HomeUncategorized

იგავნი სოლომონისა 18

ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
181 თავკერძა კაცი ჟინს ისწორებს, ყოველ საღ აზრს უჯანყდება. 2 ბრიყვს გონიერება კი არ სურს, არამედ მხოლოდ თავისი გულის გამომჟღავნება. 3 უკეთურის მოსვლას მოჰყვება ზიზღიც და უპატიობას – სირცხვილი. 4 კაცის პირის სიტყვები ღრმა წყლებია, მდინარი ნაკადული – სიბრძნის წყარო. 5 უკეთურის მიმხრობა არ არის კარგი მართლის დასამხობად სასამართლოზე. 6 ბრიყვის ბაგენი ჩხუბში შედიან და მისი პირი ცემას მოუწოდებს. 7 ბრიყვის პირი დაღუპვაა მისთვის და მისი ბაგენი – მახე მისი სულისა. 8 ცილისმწამებლის სიტყვები ჩასატკბარუნებელია და ისინი გულის სიღრმეში აღწევენ. 9 თავის საქმეში დაუდევარი ძმაა წამწყმედლისა. 10 ძლიერი კოშკი უფლის სახელია, მასში დარბის მართალი და სამშვიდობოზეა. 11 მდიდრის ქონება მისი ძლიერი ქალაქია და მაღალი გალავანივითაა მის ფიქრებში. 12 დამხობის წინ მაღლდება კაცის გული და დიდების წინ თვინიერდება. 13 ვინც პასუხს სცემს მოსმენამდე – ეს მისი სისულელეა და სირცხვილი. 14 კაცის სული იტანს თავის სატკივარს, მაგრამ შემუსრვილ სულს ვინ გადაიტანს? 15 გონიერის გული იძენს ცოდნას და ბრძენთა ყური ეძებს ცოდნას. 16 ადამიანის საჩუქარი აფართოებს მის გზას და დიდებულებამდე მიიყვანს მას. 17 მართალი პირველია დავაში, მაგრამ მოდის მისი მეტოქე და გამოიძიებს მას. 18 წილისყრა ბოლოს უღებს დავას და ძლიერებს გააშველებს. 19 განმდგარი ძმა გამაგრებულ ქალაქზე მიუდგომელია, და დავა სასახლის კლიტეთა მსგავსია. 20 კაცის პირის ნაყოფისაგან გაძღება მისი მუცელი, თავის ბაგეთა მოსავლისაგან გაძღება. 21 სიკვდილი და სიცოცხლე ენის ხელშია, და მისი მოყვარულნი იგემებენ მის ნაყოფს. 22 ვინც კარგი ცოლი ჰპოვა, მან სიკეთე ჰპოვა და უფლისაგან მადლი მოიხვეჭა. 23 ვედრებით ღარიბი ლაპარაკობს, მდიდარი კი თავხედურად პასუხობს. 24 მეგობრიანი კაცი შეიძლება განადგურდეს, მაგრამ არის მოყვასი ძმაზე უფრო ახლობელი.
თავი მეჩვიდმეტე                                                                                                                            თავი მეცხრამეტე

COMMENTS