მახარებლობის არსი – ბიბლიური ციტატები

ესაია 52:7
რა მშვენიერია მთებზე ფერხნი მახარებლისა, მშვიდობის მაუწყებლისა, სიკეთის მახარებლისა და ხსნის გამომცხადებლისა, რომელიც ეუბნება სიონს: „გამეფდა შენი ღმერთი!”

მარკოზის 16:15
უთხრა მათ: „წადით მთელ ქვეყნიერებაზე და ყველა ქმნილებას უქადაგეთ სახარება.

2 მეფეთა 18:31
აჰა, მოვიდა ქუშელიც; თქვა: „ეუწყოს კეთილი ამბავი მეფეს, ჩემს ბატონს, რადგან უფალმა თავისი სამართლით გიხსნა დღეს ყოველი ამბოხებულის ხელიდან”.

4 მეფეთა 7:9
და უთხრეს ერთმანეთს: „ასე არ უნდა ვიქცეოდეთ. ეს დღე სასიხარულო უწყების დღეა, ჩვენ კი ჩუმად ვართ. თუ გათენებამდე ვიცდით, სასჯელი არ აგვცდება. ახლავე წავიდეთ და მეფის სახლს შევატყობინოთ”.

ესაია 40:9
მაღალ მთაზე ადი, მახარებელო სიონო! ძლიერად აიმაღლე ხმა, მახარებელო იერუსალიმო! აიმაღლე და ნუ გეშინია, უთხარი იუდას ქალაქებს: „აჰა, თქვენი ღმერთი!”

ესაია 41:27
მე პირველმა ვაუწყე სიონს: „აჰა, იხილე ისინი!” მახარობელი გავუგზავნე იერუსალიმს!

ნაუმი 1:15
აჰა, გაისმა მთებზე მახარობლის ფეხის ხმა მშვიდობის მაუწყებლისა! გამართე დღესასწაულები, იუდეა, აღთქმები შეასრულე, რადგან აღარ დაგეცემა თავს ბელიარი, საბოლოოდ განადგურდა.

საქმეები 14:7
და ახარებდნენ იქ.

რომაელთა 10:14-15
მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს, როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე? და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან? როგორც წერია: „რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!”

რომაელთა 15:16
ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღმერთის სახარების მღვდელმსახური, რათა წარმართთა შესაწირავი იყოს სასურველი და სულიწმიდის მიერ განწმედილი.

1 ტიმოთეს 2:6-7
რომელმაც ყველას გამოსასყიდად გაიღო თავი, რისი მოწმობაც იყო თავის დროზე, რის მქადაგებლად და მოციქულადაც ვარ დადგენილი – ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეში, არ ვცრუობ, – წარმართთა მასწავლებლად რწმენასა და ჭეშმარიტებაში.

2 ტიმოთეს 1:10-11
ახლა კი გამოგვეცხადა ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოჩენით, რომელმაც გააბათილა სიკვდილი და სინათლე მოფინა სიცოცხლეს და უკვდავებას სახარების მეშვეობით, რომლის მოქადაგედ, მოციქულად და მასწავლებლადაც ვარ დადგენილი.

გალატელთა 1:11-16
ხოლო გაუწყებთ თქვენ, ძმებო, რომ სახარება, რომელსაც ვახარებდი, არ არის კაცთმიერი. ვინაიდან მეც არ მიმიღია და არ მისწავლია იგი კაცისაგან, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით. რადგან გსმენიათ თქვენ ჩემი წინანდელი მიმოსვლა იუდეველობაში, რომ მე სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას. აღვემატებოდი იუდეველობაში მრავალ ჩემს ტოლს ჩემს ტომში, ვინაიდან ჩემი მამების გადმოცემების მოშურნე ვიყავი მეტისმეტად. ხოლო როცა კეთილინება ღმერთმა, რომელმაც გამომარჩია დედის საშოდან და მომიწოდა თავისი მადლით, გამოეცხადებინა ჩემში თავისი ძე, რომ მეხარებინა იგი წარმართთათვის, მყისვე როდი დავეთათბირე ხორცსა და სისხლს.

მარკოზის 1:1
დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ღვთის ძისა.

ეფესელთა 3:8
მე, ყველა წმიდას შორის უმცირესს, მომეცა ეს მადლი, რათა წარმართთათვის მეხარებინა ქრისტეს აურაცხელი სიმდიდრე

ლუკას 2:10
და უთხრა მათ ანგელოზმა: „ნუ გეშინიათ. აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისთვის იქნება:

ლუკას 3:16-18
იოანე ყველას პასუხობდა: „მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის სანდლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდითა და ცეცხლით; მისი ფიწალი მის ხელთ არის, იგი გაწმედს თავის კალოს და ბეღელში მოაგროვებს ხორბალს, ბზეს კი ჩაუქრობელი ცეცხლით დაწვავს”. ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს.

საქმეები 11:20
იყვნენ მათგან ზოგიერთნი კვიპროსელნი და კვირინელნი, რომლებიც ანტიოქიაში მისვლისას ესაუბრებოდნენ ბერძნულად მოლაპარაკეებსაც და ახარებდნენ მათ უფალ იესოს.

რომაელთა 1:9
ჩემი მოწმეა ღმერთი, რომელსაც ჩემი სულით ვემსახურები მისი ძის სახარებით, რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ თქვენ.

2 კორინთელთა 4:3-4
თუ არის კიდეც დაფარული ჩვენი სახარება, დაღუპულთათვის არის დაფარული. ურწმუნოთათვის, რომლებსაც ამ წუთისოფლის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა არ ებრწყინა მათთვის სახარების ნათელს ქრისტეს დიდებაზე, რომელიც ღვთის ხატია.

საქმეები 28:30-31
ხოლო პავლე მთელი ორი წელი ცხოვრობდა თავის ნაქირავებში და ღებულობდა მასთან მიმსვლელებს; ღმერთის სამეფოს ქადაგებდა და გაბედულად და დაუბრკოლებლად ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეზე.

მათეს 24:14
და ექადაგება სამეფოს ეს სახარება მთელ მსოფლიოს ყველა ერისთვის
დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული.

მარკოზის 1:14-15
მას შემდეგ, რაც გადაცემულ იქნა იოანე, იესო გალილეაში დაბრუნდა და ქადაგებდა ღვთის სახარებას. ამბობდა: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმერთის სამეფო. მოინანიეთ და იწამეთ სახარება”.

ლუკას 4:43
მან თქვა: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვახარო ღმერთის სამეფო, რადგან ამისთვის ვარ მოვლენილი”.

ლუკას 9:2
მიავლინა ისინი ღმერთის სამეფოს საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნად.

საქმეები 8:12
ხოლო, ერწმუნენ რა ფილიპეს, რომელიც ღმერთის სამეფოსა და იესო ქრისტეს სახელს ახარებდა, ინათლებოდნენ როგორც მამაკაცები, ისე დედაკაცებიც.

ლუკას 4:18-19
„უფლის სულია ჩემზე, რადგან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად, უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად”.

ესაია 61:1-2
უფლის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა გლახაკთა სახარებლად, წარმომგზავნა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და პატიმართა გასათავისუფლებლად. უფლის სასურველი წელიწადისა და ჩვენი ღმერთის შურისგების დღის გამოსაცხადებლად, რათა ვანუგეშო ყველა მგლოვიარე.

მათეს 11:3-6
რათა ეკითხათ მისთვის: შენა ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას უნდა ველოდოთო? მიუგო მათ იესომ და უთხრა: „წადით და აუწყეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ: ბრმები კვლავ ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ. ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში!”

საქმეები 5:42
ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ ქრისტე იესოს, ტაძარსა და სახლებში.

საქმეები 9:22
სავლე კი, სულ უფრო ძლიერდებოდა და აოგნებდა დამასკოში მცხოვრებ იუდევლებს და უმტკიცებდა, რომ იესო არის ქრისტე.

1 კორინთელთა 15:1-4
გაუწყებთ თქვენ ძმებო, სახარებას, რომელიც მე გიქადაგეთ, რომელიც მიიღეთ და რომელზეც დგახართ. რომლითაც ხსნას ღებულობთ, თუ დაიცავთ სიტყვას, მე რომ გიქადაგეთ, თუ არა – ფუჭად გირწმუნიათ. რადგან, პირველ რიგში, გადმოგეცით ის, რაც თვითონ მივიღე, რომ ქრისტე წერილების თანახმად მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის, დაიკრძალა და, წერილებისავე თანახმად, აღდგა მესამე დღეს.

რომაელთა 1:1-5
პავლე, მონა იესო ქრისტესი, მოწოდებული მოციქული, განწესებული ღმერთის სახარებისათვის, რომელიც წინასწარ აღთქმული ჰქონდა ღმერთს წინასწარმეტყველთა მეშვეობით წმიდა წერილებში საუწყებლად თავისი ძისა, რომელიც დავითის შთამომავლობიდან იშვა ხორციელად, რომელიც ღმერთის ძედ იქნა განწესებული სიწმიდის სულის ძალით, მკვდრეთით აღმდგარის – ჩვენი უფალი იესო ქრისტესი, რომლის მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ სარწმუნოებას ყველა ხალხები,

საქმეები 2:22-24
ისრაელის კაცნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზარეველი, კაცი ღვთისგან თქვენთვის დამოწმებული, ძალით, სასწაულებით და ნიშნებით, ღმერთმა რომ მოახდინა მისი მეშვეობით თქვენ შორის, როგორც თვითონვე იცით, იგი, ღვთის ჩანაფიქრით და წინასწარცოდნით გადმოგეცათ, თქვენ კი ურჯულოთა ხელით ჯვარს აცვით და მოკალით. მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი და შეხსნა სიკვდილის ბორკილები, რადგან შეუძლებელი იყო სიკვდილს დაეკავებინა იგი.

1 კორინთელთა 15:14
ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგება ფუჭი ყოფილა და ფუჭი ყოფილა თქვენი რწმენაც.

1 კორინთელთა 1:23
ჩვენ კი ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის – უგუნურებას,

რომაელთა 1:16-17
ვინაიდან, მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად ჯერ იუდევლისა და მერე ბერძენისა. ვინაიდან, მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: „მართალი იცოცხლებს რწმენით”.

ფსალმუნები 39:10
გულში არ დამიფარავს შენი სიმართლე, შენს ერთგულებასა და შენმიერ ხსნაზე ვლაპარაკობდი, არ დამიმალავს დიდ კრებულში შენი წყალობა და ჭეშმარიტება.

1 ნეშტთა 16:23-24
მთელი დედამიწა უგალობდეს უფალს, მისი ხსნის სიკეთე გამოაცხადეთ ყოველ დღე. ერთა შორის გააცხადეთ მისი დიდება, ყველა ხალხში – მისი სასწაულები.

1 კორინთელთა 1:21
და რადგან ქვეყნიერებამ სიბრძნის მეშვეობით ვერ შეიცნო ღმერთი თავის ღთაებრივ სიბრძნეში, ღვთისთვის სათნო იყო მორწმუნეთა გადარჩენა ქადაგების უგუნურებით.

ეფესელთა 1:13
მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი გადარჩენის სახარება, იწამეთ იგი და დაიბეჭდეთ აღთქმული სულიწმიდით,

2 თესალონიკელთა 2:13-14
ჩვენ კი ყოველ ჟამს გვმართებს მადლიერება ღვთისადმი თქვენი გულისთვის, უფლის მიერ საყვარელო ძმებო, ვინაიდან დასაბამიდან ამოგირჩიათ ღმერთმა ხსნისთვის, სულით განწმედასა და ჭეშმარიტების რწმენაში, რისთვისაც მოგიწოდათ თქვენ, ჩვენი სახარებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდების სამსახურად.

მათეს 4:17
იმ დროიდან დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო”.

მათეს 12:41
ნინეველები აღდგებიან სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და აჰა, აქ არის იონაზე დიდი.

მათეს 3:2
ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო.


მსგავსი თემები:

მახარებლობის სახეები       მახარებლობის წახალისება