ზაქარია
131 „იმ დღეს იქნება, რომ გაიღება წყარო დავითის სახლისთვის და იერუსალიმის მცხოვრებთათვის ცოდვისა და უწმიდურების წარსახოცად. 2 იმ დღეს იქნება, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – რომ მოვსპობ კერპთა სახელებს ქვეყანაში, რომ მეტად აღარ იხსენიებდნენ, და წინასწარმეტყველებსაც და უწმიდურ სულს აღვგვი ქვეყნიდან. 3 თუ ვინმე კიდევ დაიწყებს წინასწარმეტყველებას და ეტყვიან მას მისი მშობელი მამა და დედა: არ უნდა ცოცხლობდე, რადგან ტყუილს ლაპარაკობ უფლის სახელითო. და განგმირავენ მას მისი მშობელი მამა და დედა, როცა აქადაგდება. 4 იმ დღეს იქნება, რომ შერცხვებათ წინასწარმეტყველთ – თითოეულს თავისი ხილვისა წინასწარმეტყველების დროს და აღარ შეიმოსავენ შავი ბალნის შესამოსელს თვალის ასახვევად. 5 იტყვიან: ‘არა ვარ წინასწარმეტყველი, მიწის მხვნელი ვარ, რადგან ყმად ვარ ნაყიდი სიყმაწვილიდანვე.’ 6 ეტყვიან: ‘ეგ რა ნაჭრილობები გაქვს ხელზე?’ მიუგებს: ‘ჩემს მოკეთეთა სახლში ვარ ნაცემი.’ 7 „მახვილო, აღიძარ ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი მახლობელი კაცის წინააღმდეგ,” – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი. მაშინ მივყოფ ხელს მწყემსის ბიჭებს. 8 მთელს ქვეყანაზე, – ამბობს უფალი, – ორი წილი გაწყდება და დაიღუპება, მესამედი კი გადარჩება. 9 გავატარებ ცეცხლში ამ მესამედს და გავწმენდ, როგორც ვერცხლი იწმინდება, და გამოვცდი მათ, როგორც ოქრო გამოიცდება. მაშინ ახსენებენ ჩემს სახელს და მეც შევიწყნარებ მათ, ვიტყვი: ‘ეს არის ჩემი ერი.’ იტყვიან ისინი: ‘უფალია ჩემი ღმერთი.’”