HomeUncategorized

2 მეფეთა 18

ძველი აღთქმა
2 მეფეთა
181 და აღრიცხა დავითმა თავისი ხალხი და დაუყენა მას ათასისთავები და ასისთავები. 2 ხალხის ერთი მესამედი დავითმა იოაბს ჩააბარა, ერთი მესამედი – აბიშაის, ცერუიას ძეს, იოაბის ძმას, დანარჩენი მესამედი – ითაი გითელს. და უთხრა მეფემ ხალხს: „მეც თქვენთან გამოვალ.” 3 და ხალხმა უთხრა: „არ გამოხვიდე, რადგან ჩვენ თუ უკუვიქეცით, ყურადღებას არ მოგვაქცევენ; ნახევარიც რომ გავწყდეთ, არც მაშინ მოგვაქცევენ ყურადღებას. ჩვენისთანას ათიათასს იწონი შენ, ამიტომ ჩვენთვის უმჯობესი იქნება, თუ ქალაქიდან შემოგვეშველები.” 4 და უთხრა მათ მეფემ: „როგორც გიჯობთ, ისე მოვიქცევი.” და დარჩა კარიბჭესთან მეფე, ხალხი კი ასეულებად და ათასეულებად გავიდა. 5 და უბრძანა მეფემ იოაბს, აბიშაის და ითაის: „დამიზოგეთ ყმაწვილი, აბესალომი.” და მთელმა ხალხმა მოისმინა, რაც აბესალომის გამო უბრძანა მეფემ თავის სარდლებს. 6 და გავიდა ხალხი ველზე ისრაელის წინააღმდეგ და გაიმართა ბრძოლა ეფრემის ტყეში. 7 და იძლია ისრაელის ხალხი დავითის მსახურთაგან. დიდი ხოცვა-ჟლეტა მოხდა იქ იმ დღეს, გაწყდა ოცი ათასი. 8 და მოედო ბრძოლა მთელს იმ არემარეს, და ტყემ უფრო მეტი ხალხი შთანთქა, ვიდრე მახვილმა შეჭამა იმ დღეს. 9 და შეეყარა აბესალომი დავითის მსახურთ. ჯორზე იყო აბესალომი ამხედრებული. როცა ჯორი ტოტებგაბარჯღული დიდი მუხის ქვეშ გარბოდა, წამოედო აბესალომი თმებით მუხას და გამოეკიდა ცასა და მიწას შორის, ჯორი კი გამოეცალა და გაიქცა. 10 და დაინახა ეს ერთმა კაცმა და შეატყობინა იოაბს და უთხრა: „აბესალომი დავინახე, მუხაზე ჩამოკიდებული.” 11 და უთხრა იოაბმა ამბის მომტანს: „თუ დაინახე, რატომ არ დააკალი იქვე მიწას? ჩემზე იქნებოდა ათი შეკელი ვერცხლი და ერთი სარტყელი.” 12 და უთხრა იმ კაცმა იოაბს: „ათასი შეკელი ვერცხლიც რომ ჩამიდონ ხელში, ხელს მაინც არ აღვმართავ უფლისწულზე, რადგან ჩვენს გასაგონად გიბრძანათ მეფემ შენ, აბიშაის და ითაის: ‘დამიზოგეთ ყმაწვილი, აბესალომი.’ 13 კიდეც რომ გამებედა და ჩამედინა ეს უსამართლობა, არაფერი დაემალებოდა მეფეს, შენ კი განზე გადგებოდი.” 14 და უთხრა იოაბმა: „ტყუილად ვკარგავ დროს შენთან!” და ხელთ იპყრა სამი ისარი და შიგ გულში გაუყარა აბესალომს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი ეკიდა მუხაზე. 15 მერე გარს შემოადგა ათი ჭაბუკი, იოაბის საჭურველთმტვირთველნი, აბესალომს და გაგმირეს. და მოკლეს იგი. 16 და ჩაჰბერა იოაბმა ბუკს და უკან მობრუნდა ისრაელს დადევნებული ხალხი, რადგან შეაკავა იოაბმა ხალხი. 17 და აიღეს აბესალომი და ჩააგდეს ტყეში ერთ დიდ ორმოში და ზედ დიდძალი ქვები დაახვავეს. მერე თავ-თავის კარვებში გაიფანტნენ ისრაელის ძენი. 18 აბესალომს თავის სიცოცხლეშივე ჰქონდა აღმართული ძეგლი მეფის მინდორზე. ამბობდა, შვილი არა მყავს, რომ ჩემი სახელი იხსენიებოდესო, და თავისი სახელი უწოდა ძეგლს, და დღემდე „აბესალომის ძეგლი” ეწოდება მას. 19 და უთხრა იოაბს ახიმაყაცმა, ცადოკის ძემ: „გავიქცევი და ვახარებ მეფეს, რომ დასაჯა უფალმა მისი მტრები.” 20 და უთხრა იოაბმა: “ვერ იქნები დღეს მახარობელი. სხვა დღეს ახარე. დღეს ნუ ახარებ, რადგან მოკვდა უფლისწული.” 21 და უთხრა იოაბმა ერთ ქუშელს: „წადი, მოახსენე მეფეს, რაც დაინახე.” თაყვანისცა ქუშელმა იოაბს და გაიქცა. 22 და კვლავ უთხრა ახიმაყაცმა, ცადოკის ძემ, იოაბს: „რაც უნდა მოხდეს, მაინც გავიქცევი ქუშელთან ერთად.” და უთხრა იოაბმა: „რისთვის უნდა გაიქცე, შვილო? ვერ მიიტან კარგ ამბავს.” 23 „რაც უნდა მოხდეს, მაინც გავიქცევი.” და უთხრა: „გაიქეცი.” და გაიქცა ახიმაყაცი ხეობის გზით და დაასწრო ქუშელს. 24 დავითი ორ კარიბჭეს შორის იჯდა, ხოლო კარიბჭის თავზე, კედელთან, გუშაგი დადიოდა. გაიხედა და ხედავს: „ვიღაც კაცი მორბის მარტო.” 25 და შესძახა გუშაგმა და შეატყობინა მეფეს. და თქვა მეფემ: „თუ მარტოა, მახარობელი იქნება.” თანდათან ახლოვდებოდა კაცი. 26 და დაინახა გუშაგმა, რომ კიდევ მორბის სხვა კაცი და ჩამოსძახა კარისმცველს და უთხრა: „აჰა, კაცი მორბის მარტო.” და თქვა მეფემ: „ესეც მახარობელია.” 27 და თქვა გუშაგმა: „სირბილზე ვატყობ, რომ პირველი კაცი ახიმაყაც ცადოკის ძე უნდა იყოს.” თქვა მეფემ: „კარგი კაცია და კარგი ამბავიც უნდა მოჰქონდეს.” 28 შესძახა ახიმაყაცმა და უთხრა მეფეს: „მშვიდობა!” და მდაბლად თაყვანისცა მეფეს და უთხრა: „კურთხეულია უფალი, ღმერთი შენი, ხელში რომ ჩაგიგდო ხალხი, რომელთაც ხელი აღმართეს მეფე-ბატონზე.” 29 და უთხრა მეფემ: „ხომ მშვიდობით არის ყმაწვილი აბესალომი?” და უთხრა ახიმაყაცმა: „დიდი ჩოჩქოლი შევნიშნე, როცა იოაბი მეფის მსახურს და შენს მსახურს აგზავნიდა, და ვერ მივხვდი, რა იყო.” 30 და თქვა მეფემ: „განზე გადი და იქ დადექი.” განზე გავიდა ისიც და დადგა. 31 ახლა ქუშელი მოვიდა და თქვა ქუშელმა: „სასიხარულო ამბავი მომაქვს მეფე-ბატონისთვის! უფალმა დაგისაჯა დღეს შენი წინააღმდეგნი.” 32 და უთხრა მეფემ ქუშელს: „ხომ მშვიდობით არის ყმაწვილი, აბესალომი?” და უთხრა ქუშელმა: „ისე მეფე-ბატონის მტრები და შენს საბოროტოდ აღმდგარნი იყვნენ, როგორც ის ყმაწვილია!” 33 და შეიძრა მეფე, ავიდა კარიბჭის ზემოთვალში და ატირდა. როცა მიდიოდა, ასე ამბობდა: „შვილო აბესალომ! შვილო, შვილო აბესალომ! ნეტავ შენს მაგივრად მე მოვმკვდარიყავი, აბესალომ, შვილო, შვილო!”

თავი მეჩვიდმეტე                                                                                                                              თავი მეცხრამეტე

COMMENTS