HomeUncategorized

მეორე რჯული 16

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
161 დაიცავი აბიბის თვე და შეასრულე პასექი უფლისა, შენი ღმერთისა, რადგან აბიბის თვეში გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა, ეგვიპტიდან ღამით. 2 და დაკალი პასექი უფლისათვის, შენი ღმერთისათვის, წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თავისი სახელის იქ დასავანებლად. 3 არ ჭამო მასთან ერთად საფუარიანი. შვიდი დღე ჭამე მასთან ერთად ხმიადი, პური გაჭირვებისა (რადგან ნაჩქარევად გამოხვედით ეგვიპტის ქვეყნიდან), რათა გახსოვდეს ეგვიპტის ქვეყნიდან შენი გამოსვლის დღე მთელი შენი სიცოცხლე. 4 და არ გამოჩნდეს საფუარიანი მთელს შენს არემარეში შვიდ დღეს, და დილამდე არ დარჩეს იმ ხორციდან, რომელსაც შენ მსხვერპლად შესწირავ პირველი დღის საღამოს. 5 ვერ დაკლავ პასექს შენს რომელიმე კარიბჭეში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, 6 არამედ მხოლოდ იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის იქ დასავანებლად, იქ დაკალი პასექი საღამოს, მზის ჩასვლისას, ეგვიპტიდან შენი გამოსვლის დროს. 7 და გააკეთე და ჭამე იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, და განთიადზე დაბრუნდი და წადი კარვებისაკენ. 8 ექვსი დღე ჭამე ხმიადი და მეშვიდე დღეს დღესასწაულია უფლისა, შენი ღმერთისა. არ აკეთო არანაირი საქმე. 9 შვიდი შვიდეული გადაითვალე, სამკალში ნამგლის შეტანიდან დაიწყე თვლა შვიდი შვიდეულისა, 10 და გადაუხადე შვიდეულთა დღესასწაული უფალს, შენს ღმერთს, შენი ნებით, რასაც გასცემ, როგორც გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი. 11 და იხარე უფლის, შენი ღმერთის, წინაშე, შენ და შენმა ძეებმა, შენმა ასულებმა, შენმა მსახურებმა, შენმა მხევლებმა და ლევიანმა, რომელნიც შენს კარიბჭეებშია, და ხიზანმა, ობოლმა და ქვრივმა, რომელნიც შენს შორის არიან, იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის იქ დასავანებლად. 12 და გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტეში, და დაიცავი და შეასრულე ეს წესები. 13 იზეიმე კარვობის დღესასწაული შვიდ დღეს, როდესაც შენი კალოდან და საწნახლიდან მოიწევ მოსავალს. 14 და იხარე შენს დღესასწაულებში, შენ და შენმა ძეებმა, შენმა ასულებმა, შენმა მსახურებმა, შენმა მხევლებმა და ლევიანმა, რომელიც შენს კარიბჭეებშია, და ხიზანმა, ობოლმა და ქვრივმა. 15 შვიდი დღე იდღესასწაულეთ უფლის, შენი ღმერთისათვის, იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს იგი, რადგან გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, მოსავლითა და შენი ხელის ყოველი ნაქმარით, და სულ მხიარული იქნები. 16 წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყველა შენი მამაკაცი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე იმ ადგილას, რომელსაც ის ამოირჩევს: უფუარობის დღესასწაულზე, შვიდეულის დღესასწაულზე და კარვობის დღესასწაულზე. და არავინ არ გამოცხადდეს უფლის წინაშე ხელცარიელი, 17 არამედ თითოეულმა, რაც შეძლოს, ის უძღვნას უფლის, შენი ღმერთის, კურთხევის კვალობაზე, რაც უფალს შენთვის მოუცია. 18 მსაჯულნი და ზედამდგომნი დაიყენე ყველა შენს კარიბჭეში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს შენი ტომების მიხედვით, რათა განსაჯონ ხალხი, მართალი სამართლით. 19 არ გაამრუდო სამართალი, მიკერძოება არ გამოიჩინო და ქრთამი არ აიღო, რადგან ქრთამი თვალს უბრმავებს ბრძენკაცებს და აუკუღმართებს მართალთა საქმეებს. 20 სიმართლეს, სიმართლეს მისდიე, რათა იცოცხლო და დაიმკვიდრო ის ქვეყანა, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს შენ. 21 არ დაირგო აშერა, რა ხისაც არ უნდა იყოს, უფლის, შენი ღმერთის, სამსხვერპლოსთან, რომელსაც შენთვის გაიკეთებ. 22 და არ აღიმართო ძეგლები, რადგან სძულს იგი უფალს, შენს ღმერთს.
თავი მეთხუთმეტე                                                                                                                            თავი მეჩვიდმეტე

COMMENTS