Home2 პეტრეს

2 პეტრეს 2

ახალი აღთქმა
პეტრე მოციქულის მეორე წერილი
ცრუწინასწარმეტყველნი და ცრუმოძღვარნი

21 იყვნენ ცრუწინასწარმეტყველნიც ხალხში ისევე, როგორც თქვენშიც იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ დამღუპველ მწვალებლობას, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფად დაიღუპავენ თავს. მრავალნი მიჰყვებიან მათს თავაშვებულებას და მათ გამო დაიგმობა ჭეშმარიტების გზა. ანგარების გამო ტყუილი სიტყვებით თქვენგან გამორჩენას მოძებნიან. დიდი ხანია, გამზადებულია მათი სამსჯავრო და მათი დაღუპვა არ თვლემს.
   4 რადგან, თუკი ღმერთმა ის ანგელოზები არ დაინდო, რომელთაც შესცოდეს, არამედ ტარტაროზში ჩაყარა და წყვდიადის ჯურღმულებს გადასცა სამსჯავროზე შესანახავად, 5 არც პირველი სოფელი დაინდო: რვა სული შეინახა და მათ შორის ნოე — სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა მოავლინა უღვთოთა სოფელს. 6 სოდომსა და გომორას ქალაქებს მსჯავრი დასდო, ფერფლად აქცია და ამით გაკვეთილი მისცა მომავალ უღვთოებას, ხოლო მართალი ლოტი, ურჯულოთა ლაგამახსნილი ქცევით დაჩაგრული, იხსნა, რადგან ეს მართალი კაცი, რაკი მათ შრის ცხოვრობდა, დღითი დღე თავისი მართალი სულით იტანჯებოდა, მათ უკანონო საქმეებს რომ ხედავდა და ისმენდა. ვინაიდან იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისგან ღვთისმოსავნი, ხოლო უკეთურნი შემოინახოს განკითხვის დღისათვის დასასჯელად. 10 უპირატესად კი, ხორციელ გულისთქმებს ბილწად აყოლილნი, უფლებათა მოძულენი, თავხედნი, ჯიუტნი და დიდებათა გმობის ურიდნი, 11 მაშინ, როცა ანგელოზებიც კი, რომელნიც მათზე მაგარნი და ძლიერნი არიან, არ მიიტანენ უფლის წინაშე შეურაცხმყოფელ ბრალდებას თავიანთ თავზე.

ჭეშმარიტების გზას აცდენილნი

12 ისინი კი, როგორც უგუნური ცხოველები, ბუნებით დასაჭერად და მოსასპობად გაჩენილნი, თავიანთ გახრწნილებით დაიღუპებიან, ვინაიდან გმობენ იმას, რაც არ გაეგებათ. 13 და მიიღებენ უკეთურების საზღაურს, რადგან ყოველდღიური ფუფუნება ნეტარებად მიაჩნიათ. ბინძურნი და მანკიერნი, საკუთარი საცდურით ნებივრობენ, ნადიმობენ თქვენთან ერთად. 14 მათი თვალები აღსავსეა მრუშობით და განუწყვეტელი ცოდვით. ისინი აცდუნებენ უსუსურ სულებს და მათი გულები მიჩვეულნი არიან ანგარებას. წყევლა–კრულვის შვილნი არიან ისინი. 15 მიატოვეს სწორი გზა, დაიბნენ და დაადგნენ ბილყამ ბეყორის ძის გზას, რომელმაც შეიყვარა უკეთურების საზღაური, 16 მაგრამ მხილებული იყო თავის ურჯულოებაში: უტყვი ვირი ადამიანის ხმით ალაპარაკდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშმაგე.
   17 ესენი არიან დამშრალი წყაროები და  ქარიშხლის მიერ დევნილი ღრუბლები. მათვის გამზადებულია საუკუნო წყვდიადი. 18 ვინაიდან მაღალფარდოვანი ლაქლაქით ხორციელ გულისთქმებში და გარყვნილებაში ითრევენ იმათ, ვინც ეს–ესაა ჩამოსცილდნენ ცდომილებაში მყოფთ. 19 თავისუფლებას აღუთქვამენ მათ, თვითონ კი გახრწნილების მონები არიან, რადგან ვინც ვისგანაა ძლეული, მისივე მონაა. 20 ვინაიდან, თუ უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ცოდნით სოფლის სიბილწეებს ჩამოცილებულნი კვლავ გაეხვევიან მათში და დაიძლევიან, უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება. 21 უმჯობესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და უკუქცეულიყვნენ მათთვის გადაცემული წმიდა მცნებისაგან. 22 იმ მართალი იგავისა არ იყოს, იმათაც ასე მოუვიდათ: ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ხოლო ნაბანი ღორი ტალახში საგორაოდ მიდის.

თავი პირველი                                                                                                                                         თავი მესამე

COMMENTS