Home2კორინთელთა

2 კორინთელთა 11

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის მეორე წერილი კორინთელთა მიმართ
პავლე და ცრუმოციქულები

111 ო, ნეტავ ოდნავ მაინც შეიწყნარებდეთ ჩემს სისულელეს! თუმცა მიწყნარებთ კიდეც. ვინაიდან თავგამოდებული ვარ თქვენს მიმართ ღვთიური თავგამოდებით, რადგან დაგწინდეთ თქვენ ერთ კაცზე, რათა წმიდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე. მაგრამ ვშიშობ, რომ როგორც გველმა თავისი მზაკვრობით აცდუნა ევა, ასევე არ გაირყვნეს თქვენი აზროვნება და არ გარდახდეთ სიწრფელესა და სიწმიდეს ქრისტეში.  ვინაიდან, თუ მოვა ვინმე და გიქადაგებთ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია, ანდა, რომ მიიღოთ სხვა სული, რომელიც არ მიგიღიათ, ან სხვა სახარება, რომელიც არ მიგიღიათ, მაშინ თქვენ მეტისმეტად შემწყნარებელნი იქნებოდით. 5 რადგან ვფიქრობ, არაფერში ჩამოვუვარდები აღმატებულ მოციქულებს. და თუმცა სიტყვით უმეცარი ვარ, არა ცოდნით, მაინც ყველაფერში გაცხადებულნი ვართ თქვენთვის.
   7 ანდა, ნუთუ ცოდვა ჩავიდინე თავის დამდაბლებით, რათა თქვენ ამაღლებულიყავით, რადგან უსასყიდლოდ გახარებდით ღვთის სახარებას? 8 სხვა ეკლესიებს ვართმევდი, ვიღებდი მათგან ქირას, რათა თქვენ მოგმსახურებოდით. ხოლო როცა თქვენთან ვიყავი და მაკლდა კიდეც, არავინ შემიწუხებია. 9 ვინაიდან ჩემს ნაკლულებას ავსებდნენ მაკედონიიდან მოსული ძმები და ყველაფერში ვცდილობდი ტვირთად არ დაგწოლოდით თქვენ, და კვლავაც ვეცდები. 10 ქრისტეს ჭეშმარიტებით, რომელიც ჩემშია, გეუბნებით, რომ ეს სიქადული არ წამერთმევა აქაიის მხარეებში. 11 რატომ? განა იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა უწყის!
   12 მაგრამ რასაც ვაკეთებ, იმასვე გავაკეთებ, რათა საბაბი მოვკვეთო მათ, ვინც საბაბს ეძებს, რათა ისინი ჩვენისთანანი აღმოჩნდნენ იმაში, რითაც იკვეხნიან. 13 ვინაიდან ასეთები არიან ცრუ მოციქულნი, მზაკვარი მუშაკნი, ქრისტეს მოციქულებად გარდასახულნი. 14 და არ არის საკვირველი, რადგან თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზად გარდაისახება. 15 ამიტომ დიდი ამბავი არ არის, თუ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურებად გარდაისახებიან. მაგრამ მათი ბოლო მათი საქმეთამებრ იქნება.

პავლეს ტანჯვები

16 კვლავაც ვიტყვი: ნურავინ ჩამთვლის უგუნურად. და თუ არა, ისე მაინც მიმიღეთ, როგორც უგუნური, რათა მცირეოდენით მეც ვიკვეხნო. 17 რასაც ვამბობ, უფლის მიხედვით კი არ ვამბობ ასეთ თავდაჯერებულ კვეხნაზე, არამედ თითქოს უგუნურებით, 18 რაკი ბევრი იკვეხნის ხორციელად, ამიტომ მეც დავიკვეხი. 19 ვიანიდან თქვენ, გონიერნი, ხალისით იწყნარებთ უგუნურებს. 20 რადგან იწყნარებთ, თუ ვინმე დაგიმონებთ, თუ ვინმე შეგსანსლავთ, თუ ვინმე დაგიპყრობთ, თუ ვინმე გაყოყოჩდება, თუ ვინმე სახეში გცემთ. 21 შესარცხვენად ვამბობ ამას, თითქოს დავუძლურდით. მაგრამ, თუ ვინმე გაკადნიერდება და რაიმეთი დაიკვეხნის, უგუნურებით ვიტყვი ამას: მეც გავკადნიერდები. 22 ისინი ებრაელები არიან? მეც. ისრაელიანები არიან? მეც. აბრაამის თესლნი არიან? მეც. 23 ქრისტეს მსახურნი არიან? უგუნურივით ვამბობ: მე უფრო მეტად. უფრო მეტად შრომაში, ბევრად უფრო მეტად ტანჯვაში,  უფრო მეტად საპყრობილეში და მრავალგზის სიკვდილის პირას. 24 ხუთჯერ მივიღე იუდეველთაგან ორმოცზე ერთით ნაკლები დარტყმა. 25 სამჯერ კვერთხით მცემეს, ერთხელ ჩამქოლეს და სამჯერ გემის მსხვრევა განვიცადე, ღამე და დღე შუა ზღვაში დავყავი, 26 მრავალჯერ მოგზაურობებში, განსაცდელში მდინარეებზე, განსაცდელში ყაჩაღებისაგან, განსაცდელში თანატომელთაგან, განსაცდელში წარმართთაგან, განსაცდელში ქალაქად, განსაცდელში უდაბნოდ, განსაცდელში ზღვაზე, განსაცდელში ცრუ ძმათა შორის, 27 შრომასა და გაჭირვებაში, გამუდმებულ სიფხიზლეში, შიმშილსა და წყურვილში, გამუდმებულ მარხულობაში, ყინვასა და სიშიშვლეში. 28 კიდევ გარდა სხვათა, დღითი-დღე რომ მიხდება: ზრუნვა ყველა ეკლესიაზე. 29 ვინმე დაუძლურდა და მე არ დავუძლურდი? ვინმე დაბრკოლდა და მე არ ავენთე?
   30 თუ დასაკვეხნია, ჩემი უძლურებით დავიკვეხნი. 31 ღმერთმა, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა, კურთხეულმა უკუნითი უკუნისამდე, უწყის, რომ არ ვცრუობ. 32 დამასკოში მეფე არეტას ოლქის განმგებელი დარაჯობდა დამასკელთა ქალაქს, რათა შევეპყარი. 33 სარკმლიდან გადმომიშვეს გოდრით კედელზე და ხელიდან დავუსხლტი მას.

თავი მეათე                                                                                                                                      თავი მეთორმეტე

COMMENTS