ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ
გაფრთხილება მეკერპეობაზე
14 ამიტომ, ჩემო საყვარელნო, განერიდეთ კერპთაყვანისმცემლობას. 15 როგორც გონიერებს გელაპარაკებით; თავად განსაჯეთ, რასაც ვამბობ. 16 კურთხევის სასმისი, რომელსაც ჩვენ ვაკურთხებთ, განა ქრისტეს სისხლის თანაზიარება არ არის? პური, რომელსაც ჩვენ ვტეხთ, განა ქრისტეს სხეულის თანაზიარება არ არის? 17 ვინაიდან პური ერთია, ჩვენ კი მრავალნი – ერთი სხეული, რადგან ყველა ერთი პურიდან ვეზიარებით. 18 შეხედეთ ისრაელს ხორცის მიხედვით: ვინც მსხვერპლიდან ჭამს, განა ისინი სამსხვერპლოს ზიარნი არ არიან? 19 მაშ, რას ვამბობ? განა იმას, რომ რამეა კერპი? ან იმას, რომ რაიმეს ნიშნავს ნაკერპავი? 20 არამედ, რასაც ისინი სწირავენ, ეშმაკს სწირავენ და არა ღმერთს. მე კი არ მინდა, რომ ეშმაკთა ზიარნი იყოთ. 21 არ შეგიძლიათ სვათ უფლის სასმისი და ეშმაკის სასმისი. არ შეგიძლიათ უფლის სუფრასაც ეზიაროთ და ეშმაკის სუფრასაც. 22 ნუთუ ვბედავთ უფლის განრისხებას? განა მასზე ძლიერები ვართ?
ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად
23 ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი აშენებს. 24 არავინ ეძებოს თავისი სარგებელი, არამედ სხვისი. 25 ყველაფერი, რაც ბაზარში იყიდება, ჭამეთ და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო. 26 რადგან უფლისაა მიწა და მისი სისავსე. 27 ხოლო თუ მიგიწვევთ რომელიმე ურწმუნოთაგანი და მოისურვებთ მასთან წასვლას, ყველაფერი ჭამეთ, რასაც თქვენს წინ დააწყობენ და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო. 28 ხოლო თუ ვინმე გეტყვით: ეს ნაკერპავიაო, ნუ შეჭამთ მთქმელის გამო და სინდისის გამო, რადგან უფლისაა მიწა და მისი სისავსე. 29 სინდისს ვამბობ არა შენსას, არამედ სხვისას. ვინაიდან რატომ იქნას განკითხული ჩემი თავისუფლება სხვისი სინდისით? 30 ხოლო თუ მადლიერებით ვჭამ, რაღად შევიბღალო იმის გამო, რისთვისაც მადლიერი ვარ? 31 ამიტომ ჭამთ, სვამთ, თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად. 32 ნუ შეურაცხყოფთ ნურც იუდეველებს, ნურც წარმართებს და ნურც ღვთის ეკლესიას. 33 ისივე, როგორც მეც ვაამებ ყველას ყველაფერში და სარგებლობას ვეძებ არა ჩემთვის, არამედ მრავალთათვის, რათა გადარჩნენ.
COMMENTS