იგავნი სოლომონისა 19

ივლისი 8, 2015
ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა 
191 სჯობს ღარიბი თავისი უბიწობით მავალი მრუდებაგიან მდიდარს და თანაც ბრიყვს. 2 არც ცოდნის გარეშე ვარგა სული და, ვინც ჩქარობს, შესცოდავს. 3 ადამიანის სისულელე რყვნის მის გზას და უფალზე წყრება მისი გული. 4 ქონება ჰმატებს ბევრ მოყვასს, უქონელი კი თავისი მეგობრისგან განშორებულია. 5 ცრუ მოწმე არ დარჩება დაუსჯელი და ტყუილის მოლაქლაქე არ გადარჩება. 6 ბევრი ეძებს წყალობას დიდებულთა წინაშე და საჩუქრის მიმცემს ყველა მეგობრობს. 7 ღარიბი სძულს ყველა ძმას, მით უფრო მისი მეგობრები შორდებიან მას. აუსრულებელ დანაპირებთა მდევარია იგი. 8 ვინც გულს იძენს, მას თავისი თავი უყვარს, გონებას ინახავს, რათა სიკეთე ჰპოვოს. 9 ცრუ მოწმე არ დარჩება დაუსჯელი და ტყუილის მოლაქლაქე დაიღუპება. 10 ბრიყვს არ შეეფერება ფუფუნება, მით უფრო მონას – ბატონობა მთავრებზე. 11 ადამიანის ჭკუა სულგრძელს ხდის მას და მისი ღირსებაა დანაშაულის მიტევება. 12 ლომის ბოკვერის ღრიალს ჰგავს მეფისგან შერისხვა, და მისი წყალობა ბალახზე ცვრის მსგავსია. 13 მამისათვის უბედურებაა ბრიყვი შვილი, ხოლო ცოლის ჭირვეულობა – შეუწყვეტელი წვეთა. 14 სახლი და ქონება მამათა მემკვიდრეობაა, გონიერი ცოლი კი უფლისაგანაა. 15 სიზარმაცე ძილს მოჰგვრის კაცს და უქნარა სული იშიმშილებს. 16 მცნების დამცველი თავის თავს იცავს, უფლის გზების აბუჩად ამგდები მოკვდება. 17 ღატაკის მწყალობელი უფალს აძლევს სესხს და სამაგიეროს ის მიუზღავს მას. 18 დასაჯე შენი შვილი, მაგრამ არ განაწყო შენი სული მის სასიკვდილოდ. 19 დიდად მრისხანეს დაედოს სასჯელი, რადგან, თუ დაინდობ მას, მოგიწევს სასჯელის გაკვლადება. 20 ისმინე რჩევა და მიიღე დარიგება, რათა დაბრძენდე საბოლოოდ. 21 ბევრი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ უფლის გადაწყვეტილება ასრულდება. 22 ადამიანის სწრაფვა მისი სიკეთეა და ღატაკი სჯობს მზაკვარ კაცს. 23 უფლის შიშს სიცოცხლისაკენ მიჰყავს კაცი, მაძღარი იქნება და არ ეწევა მას ბოროტი. 24 ზარმაცი ხელს ჰყოფს ლანგარში და თავის პირთანაც არ მოაბრუნებს მას. 25 ურტყი თავქარიანს და ბრიყვი გონიერი გახდება. შეაგონე გონიერს, გაიგებს სწავლას. 26 მამის მძარცველი და დედის გამგდები შემარცხვენელი და უპატიო შვილია. 27 ნუ მოისმენ, ჩემო შვილო, შეგონებას, რომელიც გირჩევს გონიერი სიტყვებიდან გადახვევას. 28 უგვანი მოწმე ქირდავს სამართალს და უკეთურთა პირი ყლაპავს უსამართლობას. 29 თავქარიანთათვის მზადაა სასჯელი, რეგვენთა ზურგზე კი ცემა-ტყეპაა.
თავი მეთვრემეტე                                                                                                                                      თავი მეოცე

კომენტარის დატოვება

Close
Close