Homeდაბადება

დაბადება 18

ძველი აღთქმა
დაბადება

181 და გამოეცხადა უფალი მას მამრეს მუხასთან, როდესაც ის შუადღის ხვატში იჯდა თავისი კარვის წინ. 2 და აღაპყრო მან თვალი და დაინახა, რომ სამი კაცი დგას მის ახლოს. და როცა დაინახა ისინი, გაიქცა მათ შესახვედრად კარვის შესასვლელიდან და თაყვანი სცა მათ მიწამდე. 3 და თქვა: „ბატონო, თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს. 4 და მოიტანენ ცოტა წყალს და დაგბანენ ფეხს, და დაისვენეთ ხის ქვეშ. 5 და გამოგიტანთ მცირეოდენ პურს, და დაინაყრეთ გული, შემდეგ კი წადით. რაკი გზად ჩაუარეთ თქვენს მსახურს.” და უთხრეს: „ისე გააკეთე, როგორც თქვი.” 6 და ისწრაფა აბრაამმა კარვისაკენ სარასთან, და უთხრა: „იჩქარე: სამი საწყაული საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები გამოაცხვე.” 7 ნახირისკენ გაიქცა აბრაამი და აიყვანა ჩვილი და საღი ხბო, და მისცა იგი თავის მსახურს, და მანაც სწრაფად მოამზადა იგი. 8 აიღო კარაქი და რძე, და ხბო, რომელიც მოამზადა, და მიართვა მათ. ხოლო თვითონ იდგა მათ გვერდით, ხის ქვეშ, როცა ისინი ჭამდნენ. 9 და ჰკითხეს მას: „სად არის სარა, შენი ცოლი?” და მან უპასუხა: „აჰა, კარავშია.” 10 შემდეგ უთხრა მას ერთმა მათგანმა: „გაისად ამდროს ნამდვილად დავბრუნდები შენთან. და ეყოლება ძე სარას, შენს ცოლს.” და სარას ესმოდა ეს კარვის შესასვლელთან, რადგან მის უკან იდგა. 11 და აბრაამი და სარა იყვნენ ხანში, წლებში შესულნი. და შეწყვეტილი ჰქონდა სარას დედათა წესი. 12 და გულში გაეცინა სარას და თქვა: „რაღაი დავბერდი, რა სიამე მექნება? და ჩემი ბატონიც ხომ მოხუცია!” 13 და უთხრა უფალმა აბრაამს: „რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ, ამ მოხუცობისას?’ 14 განა უფლისთვის შეუძლებელია რამე? დათქმულ ჟამს დავბრუნდები შენთან, გაისად, და სარას ეყოლება ძე.” 15 და უარყო სარამ და თქვა: „არ გამიცინია,” რადგან შეეშინდა. და უპასუხეს მას: „არა, შენ გაიცინე!” 16 და ადგნენ იქიდან ეს კაცები, და მიაპყრეს მზერა სოდომისაკენ. და აბრაამი გაჰყვა მათ გასაცილებლად. 17 და თქვა უფალმა: „დავუფარო აბრაამს, რასაც ვაპირებ, 18 და აბრაამი რომ გახდება დიდი და ძლიერი ერი, და მისით იკურთხება მიწის ყველა ერი? 19 რადგან ამოვირჩიე, რომ ამცნოს თავის ძეებსა და თავის სახლს თავის შემდეგ, რომ დაიცვან გზა უფლისა, ქმნან სიმართლე და სამართალი, რათა შეუსრულოს უფალმა აბრაამს, რასაც შეპირდა.” 20 და თქვა უფალმა: „გამრავლდა ღაღადი სოდომზე და გომორაზე, და დიდად მძიმეა მათი ცოდვები.” 21 ჩავალ და ვნახავ, ნამდვილად ისე იქცევიან, როგორც ღაღადია მათზე. თუ არა და, შევიტყობ.” 22 და გაემართნენ ეს კაცები იქიდან, და წავიდნენ სოდომს. და აბრაამი ჯერ კიდევ იდგა უფლის წინაშე. 23 და მიეახლა აბრაამი და უთხრა: „ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად? 24 ეგების იყოს ორმოცდაათი მართალი ამ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ დაინდობ მაგ ადგილს იქ მყოფი ორმოცდაათი მართლისათვის? 25 შორს შენგან ასეთი საქმე, რომ მოკლა მართალი უკეთურთან ერთად, და იყოს მართალი უკეთურივით! შორს შენგან! მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა არ გააჩინოს სამართალი?” 26 და უთხრა უფალმა: „თუ ვპოვებ სოდომში, ქალაქში, ორმოცდაათ მართალს, შევუნდობ მათ გამო მაშინ მაგ ადგილს.” 27 და მიუგო მას აბრამმა: „აჰა, გავბედე ლაპარაკი ჩემს ბატონთან მე, მტვერმა და ნაცარმა. 28 იქნებ ორმოცდაათ მართალს მხოლოდ ხუთი დააკლდეს, ნუთუ ხუთისათვის დაღუპავ მთელ ქალაქს?” და უთხრა მას უფალმა: „არ დავღუპავ, თუ ვპოვებ იქ ორმოცდახუთს!” 29 და კვლავ განაგრძო მასთან ლაპარაკი, და თქვა: „იქნებ იქ ორმოცი აღმოჩნდეს?” და თქვა: „არ ვიზამ ამას ორმოცისთვისაც.” 30 და თქვა აბრაამმა: „ნუ განრისხდება ბატონი, იქნებ იქ ოცდაათი აღმოჩნდეს?” და თქვა: „არ ვიზამ ამას, თუ ვპოვებ ოცდაათს.” 31 და კვლავ უთხრა მას: „აჰა, გავბედე ლაპარაკი ბატონთან: იქნებ აღმოჩნდეს იქ ოცი?” და თქვა: „არ დავღუპავ ოცისათვის.” 32 და თქვა: „ნუ განრისხდება ჩემი ბატონი, და ერთხელაც ვიტყვი: „იქნებ აღმოჩნდეს იქ ათი კაცი?” და უთხრა მას: „არც ათისთვის არ დავღუპავ.” 33 და წავიდა უფალი, როგორც კი დაასრულა აბრაამთან ლაპარაკი და აბრაამიც დაბრუნდა თავის ადგილზე.თავი მეჩვიდმეტე                                                                                                                              თავი მეცხრამეტე

COMMENTS