მეორე რჯული 6:24
და ყველა ამ წესის აღსრულება გვიბრძანა უფალმა, რათა გვეშინოდეს უფლის, ჩვენი ღმერთის, კარგად ვიყოთ მუდამ და ვიცოცხლოთ, როგორც დღეს.
ფსალმუნები 30:19
რაოდენ დიდია სიკეთე შენი, რომელსაც შენს მოშიშთათვის ინახავ, შენში თავშესაფრის მძებნელთ რომ განუმზადე, ადამის ძეთა წინაშე.
ფსალმუნები 111:1
ნეტარია კაცი მოშიში უფლისა, რომელიც დიდად ნეტარებს მის მცნებებში.
ფსალმუნები 114:21
უფალი აკურთხებს მის მოშიშებს – პატარებს და დიდებს.
ფსალმუნები 127:1-4
ნეტარია ყოველი, ვინც უფლის მოშიშია და მისი გზებით დადის! შენი ხელების ნაყოფს შეჭამ, ბედნიერი იქნები და სიკეთე გექნება! შენი ცოლი, მსხმოიარე ვაზივით იქნება შენს სახლში; შენი შვილები, ზეთისხილის ყლორტებივით იქნებიან შენი სუფრის გარშემო. აი, ასე იკურთხება უფლის მოშიში კაცი.
იგავნი 10:27
უფლის შიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ბოროტეულთა წლები კი შემოკლდება.
იგავნი 19:23
უფლის შიშს სიცოცხლისკენ მიჰყავს კაცი; კმაყოფილი დაიძინებს და ბოროტება არ ეწევა.
იგავნი 22:4
თავმდაბლობის და უფლის შიშის საზღაური: სიმდიდრე, პატივი და სიცოცხლეა.
იგავნი 32:18-19
აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის, რომ იხსნას მათი სული სიკვდილისაგან და ასაზრდოოს შიმშილის დროს.
ფსალმუნები 33:7
დაიბანაკებს უფლის ანგელოზი მის მოშიშთა ირგვლივ და იხსნის მათ.
ფსალმუნები 84:9
მართლაც ახლოა მისმიერი ხსნა მის მოშიშთათვის, რათა დიდებამ დაისადგუროს ჩვენს ქვეყანაში.
ფსალმუნები 144:19
მის მოშიშთა სურვილს ასრულებს, მათ ღაღადისს ისმენს და იხსნის მათ.
ნეემია 1:11
ო, უფალო, გევედრები, მსმენელი ყური მიაპყარ შენი მორჩილისა და იმ მსახურთა ლოცვას, რომელთაც სწყურიათ შენი სახელის მოშიშება და გევედრები, ხელი მოუმართე შენს მსახურს დღეს და წყალობა აპოვნინე ამ კაცის წინაშე”, რადგან მეფის ღვინისმწდე ვიყავი.
ფსალმუნები 146:11
ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს.
იგავნი 15:16
მცირედი სჯობია უფლისმოშიშებაში, ვიდრე დიდი საუნჯე შფოთვაში.
ეკლესიასტე 8:12-13
თუმცა ასჯერ ჩაიდენს ცოდვილი ბოროტებას და მაინც დიდხანს ცოცხლობს, მე კი ვიცი, რომ გაიხარებენ ღვთისმოშიშნი, მის წინაშე რომ დგანან მოწიწებით. ბოროტეულთ კი სიკეთე არ ექნებათ და ჩრდილივით ხანმოკლე იქნება მათი დღეები, ვინაიდან არ მოიშიშეს ღმერთის წინაშე.
ლუკას 1:50
წყალობა მისი თაობიდან თაობამდეა მის მოშიშთათვის.
ფსალმუნები 24:12
ვინ არის კაცი მოშიში უფლისა? მას უჩვენებს გზას, რომელიც უნდა აირჩიოს.
ეკლესიასტე 7:18
კარგია თუ ამას ჩაეჭიდები და არც იმას გაუშვებ ხელს, რადგან უფლის მოშიში ყოველივეს გადალახავს.
ესაია 33:6
დაგიდგება უსაფრთხო ჟამი, ხსნის, სიბრძნისა და ცოდნის სიუხვეში; და ღვთისმოშიშებაში – რომელიც მისი საგანძურია.
ფსალმუნები 102:11
ვინაიდან როგორც ცაა დედამიწაზე მაღლა, ასევე აღმატებულია მისი სიკეთე მის მოშიშთა მიმართ.
ფსალმუნები 59:4
ბაირაღი მიეცი შენს მოშიშებს, რათა აფრიალდეს ჭეშმარიტებისთვის.
ფსალმუნები 113:9
მოშიშნო უფლისა, უფალს მიენდეთ! – მათი შემწე და ფარია იგი.
იგავნი 14:26-27
უფლის შიში მტკიცე სიმაგრეა; თავშესაფარია იგი შენთვის და შენი შვილებისთვის. უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახეთაგან გამომხსნელი.
მალაქია 3:16-17
როცა ლაპარაკობენ ერთმანეთში უფლის მოშიშნი, ყურს უგდებს მათ უფალი, ესმის და იწერება სამახსოვრო წიგნში მის წინაშე, უფლის მოშიშთათვის და მისი სახელის მოწიწებით მომხსენიებელთათვის. ჩემი იქნებიან ისინი – ამბობს ცაბაოთ უფალი – იმ დღეს, ჩემს საგანძურად ვაქცევ მათ და დავინდობ, როგორც კაცი დაინდობს თავის ძეს, რომელიც ემორჩილება.
სოფონია 3:7
ვამბობდი: მხოლოდ ჩემი გეშინოდეთ, მიიღეთ დარიგება, რომ არ განადგურდეს თქვენი სამკვიდრო და ჩემმა სასჯელმა გვერდი აგიაროთ-მეთქი. მაგრამ დილიდანვე ყოველმხრივ ბოროტებას სჩადიოდით.
მალაქია 4:2
და ამობრწყინდება თქვენთვის, ჩემი სახელის მოშიშთათვის, სიმართლის მზე და განკურნება იქნება მის ფრთებზე! და კუნტრუშით გამოხვალთ, ნასუქი ხბორებივით.
გამოცხადება 11:18
წარმართები გამძვინვარდნენ და მოვიდა შენი რისხვა; დადგა ჟამი მკვდრების განკითხვისა, რომ საზღაური მიეზღოთ შენს მონებს – წინასწარმეტყველებს, წმიდანებსა და მათ, რომელთაც შენი სახელის ეშინიათ – დიდებსა და პატარებს, რათა მოსპო დედამიწის მომსპობნი”.
ფსალმუნები 33:9
გეშინოდეთ უფლის, წმიდანნო მისნო, რადგან არაფერი მოაკლდება მის მოშიშთ.
ფსალმუნები 110:5
აძლევს საზრდოს თავის მოშიშებს, მარადის ახსოვს თავისი აღთქმა.