იგავნი სოლომონისა 21

ივლისი 9, 2015
ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
211 წყლის ნაკადია მეფის გული უფლის ხელში, სადაც მოისურვებს, იქ მიმართავს მას. 2 კაცის ყველა გზა სწორია მის თვალში, ხოლო უფალი სწონის გულებს. 3 სიმართლისა და სამართლის ქმნა მსხვერპლზე უკეთესია უფლისათვის. 4 ამპარტავანი თვალი და ზვიადი გული, უკეთურთა სანთელი – ცოდვაა. 5 ბეჯითის ზრახვანი მხოლოდ მატებისკენაა, ხოლო ყოველი დაუდევრისა – კლებისკენ. 6 განძეულობის მოხვეჭა მატყუარა ენით სიკვდილის მძებნელთა წარმავალი ქროლვაა. 7 უკეთურთა ძალადობა მათვე წაათრევს, რადგან მათ უარყვეს სამართლის ქმნა. 8 დაკლაკნილია გარყვნილი კაცის გზა, ხოლო ვინც სუფთაა, წრფელია მისი მოქმედება. 9 ბინის კუნჭულში ცხოვრება სჯობს ანჩხლ ქალთან საერთო სახლში ცხოვრებას. 10 უკეთურის სული ბოროტს არის დახარბებული, წყალობას ვერ ჰპოვებს მის თვალში მისი მოყვასი. 11 თავქარიანის დასჯისას ბრიყვი ბრძენდება, ბრძენი კი შეგონებისას იძენს ცოდნას. 12 მართალი თვალყურს ადევნებს უკეთურის სახლს, უბედურებას შეამთხვევს უკეთურთ. 13 ვინც ყურს დაიცობს ღარიბის ძახილისაგან, ისიც მოუხმობს ერთ დღეს, მაგრამ არავინ გასცემს პასუხს. 14 საჩუქარი, ფარულად მიძღვნილი, აცხრობს რისხვას და ქრთამი უბეში – ძლიერ გულისწყრომას. 15 სიმართლის ქმნა სიხარულია მართლისათვის და შიშის ზარი – ბოროტმოქმედისთვის. 16 გონების გზას აცდენილი ადამიანი მკვდართა კრებულში დაისვენებს. 17 მხიარულების მოყვარული უპოვარი იქნება, ღვინისა და ზეთის მოყვარული არ გამდიდრდება. 18 მართლისთვის გამოსასყიდი უკეთურია და წრფელთა სანაცვლოა მოღალატე. 19 სჯობს უდაბნოს ქვეყანაში ჯდომა ანჩხლ და ბრაზიან ქალთან ყოფნას. 20 სანატრელი საგანძური და ზეთი ბრძენის სავანეშია, ხოლო ბრიყვი ადამიანი შთანთქავს მათ. 21 სიმართლისა და მოწყალების მდევნელი სიცოცხლეს, სიმართლეს და პატივს ჰპოვებს. 22 ძლიერთა ქალაქს აიღებს ბრძენი და დაანგრევს მის საიმედო სიმაგრეს. 23 ვინც ბაგეს და ენას იცავს, ის იცავს თავის სულს უბედურებისაგან. 24 ზვიადი, ამპარტავანი და თავქარიანია მისი სახელი, ვინც ამპარტავნობის მძვინვით იქცევა. 25 ზარმაცს თავისი სიხარბე მოკლავს, რადგან მისი ხელები უარს ამბობენ შრომაზე. 26 მთელ დღეს ის სიხარბით ხარბობს, ხოლო მართალი გაიღებს და არ ზოგავს. 27 უკეთურთა მსხვერპლი სისაძაგლეა, მით უმეტეს, თუ ცბიერებით სწირავს მას. 28 ცრუ მოწმე დაიღუპება და მომსმენი კაცი მუდამ ილაპარაკებს. 29 უკეთური კაცი ისასტიკებს სახეს, ხოლო წრფელმა იცის თავისი გზა. 30 არ არის სიბრძნე და არ არის გონება, არ არის რჩევა უფლის საპირისპიროდ. 31 ცხენი გამზადებულია ბრძოლის დღისათვის, მაგრამ გამარჯვება უფლისგანაა.
თავი მეოცე                                                                                                                                        თავი ოცდამეორე

კომენტარის დატოვება

Close
Close