წმიდა ქალებიც ოდესღაც ასე იმკობდნენ თავს, თავიანთ ქმრებს დამორჩილებულნი, 6 როგორც სარა დაემორჩილა და ბატონი უწოდა აბრაამს, რომლის შვილებიცა ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ. თქვენც, ქმრებო, გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უუძლურეს ჭურჭელს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.

ტანჯვა სიმართლისათვის

ბოლოს: იყავით ყველანი ერთი აზრისანი, თანამგრძნობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი. ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ და ლანძღვას ლანძღვის წილ. პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისათვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ. 10 რადგან, ვისაც სიცოცხლე უყვარს და კეთილი დღეების ხილვა, შეიკავოს ენა ბოროტისაგან და მისი ბაგეები ნუ იტყვიან ზაკვას. 11 ერიდოს ბოროტს, სიკეთე აკეთოს, ეძიებდეს მშვიდობას და მისკენ ისწრაფოდეს, 12 რადგან ღვთის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი — მათი ვედრების მიმართ, ხოლო ღვთის სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა.
   13 ვინ გიბოროტებთ, თუ კეთილის მოშურნე იქნებით? 14 მაგრამ ნეტარნი ხართ თქვენ, რომ იტანჯოთ კიდეც სიმართლისათვის. მათი შიშით ნურც შეშინდებით და ნურც დაღონდებით. 15 წმიდაჰყავით ქრისტე, როგორც უფალი, თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა–განმარტებას მოგთხოვთ. 16 კეთილი სინდისი გქონდეთ, რათა, რისთვისაც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში შერცხვნენ თქვენი ქრისტესმიერი კეთილი ქცევის შეურაცხმყოფელნი. 17 რადგან, თუ ღმერთს ნებავს, უმჯობესია, კარგ საქმეთა გამო იტანჯოთ, ვიდრე ბოროტთა გამო. 18 რადგან ქრისტეც მოკვდა ერთხელ ჩვენი ცოდვებისთვის, მართალი — უსამართლოთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოიკლა ხორცით და გაცოცხლდა სულით, 19 რომელითაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში სულებსაც, 20 ოდესღაც ურჩნი რომ იყვნენ, როდესაც ღვთის სულგრძელება კიდევ იცდიდა, ნოეს დღეებში, სანამ შენდებოდა კიდობანი, რომელშიც ცოტა, ესე იგი, რვა სული გადაურჩა წყალს; 21 რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით (იგი ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისთვის შეპირება) იესო ქრისტეს აღდგომით, 22 რომელიც ღვთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა, რომელსაც დაემორჩილნენ ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.

თავი მეორე                                                                                                                                            თავი მეოთხე    

COMMENTS