დანიელი 3

ივლისი 10, 2015

ძველი აღთქმა
დანიელი

31 გააკეთა მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს კერპი, სამოცი წყრთა სიმაღლით და ექვსი წყრთა სიგანით. და ბაბილონის ქვეყანაში დადგა იგი, დურას ველზე. 2 ხალხი დაგზავნა მეფე ნაბუქოდონოსორმა, რათა სატრაპნი, მთავარნი, მეფისნაცვალნი, მრჩეველნი, მეგანძურნი, მსაჯულნი, რჯულისკაცნი და განმგებელნი შეყრილიყვნენ და მოსულიყვნენ იმ კერპის სატფურებაზე, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა. 3 მაშინ შეიკრიბნენ სატრაპნი, მთავარნი, მეფისნაცვალნი, მრჩეველნი, მეგანძურნი, მსაჯულნი, რჯულისკაცნი და ქვეყანათა განმგებელნი იმ კერპის სატფურებაზე, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა. დადგნენ ისინი იმ კერპის წინაშე. 4 მაშინ მაწვევარმა რიხიანად დაიძახა: „ხალხნო, ტომებო და ენანო. თქვენ გებრძანებათ! 5 როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირის და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებთ, პირქვე დაემხოთ და თაყვანი სცეთ იმ ოქროს კერპს, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა. 6 ვინც არ დაემხობა და თაყვანს არა სცემს, იმწამსვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნება ჩაგდებული. 7 ამიტომ, როგორც კი ყველა ხალხებმა გაიგონეს საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარისა და ყველა საკრავის ხმა, ყველა ხალხები, ტომები და ენები დაემხნენ და თაყვანი სცეს ოქროს კერპს, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა. 8 ამ დროს იყო, რომ მოდგა ზოგიერთი ქალდეველი და იუდაელებს დაუწყეს ბრალის დადება. 9 უამბეს მათ მეფე ნაბუქოდონოსორს და უთხრეს: „მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე! 10 მეფეო, შენ განკარგულება გაეცი, რომ ყოველი კაცი, რომელიც კი საყვირის, სალამურის, სამბუკის, ქნარის, გუდასტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებდა, დამხობილიყო და ოქროს კერპისთვის ეცა თაყვანი. 11 ხოლო ის, ვინც არ დაემხობოდა და თაყვანს არ სცემდა, ჩაგდებული იქნებოდა ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში. 12 მაგრამ არიან იუდაელნი, რომელთაც შენ ბაბილონის ქვეყნის საქმეები ჩააბარე: შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო. მეფეო, ეს კაცები არ დაემორჩილნენ შენს განკარგულებას. ისინი არც შენს ღმერთებს ემსახურებიან და არც იმ ოქროს კერპს სცემენ თაყვანს, შენ რომ აღმართე. 13 მაშინ ნაბუქოდონოსორმა ბრძანა ბრაზითა და რისხვით შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს მოყვანა. მოჰგვარეს მეფეს ეს კაცები. 14 მიუგო ნაბუქოდონოსორმა და უთხრა მათ: „შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, ნუთუ განზრახ არ ემსახურებით ჩემს ღმერთებს და თაყვანს არ სცემთ იმ ოქროს კერპს, მე რომ აღვმართე? 15 ახლა კი მოემზადენით და საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და სხვა ყველანაირი საკრავის ხმის გაგონებაზე, დაემხეთ და თაყვანი ეცით იმ კერპს, მე რომ გავაკეთე, ხოლო თუ თაყვანი არ გიციათ, იმწამსვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნებით ჩაყრილი. რომელი ღმერთი დაგიხსნით მაშინ ჩემი ხელიდან?” 16 შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ მიუგეს და უთხრეს მეფეს: „ნაბუქოდონოსორ, ჩვენ არ გვჭირდება მაგ ამბავზე პასუხის გაცემა. 17 თუ ასე იქნება, ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შესწევს ძალა, რომ ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც გადაგვარჩინოს და შენი ხელიდანაც გვიხსნას, მეფეო! 18 თუ არა და, იცოდე, მეფეო, ჩვენ მაინც არ ვემსახურებით შენს ღმერთებს და თაყვანს არ ვცემთ იმ ოქროს კერპს, შენ რომ აღმართე.” 19 მაშინ ნაბუქოდონოსორი რისხვით აღივსო. შადრაქზე, მეშაქზე და ყაბედ-ნეგოზე გაბრაზებულს სახის გამომეტყველება შეეცვალა და ბრძანება გასცა, ღუმელი შვიდჯერ და უფრო მეტად გაეხურებინათ, ვიდრე ჩვეულებრივ ახურებდნენ ხოლმე. 20 უბრძანა თავისი მხედრობის უძლიერეს ვაჟკაცებს, შეეკრათ შადრაქი, მეშაქი, ყაბედ-ნეგო და ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში ჩაეყარათ. 21 მაშინ ეს კაცები, თავიანთ ქვედა და ზედა სამოსებით, მოსასხამებითა და სხვა შესამოსელით შემოსილნი, შეკრეს და ცეცხლით გახურებულ ღუმელში ჩაყარეს. 22 რაკი მკაცრი იყო მეფის ბრძანება და ღუმელი მეტისმეტად იყო გახურებული, ის კაცები, რომელნიც შადრაქს, მეშაქსა და ყაბედ-ნეგოს ჰყრიდნენ ღუმელში, ცეცხლის ალმა დახოცა. 23 ხოლო ეს სამნი: შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო ცეცხლით გახურებულ ღუმელში შებოჭილნი ჩაცვივდნენ. 24 მაშინ შეცბა მეფე ნაბუქოდონოსორი და მკვირცხლად წამოიჭრა. მიუგო და უთხრა თავის მრჩეველთ: „ჩვენ სამი შეკრული კაცი არ ჩავაგდეთ ცეცხლში?” მიუგეს მათ და უპასუხეს მეფეს: „ჭეშმარიტად, მეფეო!” 25 მიუგო მან და თქვა: „აჰა, ოთხ ხელ-ფეხ გახსნილ კაცს ვხედავ, შუაგულ ცეცხლში მიმოდიან უვნებლად. მეოთხე შესახედაობით ღვთის ძესა ჰგავს.” 26 მაშინ მიუახლოვდა ნაბუქოდონოსორი გავარვარებული ღუმლის პირს, შესძახა და უთხრა: „შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, მაღალი ღმერთის მსახურნო, აქ მოდით!” მაშინ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო გამოვიდნენ შუაგული ცეცხლიდან. 27 შემოკრბენ სატრაპები, მთავარნი, მეფისნაცვალნი და მეფის მრჩეველნი და ნახეს, რომ ამ ვაჟების ტანზე ცეცხლს თავისი ძალა ვერ მიეტანა: თავზე თმებიც კი არ შეტრუსოდათ, სამოსელიც არ შეცვლოდათ და ნატისუსალიც კი არ ასდიოდათ. 28 მიუგო ნაბუქოდონოსორმა და თქვა: „კურთხეულია ღმერთი შადრაქისა, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოსი, რომელმაც მოავლინა თავისი ანგელოზი და იხსნა თავისი მსახურნი, რომლებიც მას მიენდვნენ, არ დაემორჩილნენ მეფის განკარგულებას და საკუთარი სხეულიც კი გადადეს, რათა თავიანთი ღმერთის გარდა, სხვა ღმერთისთვის არ ემსახურათ და თაყვანი არ ეცათ. 29 ამიტომ ვიძლევი ბრძანებას: ყოველი ხალხი, ტომი ან ენა, რომელიც შადრაქის, მეშაქის და ყაბედ-ნეგოს ღმერთზე აუგს იტყვის, ასო-ასო აიკუწოს, მისი სახლი კი ნანგრევებად იქცეს. რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი, ასე რომ შეეძლოს ხსნა.” 30 მაშინ მეფემ კვლავ აღამაღლა ბაბილონის ქვეყანაში შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო.
თავი მეორე                                                                                                                                           თავი მეოთხე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close