ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
131 ბრძენი შვილი ისმენს მამის დარიგებას, თავქარიანი კი არ ისმენს საყვედურს. 2 თავისი პირის ნაყოფიდან კაცი სიკეთეს შეჭამს, მოღალატეთა სული კი – ნაძარცვს. 3 ვინც თავის პირს უფრთხილდება, თავის სიცოცხლეს იცავს. ვინც ფართოდ აღებს თავის ბაგეებს, უბედურება ელის მას. 4 ზარმაცის სულს სწადია და არა აქვს, ბეჯითთა სული კი გამსუყდება. 5 მართალს სძულს ტყუილი სიტყვა, უკეთური კი აუგ და შემარცხვენელ საქმეებს სჩადის. 6 სიმართლე იცავს უბიწო გზას, უკეთურება კი აცდუნებს შემცოდველს. 7 ზოგი მდიდრად აჩვენებს თავს და არაფერი არა აქვს, ზოგი კი – ღარიბად და დიდი ქონება აქვს. 8 სიცოცხლის გამოსასყიდი კაცის სიმდიდრეა, ღარიბს კი არ ესმის საყვედური. 9 მართალთა სინათლე გაბრწყინდება, უკეთურთა სანთელი კი ჩაქრება. 10 მხოლოდ ამპარტავნობისაგან წარმოიშვება განხეთქილება, მრჩეველთ კი სიბრძნე აქვთ. 11 ქონება, ამაოებით შეძენილი, მცირდება, ხელით შემკრებელი კი გაამრავლებს მას. 12 ხანგრძლივი მოლოდინი გულს ქანცავს, აღსრულებული სურვილი კი სიცოცხლის ხეა. 13 ღმერთის სიტყვის აბუჩად ამგდები თავის თავს აზიანებს, მცნების მოშიში კი დაჯილდოვდება. 14 ბრძენის მოძღვრება სიცოცხლის წყაროა, რათა გაერიდოს სიკვდილის მახეს. 15 კეთილი მოხედვა წყალობას გასცემს, მოღალატეთა გზა კი მძიმეა. 16 ყოველი გონიერი ცოდნით მოქმედებს, რეგვენი კი სისულელეს გამოაფენს. 17 უკეთური მაცნე გაჭირვებაში ვარდება, ერთგული მოციქული კი კურნებაა. 18 სიღარიბე და დამცირება დარიგების უკუმგდებელს, შეგონების დამცველი კი პატივცემული იქნება. 19 აღსრულებული სურვილი სულს ეამება, რეგვენთათვის კი სისაძაგლეა ბოროტებისაგან განდგომა. 20 ბრძენებთან დამავალი დაბრძენდება, რეგვენთა მოყვასი კი გაუბედურდება. 21 ცოდვილებს ბოროტება აედევნება, მართალთ კი კეთილი მიეზღვებათ. 22 კეთილი კაცი შვილთაშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს, ცოდვილის ქონება კი მართლისათვის ინახება. 23 ბევრი საჭმელია ღარიბთა ყანაში, ზოგნი კი უმარილობით იღუპებიან. 24 ვინც თავის შოლტს ზოგავს, სძულს თავისი ძე, ხოლო ვისაც უყვარს, სჯის მას. 25 მართალი ძღომაზე ჭამს, უკეთურის მუცელი კი ცარიელია.