ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
141 ბრძენი ქალი აშენებს თავის სახლს, სულელი კი ანგრევს მას საკუთარი ხელით. 2 სწორად მავალს ეშინია უფლისა, თავისი გზის გამმრუდებელი კი გმობს მას. 3 სულელის პირში მედიდურობის წკეპლაა, ბრძენებს კი მათი ბაგენი იცავენ. 4 სადაც ხარები არ არიან, იქ ცარიელია ბაგა, ბევრი მოსავალი კი ხარის ძალითაა. 5 სარწმუნო მოწმე არ იცრუებს, ცრუ მოწმე კი ტყუილებს აღმოისუნქავს. 6 თავქარიანი სიბრძნეს ეძიებს და ვერ პოულობს, გონიერისათვის კი ცოდნა ადვილია. 7 განერიდე ბრიყვ კაცს, რადგან ვერ იპოვნი ცოდნის ბაგეთ. 8 გონიერის სიბრძნე თავისი გზის გაგნებაა, ბრიყვთა სისულელე კი – ცდომა. 9 სულელნი იცინიან დანაშულზე, წრფელთა შორის კი – კეთილი ნებაა. 10 გულმა იცის თვისი სულის სიმწარე და მის სიხარულს არ ინაწილებს უცხო. 11 უკეთურთა სახლი განადგურდება, წრფელთა კარავი კი აყვავდება. 12 არის გზა, რომელიც სწორად ჩანს კაცის წინაშე, მისი ბოლო კი სიკვდილის გზებია. 13 სიცილის დროსაც სტკივა გულს, მხიარულებით ბოლოვდება სევდაც. 14 თავისი გზებით ძღება გარყვნილი გული, კეთილი კაცი კი მათ განერიდება. 15 გულუბრყვილოს სწამს ყოველი სიტყვა, გონიერი კი აკვირდება თავის ნაბიჯს. 16 ბრძენი ფრთხილობს და გაურბის ბოროტს, ბრიყვი კი თავგასული და თავდაჯერებულია. 17 გულფიცხი სისულელეს ჩაიდენს, ავისმზრახველი კაცი შეძულებულია. 18 გულუბრყვილონი სისულელეს იწილადებენ, გონიერნი კი ცოდნით გვირგვინდებიან. 19 ბოროტნი კეთილთა წინაშე დაიჩოქებენ, უკეთურნი კი – მართლის კარიბჭეებთან. 20 ღარიბი თვისი მოყვასისთვისაც საძულველია, მდიდრის მოყვარული კი მრავალია. 21 თავისი მოყვასის მოძულე სცოდავს, ღარიბთა მოწყალე კი ნეტარია. 22 განა ბოროტის განმზრახველნი არ ცდუნდებიან? მაგრამ წყალობა და ჭეშმარიტება აქვთ კეთილის განმზრახველთ. 23 ყოველ გარჯაშია მატება, ბაგეთა ამაო სიტყვისაგან – მხოლოდ დანაკლისი. 24 ბრძენთა გვირგვინი მათი სიმდიდრეა, ბრიყვთა სისულელე კი სისულელეა. 25 სარწმუნო მოწმე სულებს გადაარჩენს, ტყუილის აღმომსუნთქველი კი მოღალატეა. 26 უფლის შიშში ძლიერია რწმენა და მის შვილებს ექნებათ თავშესაფარი. 27 უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, რათა განერიდოს სიკვდილის მახეს. 28 ერის სიმრავლე მეფის დიდებაა, უხალხობა კი – მთავრის დაქცევა. 29 სულგრძელი დიდად გონიერია, სულმოკლე კი სისულელეს ამჟღავნებს. 30 ხორცის სიცოცხლეა მშვიდი გული და ძვალთა ხრწნა – შური. 31 გლახაკის მჩაგვრელი გმობს თავის გამჩენს, ღატაკის შემწყალე კი მისი პატივისმცემელია. 32 მისივე ბოროტებით დაემხობა უკეთური, მართალი კი სიკვდილშიც თავშესაფარს ჰპოვებს. 33 გონიერის გულში სიბრძნე განისვენებს, და ბრიყვთა შორის არ იპოვება. 34 სიმართლე აღაზევებს ერს, ხალხთა სირცხვილი კი მათი ცოდვაა. 35 მეფის წყალობა – გონიერ მონას, მისი წყრომა კი – სირცხვილეულს.