იგავნი სოლომონისა
151 ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი აღაგზნებს რისხვას. 2 ბრძენთა ენა საამურს ხდის ცოდნას, ბრიყვთა პირი კი სისულელეს გამოთქვამს. 3 ყველგან არის უფლის თვალი, ხედავს ბოროტთა და კეთილთ. 4 მშვიდი ენა სიცოცხლის ხეა, მით მზაკვრობა – სულის შემუსვრა. 5 სულელი აბუჩად იგდებს მამის დარიგებას, შეგონების დამცველი კი გონიერი ხდება. 6 მართლის სახლში მრავალი განძია, უკეთურის მოსავალში კი – ვაება. 7 ბრძენთა ბაგენი ცოდნას ავრცელებენ, ბრიყვთა გული ასეთი არ არის. 8 უკეთურთა მსხვერპლი უფლისათვის სისაძაგლეა, პატიოსანთა ლოცვა კი – სიხარული. 9 უფლის წინაშე სისაძაგლეა უკეთურის გზა, სიმართლის მდევნელი კი უყვარს მას. 10 სასჯელი ელის სწორი გზის მიმტოვებელს, დარიგების მოძულე კი მოკვდება. 11 შავეთი და ჯოჯოხეთი ღიაა უფლის წინაშე, მით უფრო – ადამის ძეთა გულები. 12 ბრიყვს არ უყვარს თავისი მამხილებელი, ბრძენებთან არ წავა იგი. 13 მხიარული გული სახეს ახალისებს, გულის დარდისას სული შემუსრვილია. 14 გონიერის გული ცოდნას ეძიებს, ბრიყვის პირი კი სისულელით იკვებება. 15 ჩაგრულის ყოველი დღე ცუდია, გულით მხიარულს კი ლხინი აქვს მუდამ. 16 სჯობს გქონდეს მცირედი, მაგრამ უფლისადმი შიშით, ვიდრე დიდი საუნჯე და მასთან ერთად შფოთვა. 17 სჯობს გქონდეს მწვანილის სადილი და სიყვარული ვიდრე ნასუქალი ხარი და სიძულვილი მასთან ერთად. 18 ფიცხი კაცი აღვივებს განხეთქილებას, სულგრძელი კი აქრობს შუღლს. 19 ზარმაცის გზა ეკლიან ღობესავითაა, პატიოსანთა გზა სწორია. 20 ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვი ადამიანი კი აბუჩად იგდებს თავის დედას. 21 სისულელე სიხარულია ბრიყვისა, გონიერი კაცი კი სწორად მავალია. 22 რჩევის გარეშე ჩაიშლება განზრახვანი, ბევრი მრჩევლისას კი შესრულდება. 23 კაცის სიხარული მისი ბაგის პასუხშია და კარგია სიტყვა თავის დროზე. 24 გონიერის ცხოვრების გზა მაღლა მიდის, რათა დაბლა განერიდოს შავეთს. 25 ამპარტავანთა სახლს აღმოფხვრის უფალი, ქვრივის საზღვარს კი აღადგენს. 26 ბოროტის განზრახვანი უფლისთვის სისაძაგლეა, საამური სიტყვები კი –სუფთა. 27 ის ვინც მომხვეჭელობს, თავის სახლს აუბედურებს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს. 28 მართლის გული დაფიქრდება საპასუხოდ, უკეთურთა პირი ბოროტებას ღვრის. 29 უფალი შორსაა უკეთურთაგან, მართალთა ლოცვა კი შესმენილ იქნება. 30 თვალთა სინათლე ახარებს გულს, კარგი ამბავი კი ძვალს აპოხიერებს. 31 ყური, სასიცოცხლო მხილების მომსმენი, ბრძენთა შორის გაათევს ღამეს. 32 დარიგების უკუმგდებელს ეზიზღება თავისი სული, მხილების მომსმენი კი გონებას იხვეჭს. 33 უფლის შიში ბრძნული დარიგებაა და პატივზე წინ არის მორჩილება.
COMMENTS