HomeUncategorized

იგავნი სოლომონისა 22

ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
221 უკეთესია სახელი დიდ სიმდიდრეზე, ვერცხლსა და ოქროს კი წყალობა სჯობს. 2 მდიდარი და ღატაკი ერთმანეთს ხვდებიან: მათი ყველას გამჩენი უფალია. 3 გონიერმა დაინახა ბოროტი და გაერიდა, ბრიყვებმა კი გადაიარეს და დაისაჯნენ. 4 საზღაური მორჩილებისა, უფლის შიშისა, არის სიმდიდრე, პატივი და სიცოცხლე. 5 ეკლები და მახეებია ცბიერების გზაზე, თავისი სულის დამცველი გაერიდება მათ. 6 აღზარდე ყმაწვილი მისი გზის მიხედვით, კიდევაც რომ მოხუცდეს, არ გადაუხვევს მისგან. 7 მდიდარი ღატაკებზე მთავრობს და მსესხებელი მონაა გამსესხებლისა. 8 უსამართლობის დამთესავი უბედურებას მოიმკის და მისი მრისხანების კვერთხი გადატყდება. 9 კეთილმოსურნე კურთხეულ იქნება, რადგან თავისი პურიდან მისცა ღარიბს. 10 გააგდე ბრიყვი და გავა განხეთქილებაც, შეწყდება ჩხუბი და კილვა. 11 სპეტაკი გულის მოყვარულს სიამე აქვს ბაგეზე, მისი მოყვასი მეფეა. 12 უფლის თვალები იცავენ ცოდნას, მოღალატის ნათქვამს კი გააბათილებს. 13 ზარმაცი ამბობს: „ლომია გარეთ, შუა ქუჩაში ვიქნები მოკლული”. 14 ღრმა თხრილია უცხოთა პირი, ვისზედაც გამწყრალია უფალი, ჩავარდება შიგ. 15 სისულელე მიეკრო ყმაწვილის გულს, დარიგების კეტი მოაშორებს მისგან. 16 ვინც ღარიბს ჩაგრავს, რათა გაიმრავლოს თავისი და აძლევს მდიდარს, მას დააკლდება. 17 დახარე შენი ყური და ისმინე სიტყვანი ბრძენთა, და შენი გული მიაპყარ ჩემს ცოდნას, 18 რადგან საამო იქნება შენთვის, თუ შენს წიაღში შეინახავ და ყველა ერთად განმტკიცდება შენს ბაგეებზე. 19 რომ იყოს უფალში შენი საყრდენი, შენც გასწავლე დღეს, 20 განა არ მოგწერე სამჯერ რჩევითა და სწავლით, 21 რომ მესწავლებინა შენთვის ჭეშმარიტების სიტყვათა სიმტკიცე, რათა მიგეგო ჭეშმარიტი სიტყვები შენს გამომგზავნელთათვის? 22 ნუ გაძარცვავ ღარიბს, რადგან ღარიბია იგი, და ნუ დაჩაგრავ ღატაკს კარიბჭესთან, 23 რადგან უფალი იდავებს მათ დავას და სულს წაართმევს მათ წამართმეველთ. 24 ნუ დაემოყვრები ბრაზიანს და ფიცხ კაცთან ნუ მიხვალ, 25 რომ არ გაიწვრთნა მის გზებში და არ დაუგო მახე შენს სულს. 26 ნუ იქნები მათ შორის, ხელს რომ ურტყამენ, თავდებად რომ უდგებიან სესხზე. 27 თუ არაფერი გმართებს, რისთვის გამოგაცლიან ქვეშაგებს? 28 ნუ გადასცდები საუკუნო საზღვარს, რომელიც შენმა მამებმა დადეს. 29 გინახავს შენ კაცი, სწრაფი თავის საქმეში? მეფეთა წინაშე წარდგება იგი, არ წარდგება ბნელთა წინაშე.
თავი ოცდამეერთე                                                                                                                            თავი ოცდამესამე

COMMENTS