Home1პეტრეს

1 პეტრეს 5

ახალი აღთქმა
პეტრე მოციქულის პირველი წერილი
ღვთის სამწყსოს დამწყემსვა

51 თქვენს შორის ხუცესებს შევაგონებ მე, თანახუცესი და ქრისტეს ტანჯვის მოწმე და აგრეთვე თანაზიარი იმ დიდებისა, რომელიც გამოცხადდება. მწყემსეთ ღვთის სამწყსო, რომელიც თქვენს შორისაა, არა იძულებით, არამედ ნებით და ღვთისათვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებისათვის, არამედ გულმოდგინებით. 3 ნუკი ეუფლებით ღვთის წილს, არამედ მაგალით იყავით სამწყსოსათვის. და როდესაც მწყემსმთავარი გამოჩნდება, მიიღებთ დიდების უჭკნობ გვირგვინს.
   5 ასევე, ახალგაზრდებო, დაემორჩილეთ ხუცესთ. დაემორჩილეთ ერთმანეთს, შეიმოსეთ თავმდაბლობა, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს. მაშ, დამდაბლდით ღვთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა აგამაღლოთ მან თავის დროზე. თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.
   8 მღვიძარენი იყავით, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს. წინაღუდექით მას მტკიცე რწმენით და იცოდეთ, რომ მსგავსი სატანჯველი თქვენს საძმოსაც ხვდება სოფელში. 10 ხოლო ღმერთი ყოველგვარი მადლისა, რომელმაც მოგვიწოდა თავისი სამუდამო დიდებისაკენ ქრისტეში, თქვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ სრულგყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგამყარებთ. 11 დიდება და ძალი მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ბოლო მოკითხვები

12 სილოვანეს, როგორც ვფიქრობ, თქვენი ერთგული ძმის ხელით მოგწერეთ მცირე რამ თქვენს შესაგონებლად და დასამოწმებლად, რომ ღვთის ეს მადლი, რომელშიც დგახართ, ჭეშმარიტია. 13 მოკითხავს გითვლიან ბაბილონში თანარჩეული ეკლესია და მარკოზი, ჩემი შვილი. 14 ერთმანეთი მოიკითხეთ სიყვარულის ამბორით. მშვიდობა თქვენდა ყველას, ვინც ქრისტეში ხართ. ამინ.

თავი მეოთხე                                                                                                    პეტრე მოციქულის მეორე წერილი

COMMENTS