HomeUncategorized

იგავნი სოლომონისა 20

ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
201 ღვინო მქირდავია, მაგარი სასმელი – ხმაურიანი, და არავინ, მათგან გატაცებული, არ დაბრძენდება. 2 ლომის ბოკვერის ღრიალივითაა მეფის რისხვა, მისი განმარისხებელი თავის თავს სცოდავს. 3 ჩხუბისგან თავშეკავება ადამიანის ღირსებაა, ყოველი სულელი კი ბობოქრობს. 4 ზარმაცი არ ხნავს შემოდგომიდან, მკის დროს კი მოითხოვს და არ იქნება. 5 ზრახვა კაცის გულში ღრმა წყალია, ხოლო გონიერი კაცი ამოხაპავს მას. 6 ბევრი გაიძახის თავის სიკეთეს, მაგრამ ერთგულ კაცს ვინ იპოვნის? 7 მართალი თავისი უბიწობით დადის, ნეტარ არიან მისი ძენი მის შემდეგ. 8 მეფე, მჯდომი სამართლის ტახტზე, ფანტავს თვისი თვალებით ყოველივე ბოროტს. 9 ვინ იტყვის: “მე გავასუფთავე ჩემი გული, მე განვიწმიდე ჩემი ცოდვებისაგან?” 10 ორგვარი საწონი, ორგვარი საზომი –ერთიც და მეორეც ეჯავრება უფალს. 11 თვისი საქციელის მიხედვითაც იცნობა ყმაწვილი, თუ სუფთაა ან თუ სამართლიანია მისი საქმე. 12 მსმენელი ყური და მხილველი თვალი –ერთიც და მეორეც უფალმა შექმნა. 13 ნუ გეყვარება ძილი, რათა არ გაღატაკდე. გაახილე შენი თვალი – გაძღები პურით. 14 არ ვარგა, არ ვარგა ამბობს მყიდველი. ხოლო როდესაც წავა, ტრაბახობს. 15 არის ოქრო და მრავალი მარგალიტი, ხოლო ცოდნის ბაგენი ძვირფასი ნივთია. 16 აიღე მისი ტანსაცმელი, რადგან უცხოს დაუდგა თავდებად, და უცხოტომელის წილად გამოართვა მას გირაო.. 17 საამურია კაცისათვის სიცრუის პური, მერე კი ღორღით გაივსება მისი პირი. 18 განზრახვანი რჩევით მტკიცდება, მაგრამ გონიერებით წარმართე ომი. 19 საიდუმლოს გამამხელელი ცილისმწამებელია და პირმორღვეულებში ნუ გაერევი. 20 მამისა და დედის მაწყევარს სანთელი ჩაუქრება უკუნეთ წყვდიადში. 21 დასაწყისში სწრაფად შეძენილი სამკვიდრო კურთხეული არ იქნება საბოლოოდ. 22 ნუ იტყვი: “მივაგებ ბოროტის წილ” – ენდე უფალს და ის გიხსნის შენ. 23 ორგვარი საწონი საძულველია უფლისათვის და მრუდი სასწორი არ არის კარგი. 24 უფლისაგანაა მამაკაცის ნაბიჯები, ადამიანი კი როგორ გაიგებს თავის გზას? 25 მახეა ადამიანისათვის წმიდაზე ლაყბობა, ხოლო აღთქმათა შემდეგ – განსჯა. 26 გაფანტავს უკეთურთ ბრძენი მეფე და მათზე მოაქცევს ბორბალს. 27 უფლის სანთელია ადამიანის სული, მისი წიაღის იდუმალებათა გამომკვლეველი. 28 წყალობა და სიმართლე იცავენ მეფეს, და წყალობით უჭირავს თავისი ტახტი. 29 ჭაბუკთა დიდება მათი ძალაა, ხოლო მოხუცთა ბრწყინვალება – ჭაღარა. 30 ჭრილობანი კურნავენ ბოროტისაგან და ცემა გულს ასუფთავებს.
თავი მეცხრამეტე                                                                                                                            თავი ოცდამეერთე

COMMENTS