HomeUncategorized

ეკლესიასტე 7

ძველი აღთქმა
ეკლესიასტე
71 კარგი სახელი სჯობს კარგ ნელსაცხებელს და სიკვდილის დღე – შობის დღეს. 2 სჯობს გლოვის სახლში მისვლა ლხინის სახლში მისვლას, რადგან ეს არის ყოველი ადამიანის ბოლო, და ცოცხალმა დაიდოს გულთან. 3 სჯობს მწუხარება სიცილს, რადგან სახის დაღვრემილობისას უკეთესდება გული. 4 ბრძენთა გული გლოვის სახლშია, ხოლო ბრიყვთა გული – მხიარულების სახლში. 5 სჯობს ბრძენის მიერ საყვედურის მსმენელი კაცს, რომელიც ბრიყვის ქებას ისმენს. 6 რადგან როგორც ხმა ეკლების ტკაცუნისა ქვაბის ქვეშ, ისეა ბრიყვის სიცილი. და ესეც ამაოებაა. 7 რადგან ჩაგვრისას ბრძენი კარგავს გონებას, ხოლო საჩუქარი აფუჭებს გულს. 8 სჯობს საქმის ბოლო მის დასაწყისს, სჯობს სულგრძელობა – ქედმაღლობას. 9 ნუ იჩქარებ შენს სულში გაბრაზებას, რადგან სიბრაზე ბრიყვთა უბეში განისვენებს. 10 ნუ იკითხავ: „რატომ არის, რომ ადრე უკეთესი იყო, ვიდრე ახლა?” რადგან სიბრძნით არ კითხულობ ამას. 11 კარგია სიბრძნე მემკვიდრეობასთან ერთად და მათთვის, ვინც ხედავს მზეს. 12 რადგან სიბრძნე ჩრდილშია, ვერცხლი ჩრდილშია, ხოლო ცოდნის უპირატესობა ის არის, რომ სიბრძნე აცოცხლებს თავის პატრონს. 13 შეხედე ღვთის მოქმედებას, რადგან ვინ შეძლებს იმის გასწორებას, რაც მან გაამრუდა? 14 სიკეთის დღეს კარგად იყავი და უბედურების დღეს განჭვრიტე – ესეც და ისიც ღმერთმა შექმნა იმისთვის, რომ ვერაფერი ვერ ჰპოვოს ადამიანმა თავის შემდგომ. 15 ეს ყველაფერი მინახავს მე დღეებში ჩემი ამაოებისა: მართალი დაღუპულა თავის სიმართლეში და უკეთური დღეგრძელი ყოფილა თავის სიბოროტეში. 16 ნუ იქნები დიდად მართალი და ნუ დაბრძენდები მეტისმეტად – რად უნდა იყო შეწუხებული? 17 ნუ შესცოდავ დიდად და ნუ იქნები სულელი – რად უნდა მოკვდე უდროოდ? 18 კარგია, თუ ამას ჩაეჭიდები და არც იმას გაუშვებ ხელს, რადგან უფლის მოშიში აგვარებს ყოველივე ამას. 19 სიბრძნე გააძლიერებს ბრძენს ათ ხელისუფალზე მეტად, ქალაქში რომ არიან. 20 ნამდვილად არ არის ქვეყანაზე მართალი ადამიანი, რომელიც მხოლოდ სიკეთეს სჩადის და არ სცოდავს. 21 ყველა სიტყვას, რასაც იტყვიან, ნუ მიაქცევ ყურადღებას, რათა არ მოისმინო, შენი მონა რომ გწყევლის. 22 რადგან შენმა გულმა იცის, რომ შენც სწყევლიდი სხვებს. 23 ყოველივე ეს გამოვცადე მე სიბრძნით და ვთქვი: „დავბრძენდები”, მაგრამ ეს შორსაა ჩემგან. 24 ის რაც შორსაა და ძალიან ღრმაა, ვინ ჰპოვებს მას? 25 მოვაბრუნე ჩემი გული, რომ ვისწავლო და ვიკვლიო, და გამოვიძიო სიბრძნე და გამჭრიახობა, რათა შევიცნო უკეთურების სიბრიყვე და შეშლილობის სისულელე. 26 და ვპოვე მე, რომ სიკვდილზე მწარეა ქალი, რადგან ის ხაფანგია, მისი გული – ბადე და მისი ხელები – ბორკილები. უფლის წინაშე კეთილი დაუსხლტება მას, ხოლო ცოდვილი გაებმება მასში. 27 „აი, ეს ვპოვე მე!” თქვა ეკლესიასტემ, „ერთი მეორეს მივაბი, რათა მეპოვნა ახსნა, 28 რასაც ჩემი სული კვლავ ეძებს, მაგრამ ვერ ვპოვე. ერთი კაცი ვიპოვე ათასში, ხოლო ქალი ყველა მათ შორის ვერ ვიპოვე. 29 და აჰა, მხოლოდ ეს ვპოვე მე: რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი პატიოსნად, მათ კი წამოიწყეს ბევრი ხრიკები!”
თავი მეექვსე                                                                                                                                               თავი მერვე

COMMENTS