Homeბიბლიაახალი აღთქმა

გამოცხადება 11

ახალი აღთქმა
იოანე მოციქულის გამოცხადება
ორი მოწმე

111 მომეცა მე კვერთხის მსგავსი ლერწამი და ითქვა ჩემს მიმართ: „ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და სამსხვერპლო, და მასში თაყვანისმცემლები. ხოლო ტაძრის გარე ეზო გამორიცხე და არ გაზომო, ვინაიდან წარმართებს მიეცა იგი: ისინი ორმოცდაორ თვეს გათელავენ წმიდა ქალაქს. 3 მივცემ ჩემს ორ მოწამეს და ისინი იწინასწარმეტყველებენ ათას ორას სამოც დღეს ძაძებით მოსილნი.“ ესენია ზეთისხილის ხე და ორი სასანთლე, რომლებიც უფლის წინაშე დგას. თუ ვინმე მოინდომებს ავნოს მათ, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შთანთქავს მათ მტრებს. და თუ ვინმე მოინდომებს ავნოს მათ, ის უნდა მოიკლას. მათ აქვთ ხელმწიფება დაგმანონ ცა, რათა არ მოვიდეს წვიმა მათი წინასწარმეტყველების დღეებში. აქვთ ხელმწიფება წყლებზე, რომ აქციონ ისინი სისხლად და შემუსრონ მიწა ყოველგვარი წყლულით, როცა კი მოისურვებენ. როცა ისინი დაამთავრებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება მათ, გაიმარჯვებს და დახოცავს მათ. მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის ქუჩაში, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს ეცვა მათი უფალიც. სამნახევარ დღეს ხალხთაგან და ტომთაგან, ენათაგან და ერთაგან უყურებენ მათ გვამებს და არ მისცემენ მათი გვამების სამარხში დაკრძალვის ნებას. 10 მიწაზე მცხოვრებნი გაიხარებენ მათზე და იმხიარულებენ, და გაუგზავნიან ერთმანეთს საჩუქრებს, ვინაიდან ეს ორი წინასწარმეტყველი აწამებდა მიწის მკვიდრთ. 11 სამნახევარი დღის შემდეგ კი შევიდა მათში სიცოცხლის სული ღვთისაგან და ფეხზე დადგნენ. დიდი შიში დაეცა ყველას, ვინც მათ უყურებდა. 12 იყო დიდი ხმა ციდან, რომელმაც უთხრა მათ: „ამოდით აქ“. ისინი ღრუბლით ავიდნენ ზეცას და მათმა მტრებმა დაინახეს ისინი. 13 იმავე საათს მოხდა მიწისძვრა და ქალაქის მეათედი დაიქცა, და დაიღუპა მიწისძვრისაგან შვიდი ათასი კაცი. დანარჩენები კი შიშმა მოიცვა და დიდება მიაგეს ზეციერ ღმერთს.
14 მეორე უბედურებამ გადაიარა და აჰა, მესამე უბედურება მოვა მალე.

მეშვიდე საყვირი

15 მეშვიდე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და გაისმა ცაში დიდი ხმები, რომლებიც ამბობდნენ: „სოფლის სამეფო გახდა ჩვენი უფლისა და მისი ქრისტესი, და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე“. 16 ღვთის წინაშე თავიანთ ტახტებზე მჯდომი ოცდაოთხი უხუცესი პირქვე დაემხო და თაყვანი სცა ღმერთს. 17 და თქვეს: „გმადლობთ შენ, უფალო, ღმერთო ყოვლისმპყრობელო, რომელიც ხარ, რომელიც იყავი და რომელიც მოხვალ, რომ მოიღე შენი დიდი ძალა და გამეფდი. 18 გამძვინვარდნენ წარმართები და მოვიდა შენი რისხვა და ჟამი, რათა მკვდრები განკითხულ იქნენ და საზღაური მიეცეთ შენს მსახურთ – წინასწარმეტყველებს და წმიდებს და მათ, რომელთაც შენი სახელის ეშინიათ – დიდებს და პატარებს, და მოსპო მიწის მომსპობნი“. 19 გაიღო ღვთის ტაძარი ცაში და გამოჩნდა მისი აღთქმის კიდობანი მის ტაძარში. და იქმნა ელვანი და ხმანი, ქუხილნი და მიწისძვრა და დიდი სეტყვა.

თავი მეათე                                                                                                                                      თავი მეთორმეტე

COMMENTS