მსაჯული 7

მაისი 3, 2015
ძველი აღთქმა
მსაჯული
71 და ადგა დილაადრიან იერუბაყალი, იგივე გედეონი, და მთელი მასთან მყოფი ხალხი, და დაიბანაკეს ხაროდის წყაროსთან; და მიდიანის ბანაკი იყო მის ჩრდილოეთით, მორეს ბორცვთან, ველზე. 2 და უთხრა უფალმა გედეონს: „ბევრი ხალხი გყავს საიმისოდ, რომ მიდიანი ჩავუგდო მათ ხელში, რათა არ გაყოყოჩდეს ისრაელი ჩემზე, და არ თქვას: ‘ხელმა ჩემმა მიხსნა.’ 3 და ახლა, მოდი, გამოუცხადე ხალხს გასაგონად და უთხარი: ‘ვინც შეშინებულია და კანკალებს, გაბრუნდეს და წავიდეს გილყადის მთიდან.’” და გაბრუნდა ხალხიდან ოცდაორი ათასი, და ათი ათასი დარჩა. 4 და უთხრა უფალმა გედეონს: „მაინც ბევრია ხალხი; ჩაიყვანე ისინი წყალზე და იქ გამოგირჩევ; და ვისზეც გეტყვი, ეს გამოგყვეს-მეთქი, ის გამოგყვეს, და ყველა ვისზეც გეტყვი, ეს არ გამოგყვეს-მეთქი, ნუ წამოვა.” 5 და ჩაიყვანა გედეონმა ხალხი წყალზე. და უთხრა უფალმა გედეონს: „ყველა, ვინც ენით შესვლეპს წყალს, როგორც ძაღლი სვლეპს, ცალკე დააყენე; ყველა, ვინც, დასალევად ჩაიმუხლება, ასევე გამოაცალკევე.” 6 და მსვლეპავთა რიცხვი, ვინც პეშვი პირთან მიიტანა, იყო სამასი კაცი; და ყველა დანარჩენმა ხალხმა ჩაიმუხლა წყლის დასალევად. 7 და უთხრა უფალმა გედეონს: „ამ სამასი მსვლეპელი კაცით გიხსნით და ხელში ჩაგიგდებ მიდიანს, და მთელი ხალხი წავიდეს, თითოეული თავის ადგილზე.” 8 და აიღეს მათ ხელში ხალხის საგზალი და რქის საყვირები; და სამასი კაცი დაიტოვა; და მიდიანის ბანაკი იყო მათ ქვემოთ, ველზე. 9 და იმ ღამეს უთხრა მას უფალმა: „ადექი, ჩადი ბანაკში, რადგან ხელში ჩაგიგდე იგი. 10 და თუ მარტო ჩასვლისა გეშინია, შენ და შენი მსახური ფურა ჩადით. 11 და მოისმინე, რასაც იტყვიან, და მერე ხელებში სიმტკიცე მოგეცემა და ჩახვალ ბანაკში.” და ჩავიდნენ ის და მისი მსახური ფურა, იარაღასხმულთა განაპირა რიგებისაკენ, ბანაკში რომ იყვნენ. 12 და მიდიანი, ყამალეკი და ყველა ძე აღმოსავლეთისა ველზე იყვნენ განლაგებულნი, კალიასავით ურიცხვნი; და მათ აქლემებს თვლა არ ჰქონდათ; იმდენი იყვნენ, როგორც ქვიშა ზღვის ნაპირას. 13 და მოვიდა გედეონი. და აჰა, ერთი კაცი სიზმარს უყვება თავის მოყვასს და ეუბნება: „აჰა, სიზმარი მესიზმრა: ვითომ ქერის პური დაგორდა მიდიანის ბანაკში, კარავს რომ მიაღწია, დაეჯახა და დასცა, თავდაყირა დააყენა და დაემხო კარავი.” 14 და მიუგო მოყვასმა, და უთხრა: „ეს სხვა რა უნდა იყოს, თუ არა მახვილი გედეონისა, იოაშის ძისა, ისრაელის კაცისა; მის ხელში ჩაუგდია ღმერთს მიდიანი და მთელი ბანაკი.” 15 და როცა გედეონმა ამ სიზმრის მოყოლა და მისი ახსნა მოისმინა, თაყვანი სცა უფალს და აბრუნდა ისრაელის ბანაკში, და თქვა: „ადექით! რადგან უფალმა ხელში ჩაგიგდოთ მიდიანის ბანაკი.” 16 და გაჰყო მან სამასი კაცი სამ რაზმად, და ყველას საყვირები და ცარიელი დოქები მისცა ხელში, დოქებში კი ლამპრები იყო. 17 და უთხრა მათ: „მიყურეთ და იგივე გააკეთეთ; აჰა, მივალ ბანაკის კიდესთან, და მოიქეცით, როგორც მე მოვიქცევი! 18 და დავაყვირებთ საყვირს მე და ჩემთან მყოფნი; თქვენც დააყვირეთ საყვირები მთელი ბანაკის ირგვლივ და თქვით: „უფლისათვის და გედეონისათვის!” 19 და მივიდა გედეონი და მასთან მყოფი ასი კაცი ბანაკის კიდესთან, შუაღამე რომ დგებოდა; და გამოცვალეს მცველნი და დააყვირეს საყვირები და დალეწეს დოქები, ხელში რომ ჰქონდათ. 20 და დააყვირა სამივე გუნდმა საყვირები და დალეწეს დოქები, მარცხენა ხელში ლამპრები ეჭირათ, ხოლო მარჯვენა ხელში საყვირები დასაყვირებლად, და გაჰყვირეს: „მახვილი უფლისათვის და გედეონისათვის!” 21 თითოეული თავ-თავის ადგილას იდგა, ბანაკის გარშემო; და გაიქცა მთელი ლაშქარი, და ყვიროდნენ და მირბოდნენ. 22 და დააყვირა სამასმა საყვირი და უფალმა ერთმანეთზე აღამართინა მახვილი მთელ ლაშქარში; და უკუიქცა ლაშქარი და მირბოდა ბეთ-შიტამდე ცერარასაკენ, აბელ-მექოლას საზღვრამდე, ტაბათის მახლობლად. 23 და მოუხმეს ისრაელის კაცებს ნაფთალიდან, აშერიდან და მთელი მენაშედან და დაედევნენ უკან მიდიანს. 24 და გაგზავნა მოციქულები გედეონმა ეფრემის მთაში, შეუთვალა: „ჩამოდით, წინ დაუხვდით მიდიანს და დაიჭირეთ წყლები ბეთ-ბარამდე და იორდანე.” და შეიკრიბა ეფრემის ყველა კაცი და დაიჭირეს წყლები ბეთ-ბარამდე და იორდანე. 25 და შეიპყრეს მიდიანის ორი მთავარი: ყორები და ზეები, და მოკლეს ყორები ყორების კლდესთან, ხოლო ზეები ზეების საწნახელთან, და დაედევნენ მიდიანს; და ყორებისა და ზეების თავები კი გედეონს მოუტანეს იორდანეს გაღმიდან.
თავი მეექვსე                                                                                                                                            თავი მერვე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close