4 მეფეთა 6

მაისი 12, 2015
ძველი აღთქმა
4 მეფეთა
61 და უთხრეს წინასწარმეტყველთა ძეთ ელისეს: „აჰა, ვიწროა ჩვენთვის ეს ადგილი, სადაც შენს წინაშე ვცხოვრობთ. 2 იორდანეზე ჩავალთ, თითო მორს ავიღებთ იქიდან და ავიშენებთ იქ სადგომს საცხოვრებლად.” და თქვა: „ჩადით” 3 და თქვა ერთმა: „იქნებ მიიღო წყალობა და შენც წამოგვყვე შენს მსახურთ.” თქვა: „წამოგყვებით.” 4 და წაჰყვა მათ. და ჩავიდნენ იორდანეზე და შეუდგნენ ხის ჭრას. 5 ძირს დასცა ერთმა მორი და წყალში ჩაუვარდა ცული. და იყვირა: „ვაი, ბატონო! ნათხოვარი იყო!” 6 და თქვა ღვთისკაცმა: „სად ჩავარდა?” და უჩვენა ადგილი. და მოჭრა ნაფოტი, ისროლა იქითკენ და ამოტივტივდა ცული. 7 და თქვა: „ამოიღე.” და მანაც გაიწოდა ხელი და აიღო. 8 და ებრძოდა არამის მეფე ისრაელს და თათბირობდა თავის მსახურებთან, ამა და ამ ადგილზე დავბანაკდებიო. 9 და შეუთვალა ღვთისკაცმა ისრაელის მეფეს: „მოერიდე ამ ადგილზე გავლას, არამელები არიან შემოპარული.” 10 და გზავნიდა ისრაელის მეფე ხალხს იმ ადგილას, რომელზეც ღვთისკაცი ეუბნებოდა და აფრთხილებდა. და არა ერთხელ და ორჯერ გადარჩენილა იქ. 11 და შეაშფოთა არამის მეფე ამ ამბავმა, უხმო თავის მსახურთ და უთხრა: „არ მეტყვით, ვინ მიდი-მოდის ჩვენიანებიდან ისრაელის მეფესთან?” 12 და თქვა ერთ-ერთმა მსახურთაგან: „არავინ, მეფე-ბატონო. ელისე, ისრაელის წინასწარმეტყველი, ატყობინებს ისრაელის მეფეს ყოველ სიტყვას, რასაც შენს საწოლ ოთახში ლაპარაკობ.” 13 და თქვა: „წადით და გაიგეთ, სად არის იგი. ხალხს გავაგზავნი და მოვაყვანინებ.” და შეატყობინეს: „დოთანში არის.” 14 და გაგზავნა იქ ცხენები, ეტლები და დიდძალი ჯარი. და მივიდნენ ღამით და ალყა შემოარტყეს ქალაქს. 15 და ადგა დილაადრიანად ღვთისკაცის მსახური, გამოვიდა გარეთ და აჰა, ჯარია ქალაქის ირგვლივ, ცხენები და ეტლები. და უთხრა მისმა მსახურმა ბიჭმა: „ვაი, ბატონო, რა გვეშველება?” 16 და თქვა: „ნუ გეშინია, რადგან ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ.” 17 და ილოცა ელისემ და თქვა: „უფალო! აუხილე თვალი, რომ დაინახოს.” და აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: აჰა, სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით. 18 და დაეშვნენ მისკენ არამელები, და ილოცა ელისემ უფლისადმი და თქვა: „დააბრმავე ეს ხალხი!” და დააბრმავა ისინი ელისეს სიტყვისამებრ. 19 და უთხრა მათ ელისემ: „აქ არ არის გზა და არც ქალაქი. გამომყევით და მიგიყვანთ იმ კაცთან, ვისაც ეძებთ.” და წაუძღვა სამარიამდე. 20 და როცა სამარიაში მივიდნენ, თქვა ელისემ: „უფალო! აუხილე თვალი ამათ, რომ დაინახონ.” აუხილა უფალმა მათ თვალი და დაინახეს, რომ სამარიაში არიან. 21 უთხრა ისრაელის მეფემ ელისეს, როცა დაინახა ისინი: „დავხოცო, ჩემო მამავ?” 22 და უთხრა: „არ დახოცო. შენი მახვილით და მშვილდით ხომ არ დაგიტყვევებია, რომ შენ ამოხოცო? მიეცი პური და წყალი. ჭამონ და სვან, და თავიანთ ბატონთან წავიდნენ.” 23 და გაუმართა დიდი პურობა. მათაც ჭამეს და სვეს და თავიანთ ბატონთან წავიდნენ. და ამის მეტად აღარ შემოსულან სათარეშოდ ისრაელის ქვეყანაში არამელები. 24 ამის შემდეგ შეკრიბა ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, მთელი თავისი ლაშქარი, წამოვიდა და შემოადგა სამარიას. 25 და დიდი შიმშილობა იყო სამარიაში. და სანამ ალყა ჰქონდა შემორტყმული, სახედრის თავი ოთხმოც ვერცხლად იყიდებოდა, ხოლო კაბის მეოთხედი მტრედის სკორე – ხუთ ვერცხლად. 26 და გაიარა ერთხელ ისრაელის მეფემ გალავანზე და შეჰბღავლა ერთმა ქალმა: „მიშველე, მეფე-ბატონო!” 27 და უთხრა: „თუ უფალმა ვერ გიშველა, მე როგორ გიშველო? კალოდან თუ საწნახელიდან?” 28 უთხრა მას მეფემ: „რა მოგივიდა?” უთხრა: „ამ ქალმა მითხრა: ‘მომეცი შენი შვილი, დღეს ის შევჭამოთ, ხვალ – ჩემი.’ 29 და მოვხარშეთ ჩემი შვილი და შევჭამეთ. და ვუთხარი მეორე დღეს: ‘მომეცი ახლა შენი შვილი შევჭამოთ’. მან კი გადამალა თავისი შვილი.” 30 და როცა გაიგონა მეფემ ქალის ნათქვამი, შემოიხია სამოსელი და გალავანზე გავიდა. და დაინახა ხალხმა, რომ ჯვალო ემოსა შიშველ ხორცზე. 31 და თქვა: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ თავი შერჩეს მხრებზე საღამომდე ელისე შაფატის ძეს.” 32 ელისე კი იჯდა თავის სახლში და უხუცესები უსხდნენ გვერდით. და გააგზავნა [მეფემ] თავისგან კაცი, და ვიდრე მოციქული მივიდოდა, ელისემ უთხრა უხუცესებს: „ხედავთ, კაცს მიგზავნის მკვლელის შვილი, რომ თავი მომკვეთოს? იცოდეთ, როცა მოციქული მოვა, ჩაკეტეთ კარი და მაგრად მიაწექით კარს, რომ ვერ შემოვიდეს. აჰა, მისი ბატონის ფეხის ხმაც ისმის მის უკან!” 33 და ვიდრე მათ ელაპარაკებოდა აჰა, მოვიდა მოციქულიც, და თქვა ელისემ: „აჰა, რა უბედურება დაგვატეხა უფალმა! რაღას უნდა მოველოდე უფლისგან? “
თავი მეხუთე                                                                                                                                   თავი მეშვიდე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close