რწმენის გამოცდა ბიბლიის მუხლები

1 პეტრეს 1:6-7
ამით გაიხარეთ, თუმცა ამჟამად – თუ საჭიროა – სხვადასხვა განსაცდელით მცირედ გატანჯულნო. რათა თქვენი გამოწრთობილი რწმენა, ცეცხლში გამობრძმედილ, ხრწნად ოქროზე ბევრად ძვირფასი აღმოჩნდეს, ქების, პატივისა და დიდებისთვის იესო ქრისტეს გამოჩენისას,

მათეს 13:20-21
ქვიან ადგილზე დათესილი ის არის, ვინც სიტყვას მოისმენს თუ არა მყისვე სიხარულით მიიღებს მას; მაგრამ ფესვები არ გაუშვია მასში, ამიტომ ხანმოკლეა. რაჟამს დადგება ჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მაშინვე ცდუნდება.

იაკობის 1:2-4
ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით. რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას ქმნის; მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ ზრდასრულნი, სრულქმნილნი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.

რომაელთა 5:3-4
და არა მარტო ამით, არამედ ჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ ჭირი ქმნის მოთმინებას, მოთმინება – გამოცდილებას, გამოცდილება კი იმედს,

ესაია 48:10
აჰა, მე გამოგადნე, მაგრამ არა ვერცხლივით; ტანჯვის ქურაში გამოგცადე.

ფსალმუნები 65:10-12
რადგან, გამოგვცადე ჩვენ ღმერთო, გადაგვადნე, როგორც ვერცხლს ადნობენ. ბადეში მოგვაქციე, ჩაგვრის ტვირთი აგვკიდე ზურგზე. კაცი აამხედრე ჩვენზე; ცეცხლსა და წყალში გამოგვატარე და სიუხვის ადგილზე მოგვიყვანე.

ზაქარია 13:9
ცეცხლში გავატარებ ამ მესამედს და გავწმედ, როგორც ვერცხლი იწმიდება და გამოვცდი, როგორც ოქრო გამოიცდება; მოუხმობენ ჩემს სახელს და მე ვუპასუხებ მათ, ვიტყვი: ეს არის ჩემი ხალხი! იტყვიან: უფალია ჩემი ღმერთი.

მალაქია 3:2-3
ვინ გაუძლებს მისი მოსვლის დღეს და ვინ დადგება მისი გამოჩენისას? რადგან გამომდნობლის ცეცხლივითაა და მრეცხავის ტუტესავით. დაჯდება ვერცხლის გამომდნობელივით და გამწმედელივით; გაწმედს ლევის ძეებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რათა სიმართლეში მიართვან უფალს შესაწირი.

1 პეტრეს 4:17-19
ვინაიდან დროა, ღვთის სახლიდან დაიწყოს განკითხვა, ჰოდა თუ ჯერ ჩვენგან დაიწყება, რა აღსასრული ელით ღვთის სახარების ურჩებს? თუ მართალი ძლივს გადარჩება, უღვთო და ცოდვილი სადღა გამოჩნდება? ამიტომ, ღვთის ნების მიხედვით ტანჯულებმა, ჭეშმარიტ გამჩენს მიანდონ თავიანთი თავები, სიკეთის ქმნით.

დაბადება 22:1-2
ამ ამბების შემდეგ გამოსცადა ღმერთმა აბრაჰამი; დაუძახა: „აბრაჰამ!” და უპასუხა: „აქა ვარ!” მან უთხრა: „წაიყვანე შენი ერთადერთი ძე ისაკი, რომელიც ძალიან გიყვარს; წადი მორიას მხარეში და სრულადდასაწველ მსხვერპლად შესწირე ერთ მთაზე, რომელსაც გაჩვენებ”.

ებრაელთა 11:17-19
რწმენით მიიყვანა აბრაჰამმა მსხვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა; და რაკი აღთქმა ჰქონდა, მხოლოდშობილსაც სწირავდა. რომელზეც ითქვა: „ისაკში გეყოლება შენ შთამომავლობა”. ვინაიდან სჯეროდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს; ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიბრუნა იგი, როგორც მკვდართაგან აღმდგარი.

მეორე რჯული 8:2-5
გახსოვდეს მთელი გზა, რომლითაც გატარა უდაბნოში უფალმა, შენმა ღმერთმა, ეს ორმოცი წელიწადი, რათა მოერჯულებინე და გამოეცადე, რომ შეეტყო, რა გაქვს გულში, დაიცავდი მის მცნებებს თუ არა. გათვინიერებდა, გაშიმშილებდა და მანნას გაჭმევდა, რომელიც არც შენ იცოდი და არც შენმა მამებმა იცოდნენ, რათა მიმხვდარიყავი, რომ არა მხოლოდ პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით. სამოსი არ გაცვდებოდა ტანზე და ფეხი არ გისივდებოდა ამ ორმოცი წლის განმავლობაში. იცოდე შენს გულში, როგორც თავის ძეს წვრთნის კაცი, ისე გწვრთნის უფალი, შენი ღმერთი.

მსაჯულნი 7:1-8
ადგა დილაადრიანად იერუბაყალი, იგივე გედეონი, ასევე მასთან მყოფი მთელი ხალხი და ხაროდის წყაროსთან დაიბანაკეს; მიდიანელთა ბანაკი მისგან ჩრდილოეთით, მორეს მაღლობთან, ველზე იყო. უთხრა უფალმა გედეონს: „ბევრი ხალხი გყავს, რომ ჩავუგდო ხელში მიდიანელები, გაყოყოჩდება ისრაელი და იტყვის: ჩემმა ხელმა მიხსნაო. ამიტომ, ასე გამოაცხადე ხალხის გასაგონად: „ვისაც ეშინია და ცახცახებს, დაე გაბრუნდეს და დატოვოს გილყადის მთა!” და გაბრუნდა ხალხიდან ოცდაორი ათასი, ათი ათასი კი დარჩა. უთხრა უფალმა გედეონს: „ესეც ბევრია; წყალთან ჩაიყვანე, იქ გამოვცდი მათ; რომელზეც გეტყვი: წამოვიდეს-მეთქი, წამოგყვეს, მაგრამ რომელზეც გეტყვი: არ წამოვიდეს-მეთქი, არ წამოგყვეს”. ჩაიყვანა ხალხი წყალთან. უთხრა უფალმა გედეონს: „ცალკე დააყენე ყველა, ვინც ძაღლივით ენით შესვლეპს წყალს; ისინიც გამოაცალკევე, ვინც მუხლებზე დადგება დასალევად”. ენით მსვლეპელთა რიცხვი სამასი აღმოჩნდა, დანარჩენებმა კი ჩაიმუხლეს წყლის დასალევად. უთხრა უფალმა გედეონს: „ამ სამასი მსვლეპელი კაცით გიხსნით და ხელში ჩაგიგდებთ მიდიანელებს; დანარჩენები შინ გაბრუნდნენ”. აიღო ხალხმა საგზალი და რქის საყვირები; დანარჩენი თავ-თავის კარვებში გაისტუმრა გედეონმა, სამასი კაცი კი დაიტოვა; ხოლო მიდიანელნი ქვემოთ, ველზე იყვნენ დაბანაკებულნი.

მათეს 15:21-28
გამოვიდა იქიდან იესო და მივიდა ტვიროსისა და სიდონის მხარეებში. და აჰა, ქანაანელი დედაკაცი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეჰღაღადა მას: „შემიწყალე, უფალო, ძეო დავითისა, ჩემი ქალიშვილი მძიმე ეშმაკეულია”. მას კი სიტყვაც არ უთქვამს მისთვის. მოწაფეები მივიდნენ და სთხოვეს: „გაუშვი იგი, რადგან ზურგში მოგვყვირის”. მან კი უთხრა პასუხად: „მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან ვარ მოვლინებული”. მივიდა, თაყვანი სცა და უთხრა: „მიშველე, უფალო!” ხოლო მან მიუგო: „არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო”. უთხრა დედაკაცმა: „დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს, მათი ბატონების სუფრიდან რომ ცვივა”. მაშინ მიუგო იესომ პასუხად: „ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა, მოგეცეს, რაც გსურს”. და იმ ჟამიდან განიკურნა მისი ქალიშვილი.

იობი 2:7
გავიდა სატანა უფლისგან და ტერფიდან თხემამდე საშინელი ქეცი შეჰყარა იობს.

1 თესალონიკელთა 3:4-5
ვინაიდან ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას წინასწარ გითხარით, ჭირი მოგველის-მეთქი, რაც აღსრულდა კიდეც, როგორც იცით. ამიტომ მეც ვეღარ შევძელი მეტის მოთმენა და ტიმოთე გამოვგზავნე თქვენი რწმენის ამბის შესატყობად, ვაითუ გაცდუნათ მაცდურმა და ფუჭი გამოდგეს ჩვენი შრომა.

გამოცხადება 2:10
ნუ შეგეშინდება ნურაფრისა, რისი გადატანაც მოგიწევს. აჰა, ზოგიერთ თქვენგანს საპყრობილეში ჩააგდებს ეშმაკი, რათა გამოიცადოთ. გექნებათ ჭირი ათ დღეს. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს.

საქმეები 14:22
ამხნევებდნენ და შეაგონებდნენ მოწაფეებს, რომ მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენაში. ეუბნებოდნენ: მრავალი ჭირის მეშვეობით უნდა შევიდეთო ღვთის სამეფოში.

2 კორინთელთა 11:25-27
სამჯერ ჯოხით მცემეს, ერთხელ ჩამქოლეს და სამჯერ გემის მსხვრევა განვიცადე, ღამე და დღე შუა ზღვაში დავყავი; გამუდმებით გზაზე მდგომი, განსაცდელში მდინარეებზე, განსაცდელში ყაჩაღებისგან, განსაცდელში თანატომელთაგან, განსაცდელში წარმართთაგან, განსაცდელში ქალაქად, განსაცდელში უდაბნოში, განსაცდელში ზღვაზე, განსაცდელში ცრუ ძმებს შორის; შრომასა და გაჭირვებაში, ხშირ უძილობაში, შიმშილსა და წყურვილში, ხშირ მარხვაში, ყინვასა და სიშიშვლეში.

4 მეფეთა 18:19-25
უთხრა მათ რაბშაკემ: გადაეცით ხიზკიაჰუს, ასე თქვა-თქო დიდმა მეფემ, აშურის მეფემ: რისი იმედი გაქვს და რაზე ხარ დანდობილი? შენ ამბობ: ომისთვის რჩევაც მაქვს და ძალაცო! ფუჭი სიტყვებია ეს, ახლა ვისზე ხარ დანდობილი, რომ ამიჯანყდი? აჰა, ფიქრობ, გადატეხილ ლერწამს – ეგვიპტეს დაეყრდნო, რომელიც ხელისგულში შეესობა ყველას, ვინც მას დაეყრდნობა და გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველასთვის, ვინც მას ენდობა. ხოლო თუ მეტყვით: ჩვენი უფალი ღმერთის იმედი გვაქვსო! იმას ხომ არ გულისხმობთ, ვისი მაღლობები და სამსხვერპლონიც ხიზკიაჰუმ გააუქმა და უთხრა იუდასა და იერუსალიმს: ამ სამსხვერპლოსთან ეცითო თაყვანი იერუსალიმში? აჰა, შეეკარი ჩემს ბატონს, აშურის მეფეს; მე მოგცემ ორი ათას ცხენს, ვნახოთ თუ შეძლებ მათზე მხედრების შესმას? აბა, როგორ გააბრუნებ ჩემი ბატონის მსახურთაგან თუნდაც ყველაზე უმცირეს სარდალს ეგვიპტის ეტლებითა და მხედრებით რომ დაიმედებულხარ? განა შენი უფლის ნებით არ მოვედი ამ ადგილის გასანადგურებლად? უფალმა მითხრა: წადი იმ ქვეყანაში და გაანადგურე”.

მარკოზის 5:35-36
ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მოვიდნენ სინაგოგის მთავართან და უთხრეს: „შენი ასული მოკვდა, რაღად აწუხებ მოძღვარს?”  მაგრამ გაიგონა თუ არა იესომ ნათქვამი, უთხრა სინაგოგის მთავარს: „ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს!”

ესაია 43:2
ვერ წაგლეკავენ წყლები და მდინარეები, როდესაც მათში გაივლით, რადგან მე ვიქნები თქვენთან. ვერც ცეცხლი დაგწვავთ, როცა მასში გაივლით, ალი ვერ მოგწვდებათ.

1 კორინთელთა 10:13
არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა; ხოლო, ერთგულია ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელთან ერთად გამოსავალსაც გაგიჩენთ, რომ გადატანა შეიძლოთ.

2 კორინთელთა 12:7-9
და რომ არ გავმედიდურდე მეტისმეტი გამოცხადებებით, ეკალი მომეცა სხეულში, სატანის ანგელოზი, რომ დამქენჯნოს – რათა არ გავმედიდურდე. ამისათვის, სამჯერ შევევედრე უფალს, რომ განმაშოროს იგი. და მითხრა: „საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა”. ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემს უძლურებებში, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში!

1 პეტრეს 5:10
ხოლო ყოველგვარი მადლის ღმერთი, რომელმაც თავისი საუკუნო დიდებისკენ მოგვიწოდა ქრისტეში, თქვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ, სრულგყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგაფუძნებთ.

2 პეტრეს 2:9
ვინაიდან იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისგან ღვ­თისმოსავნი, ხოლო განკითხვის დღისთვის დასასჯელად შემოინახოს უკეთურნი;

1 პეტრეს 4:12-13
საყვარელნო, ნუ გაგაოცებთ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი, თითქოს უცხო რამ მოგსვლოდეთ. არამედ გიხაროდეთ როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა მისი დიდების გამოცხადებაშიც იხაროთ და იმხიარულოთ.

1 პეტრეს 4:19
ამიტომ, ღვთის ნების მიხედვით ტანჯულებმა, ჭეშმარიტ გამჩენს მიანდონ თავიანთი თავები, სიკეთის ქმნით.

იაკობის 1:12
ნეტარია კაცი, რომელიც გაუძლებს განსაცდელს, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა ღმერთმა.

2 თესალონიკელთა 1:4
ამიტომ თვითონვე ვიკვეხნით თქვენით, ღმერთის ეკლესიებში თქვენი მოთმინებისა და რწმენის გამო და რომ იტანთ ყოველ დევნასა და გასაჭირს.

დაბადება 22:9-12
მიადგნენ იმ ადგილს, ღმერთმა რომ უთხრა და აღმართა აბრაჰამმა სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა თავისი ძე, ისაკი და დასვა იგი სამსხვერპლო შეშაზე. გაიწოდა აბრაჰამმა ხელი და აიღო დანა შვილის დასაკლავად. მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და დაუძახა: „აბრაჰამ, აბრაჰამ!” უპასუხა: „აქა ვარ!” უთხრა: „ნუ აღმართავ ხელს ამ ყრმაზე, ნურაფერს დაუშავებ, რადგან ახლა ვიცი, რომ ღვთისმოშიში ხარ და არ დაზოგე ძე, შენი ერთადერთი, ჩემთვის!”

4 მეფეთა 6:15-17
ადგა დილაადრიან ღვთისკაცის მსახური, გამოვიდა და, აჰა, ლაშქარი შემორტყმია ქალაქს ცხენებითა და ეტლებით. ჰკითხა მსახურმა: „ვაი, ბატონო, როგორ მოვიქცეთ?” მიუგო ელისემ: ნუ გეშინია, რადგან ჩვენს მხარეს უფრო ბევრნი არიან, ვიდრე მათთან”. ასე ილოცა ელისემ: უფალო, გთხოვ აუხილე თვალი, რომ დაინახოს”. აუხილა უფალმა ჭაბუკს თვალი და ხედავს: აჰა, მოფენილია მთა ელისეს ირგვლივ ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით.

იობი 1:22
ამ ყველაფერშიც არ შეუცოდავს იობს და არც ღვთისთვის დაუბრალებია რაიმე უგუნურად.

დანიელი 3:16-27
მიუგეს შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ და უთხრეს მეფე ნაბუქოდონოსორს: „არ გვჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შეუძლია ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც გვიხსნას და შენი ხელიდანაც გადაგვარჩინოს, მეფევ, მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, დაე, ცნობილი იყოს შენთვის მეფევ, რომ მაინც არ მოვემსახურებით შენს ღმერთებს და არც შენს მიერ აღმართულ ოქროს კერპს ვცემთ თაყვანს!” მაშინ რისხვით აღივსო ნაბუქოდონოსორი; შადრაქზე, მეშაქსა და ყაბედ-ნეგოზე გაბრაზებულს სახის გამომეტყველება შეეცვალა. ბრძანა, ღუმელი ჩვეულებრივზე შვიდჯერ მეტად გაეხურებინათ. უბრძანა თავისი მხედრობის ძლიერ კაცებს, შეებოჭათ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო და ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში ჩაეყარათ. შებოჭეს ეს კაცები, რომლებიც ქვედა და ზედა სამოსებით, მოსასხამებითა და სხვა სამოსით იყვნენ შემოსილნი, და ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში ჩაყარეს. მკაცრი იყო მეფის ბრძანება და ღუმელი მეტისმეტად იყო გახურებული, ამიტომ ის კაცები, რომლებმაც შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო ჩაყარეს ღუმელში, ცეცხლის ალმა დახოცა. ეს სამნი კი – შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო – ცეცხლით გახურებულ ღუმელში ჩაცვივდნენ შებოჭილნი. მაშინ ფეხზე წამოიჭრა გაოცებული ნაბუქოდონოსორი და თავის მთავრებს უთხრა: „განა სამი შებოჭილი კაცი არ ჩავყარეთ ცეცხლში?” მიუგეს და უთხრეს მეფეს: „ჭეშმარიტად, მეფევ!” მიუგო მან და თქვა: „შეხედეთ, ხელ-ფეხ გახსნილ ოთხ კაცს ვხედავ, შუაგულ ცეცხლში მიდიმოდიან უვნებლად. მეოთხე, შესახედაობით ღვთის შვილს ჰგავს!” მიუახლოვდა ნაბუქოდონოსორი ცეცხლით გავარვარებული ღუმლის კარს და თქვა: „შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, უზენაესი ღმერთის მსახურებო! გამოდით და აქ მოდით!” და გამოვიდნენ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო ცეცხლის შუაგულიდან. შემოიკრიბნენ სატრაპები, მთავრები, მეფისნაცვლები და მრჩევლები მათ გარშემო და ნახეს, რომ ამ კაცებს ტანზე ცეცხლის კვალიც არ ეტყობოდათ, არც თმები შეტრუსოდათ თავზე და არც სამოსელი დასწვიათ; კვამლის სუნიც კი არ უდიოდათ.

საქმეები 7:59-60
ქვას რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: „უფალო იესო, მიიღე ჩემი სული”. მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა: „უფალო, ნუ მიუთვლი ამათ ამ ცოდვას”. ეს თქვა და განისვენა.

2 კორინთელთა 4:7-9
მაგრამ, ეს განძი თიხის ჭურჭლებში გვაქვს, რათა აღმატებული ძლიერება ღვთისგან იყოს და არა ჩვენგან. ყველაფერში შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არა დათრგუნულნი; შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი; დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი; გადაყრილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი.


მსგავსი თემები:

რწმენა      რწმენა, როგორც გადარჩენის საფუძველი     რწმენის აუცილებლობა
რწმენის გმირები       რწმენის მაგალითები       რწმენის ობიექტი       რწმენის საწყისები