ძველი აღთქმა
გოდება იერემიასი
41 ვაი, როგორ გაშავდა ოქრო, შეიცვალა ხალასი ოქრო, გადაყრილია წმიდის ქვები ყველა ქუჩის თავში. 2 სიონის ძვირფასო ძენო, შეფასებულნო ბაჯაღლოთი, როგორ დაემსგავსნენ ისინი თიხის დოქებს, მექოთნის ხელით ნაკეთებს. 3 ტურებიც კი იშიშვლებენ ძუძუს, აჭმევენ თავიანთ ლეკვებს! ჩემი ერის ასული კი გასასტიკდა, როგორც სირაქლემა უდაბნოში. 4 ძუძუმწოვრის ენა წყურვილისაგან ეკრობა მის სასას, ჩვილნი პურს ითხოვენ, არავინაა მათთვის პურის მომტეხი. 5 ნუგბართა მჭამელნი გულწასულნი არიან ქუჩებში, ძოწეულში გაზრდილნი ნეხვს ეხვევიან. 6 და გადააჭარბა ჩემი ერის ასულის ურჯულოებამ სოდომის ცოდვებს, რომელიც მოისპო წამში და ხელი არ შეხებია მას. 7 მისი მოწმიდარნი თოვლზე წმიდანი იყვნენ, რძეზე თეთრნი, მათი პირისახე მარჯანზე ღაჟღაჟა იყო, მათი აღნაგობა მსგავსი საფირონისა. 8 მურზე შავი გახდა მათი სახე, ვერ იცნობიან ქუჩებში. მათი კანი მიახმა მათ ძვლებს, გაშრა, როგორც ხე. 9 მახვილით დახოცილნი შიმშილით დახოცილებზე ბედნიერნი იყვნენ, ისინი ჭკნებოდნენ განგმირულნი მინდვრის ნაყოფის ნაკლებობით. 10 შემბრალებელ ქალთა ხელები ხარშავდნენ თავიანთ შვილებს, ისინი მათთვის საჭმელი იყო ჩემი ასულის დაღუპვის დღეს. 11 დაასრულა უფალმა თავისი გულისწყრომა, გადმოღვარა თავისი რისხვის ალი, და დაანთო ცეცხლი სიონზე, რომელმაც შეჭამა მისი საძირკვლები. 12 არ სწამდათ ქვეყნის მეფეებს და ქვეყნიერების არც ერთ მცხოვრებს, რომ შემაჭირვებელი და მტერი მოვიდოდა იერუსალიმის კარიბჭეებთან. 13 მის წინასწარმეტყველთა ცოდვების გამო, მის მღვდელთა ურჯულოების გამო, რომ ღვრიდნენ მის შიგნით წმიდათა სისხლს. 14 ისინი ბრმად ხეტიალობდნენ ქუჩებში, იბილწებოდნენ სისხლით ისე, რომ ვერავინ ეხებოდა მათ სამოსელს. 15 „მომშორდი ბილწო!” – უყვიროდნენ მათ. – „მომშორდით, მომშორდით, არ შემეხოთ!” ასე ხეტიალობდნენ და დაწანწალებდნენ ისინი, ხალხებში კი ამბობდნენ: „აღარ იცხოვრებენ აქ.” 16 უფლის პირმა გაფანტა ისინი და აღარ შეხედავს მათ მეტად, მღვდლებს პატივს არ სცემდნენ ისინი, უხუცესებს არ ინდობდნენ, 17 მოიქანცნენ ჩვენი თვალები შემწეობის ამაო მოლოდინში, ჩვენი საგუშაგო კოშკიდან ველოდით ხალხს, რომელმაც ვერ გვიხსნა. 18 უსაფრდებოდნენ ჩვენს ნაბიჯებს, რომ არ გაგვევლო ჩვენს ქუჩებში, მოახლოვდა ჩვენი ბოლო, აივსო ჩვენი დღეები, რადგან მოვიდა ჩვენი ბოლო. 19 ცის არწივებზე მსუბუქნი იყვნენ ჩვენი მდევარნი, მთებზე გვდევდნენ ჩვენ, უდაბნოში გვისაფრდებოდნენ. 20 სუნთქვა ჩვენი ნესტოებისა, უფლის ცხებელი, გაება მათ მახეში, ვისზეც ვამბობდით: „მის ჩრდილში ვიცოცხლებთ ხალხთა შორის”. 21 იმხიარულე და იხარე, ედომის ასულო, ყუცის ქვეყანაში მცხოვრებო, შენც შეგხვდება თასი, დათვრები და გაშიშვლდები. 22 დასრულდა შენი ურჯულოება, სიონის ასულო, აღარ გაგდევნის მეტად, დაგსჯის შენი ურჯულოების გამო, ედომის ასულო, გამოაჩენს შენს ცოდვებს.