HomeUncategorized

ეკლესიასტე 8

ძველი აღთქმა
ეკლესიასტე
81 ვინაა მსგავსი ბრძენისა და ვინ შეიცნობს საგანთა არსს? ადამიანის სიბრძნე ანათებს მის სახეს და ცვლის მისი სახის სიმკაცრეს. 2 „დაიცავი-მეთქი მეფის ბრძანება ღვთისადმი ფიცის გამო. 3 ნუ იჩქარებ მისგან წასვლას, ნუ დადგები ბოროტ საქმეში, რადგან რასაც ის მოისურვებს, გააკეთებს.” 4 ვინაიდან მეფის სიტყვა ხელმწიფებაა და ვინ ეტყვის მას: „რას აკეთებ?” 5 მცნების დამცველმა არ იცის ბოროტი საქმე, ჟამი და სამართალი კი იცის ბრძენის გულმა. 6 რადგან ყოველ საქმეს თავისი ჟამი და წესი აქვს, მაგრამ ადამიანს მძიმედ აწევს უბედურება. 7 რადგან არავინ იცის, რაც იქნება, რადგან როგორ მოხდება, ვინ ეტყვის მას? 8 ადამიანი არაა ქარის ხელისუფალი, რომ დააკავოს ქარი, და ხელმწიფება არ არის სიკვდილის დღეზე, და მოციქულობა არ არის ომში და უკეთურება ვერ გადაარჩენს თავის პატრონს. 9 ყოველივე ეს ვიხილე და ჩემი გული დავუდე ყოველ საქმეს, რაც მზის ქვეშ ხდება, როდესაც ადამიანი ბატონობს ადამიანზე მის საბოროტოდ. 10 და ამასთან ვიხილე მე დამარხული უკეთურნიც, და წმიდა ადგილიდან მოდიოდნენ და მიდიოდნენ, და დავიწყებას მიეცნენ ქალაქში, სადაც ასე იქცეოდნენ. ესეც ამაოებაა. 11 სადაც სწრაფად არ ისჯება ბოროტი, ადამიანის გული ბოროტებით ივსება. 12 თუმცა ცოდვილი ასჯერ ჩაიდენს ბოროტებას, ღმერთი დიდხანს უთმენს მას. სიკეთე ექნებათ ღვთის მოშიშთ, ვინაიდან მოიშიშებენ მის წინაშე. 13 სიკეთე არ ექნება უკეთურს და ჩრდილივით ხანმოკლე იქნება მისი დღეები, ვინაიდან არ მოიშიშებს ღვთის წინაშე. 14 არის ამაოება, რომელიც ხდება მიწაზე: არიან მართალნი, რომელთაც მიეზღვებათ უკეთურთა მოქმედებისამებრ და არიან უკეთურნი, რომელთაც მიეზღვებათ მართალთა მოქმედებისამებრ. მე ვთქვი, რომ ესეც ამაოებაა. 15 და ვაქე მე სიხარული, რადგან არაფერია უკეთესი ადამიანისათვის მზის ქვეშ, ვიდრე ჭამა და სმა და მხიარულება. და ეს თან ახლავს მას შრომაში მთელი სიცოცხლე, რომელიც მისცა მას ღმერთმა მზის ქვეშ. 16 და როდესაც დავუდე გული, რომ შემეცნო სიბრძნე და მეხილა ის საქმე, რომელიც მიწაზე ხდება, რისთვისაც ვერც დღისით და ვერც ღამით თვალით ვერ ხედავს ძილს, 17 ვიხილე ღვთის ყოველი საქმე, მაგრამ ადამიანს არ ძალუძს მისწვდეს საქმეს, რომელიც მზის ქვეშ ხდება: რამდენიც არ უნდა ეცადოს ადამიანმა, ვერ მისწვდება. და კიდევაც რომ იფიქროს ბრძენმა, რომ იცის, ვერ შეძლებს მიწვდომას.
თავი მეშვიდე                                                                                                                                               თავი მეცხრე

COMMENTS